„ფიზიკურად კეზერაშვილი საქართველოში არ არის, მაგრამ ამ პოლიტიკური ინტერესიდან ის არ წასულა“

„ფიზიკურად კეზერაშვილი საქართველოში არ არის, მაგრამ ამ პოლიტიკური ინტერესიდან ის არ წასულა“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა და მოსახლეობას ტელეკომპანიის დახმარება სთხოვა, რადგან მისივე თქმით, დღეს, როგორც არასდროს ტელეკომპანია ახლოს არის მაუწყებლობის შეწყვეტასთან.

ნიკა გვარამია მოსახლეობას ასევე მოუწოდებს, „რუსთავი 2“ -ს გვერდში დაუდგეს და ბრძოლაში მათ გვერდით იდგეს, მათ შორის, სასამართლო პროცესებზეც იაროს. გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ დახურა.

„არ დაგტოვებთ მარტო პირისპირ მატყუარა ხელისუფლებასთან, რომელსაც ქართული დემოკრატიისთვის დღეს განაჩენი გამოაქვს. არ მოგატყუოთ იმან, რასაც ახლა ხედავთ ტელეეთერებში. ის, რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ეს მაუწყებლობა შევწყვიტოთ. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ახლოს ვართ მაუწყებლობის შეწყვეტასთან. გადაკეტილი გვაქვს ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ალტერნატივის შემთხვევაში ვიყენებდით. ხელისუფლებას ვპირდები, რომ ვიდრე „რუსთავი 2“ დაიხურება, დაიხურებით თქვენ“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, ქიბარ ხალვაში იბრძვის არა ქონების დასაბრუნებლად, არამედ ტელეკომპანიის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვარამია ფიქრობს, რომ ხალვაში უარს არ იტყოდა 6 მილიონით „რუსთავი 2“-ის გამდიდრებაზე.

„ამ ნაბიჯით ამ ხელისუფლებამ გამოიტანა სასიკვდილო განაჩენი, საკუთარი ხელით „რუსთავი 2“ დახურა. როგორ მოვიქცევით ჩვენ, ვიმუშავებთ თუ არა უფასოდ, მოვიზიდავთ თუ არა გრანტებს, ჩვენი შემოსავალი გაიზრდება თუ არა, ეს იქნება ჩვენი დამსახურება და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. თუ ხალვაში იგებს და დარწმუნებულია, რომ მისია „რუსთავი 2“, მას დარჩებოდა ეს საკუთრებაში. დადასტურდა ორი რამ - ქიბარ ხალვაში იბრძვის პერსონალურად „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, მის შესაფერხებლად და ქიბარ ხალვაში არის სახელმწიფო და სახელმწიფო დგას მის მხარეს.

ცინიკური და ირონიულია, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა იგივე მოსამართლემ - თამაზ ურთმელიძემ, რომელიც არის ქართული სასამართლო სისტემის სირცხვილი, რომელიც იბრძვის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული მოსამართლეა და მაღალი ალბათობით, ის არის კორუფციაში ჩაბმული და აღებული აქვს თანხა იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები გამოიტანოს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამია ადასტურებს, რომ „რუსთავი 2“-მა 6 მილიონის ინვესტიცია დავით კეზერაშვილის ნათესავისგან, კერძოდ კი ცოლის ძმისგან, დიმიტრი ჩიქოვანისგან მოიზიდა. რადგან, მისივე განცხადებით, სხვა ინვესტორი ვერ დააინტერესეს. კეზერაშვილის ცოლის ძმის მიერ ტელეკომპანიაში 6 მილიონის ინვესტიციის განხორციელებას, პოლიტიკის შემადგენელს უწოდებს ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი, რომლის განცხადებით, ეს არის პოლიტიკური ფული და როცა პოლიტიკური ფული შემოდის ტელევიზიაში, ეს ყველა ვარიანტში აისახება ჟურნალისტის მუშაობაში. როგორც ჩიქოვანი ამბობს, მისთვის გაუგებარია რატომ თანხმდებიან ამას ჟურნალისტები.

„რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური ფული. მანამდეც იყო ასეთი ტენდენცია და პრაქტიკა, როდესაც წინასაარჩევნო პროცესის პარალელურად, ტელევიზიაში იდებოდა თანხები. სამწუხაროა, თუ ეს პროცესი გაგრძელდა. მედიამ უნდა ისწავლოს სარეკლამო შემოსავლებით ცხოვრება და იმოქმედოს იმ ფარგლებში, რის საშუალებას რეკლამით შემოსული თანხები მისცემს. პოლიტიკური ფული ტელევიზიაში არ უნდა იდებოდეს და ამ შემთხევაში, ეს პოლიტკური ინვესტიციაა.

გასაგებია, რაც არ უნდა პროფესიონალი იყო, ტელევიზიას ტექნიკური დახმარება აუცილებლად სჭირდება, რადგან ტექნიკურად თუ არ არის გამართული, არაფერი არ გამოვა, მაგრამ პოლიტიკოსები და პოლიტიკასთან დაკავშირებული ადამიანები თანხებს არ უნდა დებდნენ ტელევიზიაში. არ მგონია ჩიქოვანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოგებაზე ყოფილიყო ორიენტირებული. როცა პოლიტიკური ფული შემოდის, ეს ყველა ვარიანტში აისახება შენს მუშაობაში და ჟურნალისტები რატომ თანხმდებიან ამას, ეს ცოტა გაუგებარია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ ჩიქოვანი.

ექსპეტრი გია ხუხაშვილის განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ ტელევიზიას შემოსავლების პრობლემა აქვს, ბუნებრივია, რომ მან შემოსავლის ლეგალური წყარო უნდა იპოვოს.

„რუთავი 2“, რომ პოლიტიკაა, ეს ფაქტია და ასევე ფაქტია, რომ წინსაარჩევნოდ ეს არხი გარკვეულ პოლიტიკურ ვექტორზე მუშაობს. ფიზიკურად კეზერაშვილი საქართველოში არ არის, მაგრამ ამ პოლიტიკური ინტერესიდან ის არ წასულა. რა თქმა უნდა, მისი ცოლის ძმის მიერ განხორციელებული ინვესტიცია არის პოლიტიკის შემადგეელი ნაწილი და ამას არც „რუსთავი 2“ და არც კეზერაშვილი არ უარყოფენ. ამ ტელევიზიას აქვს მიკერძოებული პოლიტიკური ვექტორი და ამას არც ტელევიზიის ხელმძღვანელები უარყოფენ. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ობიექტური მედია. მედია გაიყო მხარეებად“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე კი სვამს კითხვას, საიდან და რა წყაროებიდან მოიზიდა ჩიქოვანმა აღნიშნული თანხა? მისივე თქმით, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში ტელევიზიები ყოველთვის იყვნენ და არიან პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი, შესაბამისად, ჩიქოვანის მიერ 6 მილიონი დოლარის ინვესტიციაც პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

„კეზერაშვილი იყო ხელისუფლების წარმომადგენელი, მას ჰქონდა ფინანსური რესურსი, მაგრამ მეორე საკითხია რამდენად კანონიერად ჰქონდა მოპოვებული ეს ფინანსური რესურსები. რამდენად ვიცით, კეზერაშვილი ბიზნესით არ იყო დაკავებული მანამ, ვიდრე ხელისუფლებიდან არ წავიდა. იგივე შემიძლია ვთქვა ჩიქოვანზე, რამდენად წარმატებული ბიზნესმენი იყო ის, რომ ჰქონოდა ამხელა ფინანსური რესურსი?

სამწუხაროდ, საქართველოში ტელევიზიები პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი გახდნენ. აყალიბებენ ქვეყანაში საინფორმაციო გარემოს და მათი საქმიანობა სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში პოლიტიკურ კლიმატზე, ამის მკაფიო დადასტურება იყო ის, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ვიდეო კადრები. ასე რომ, ტელევიზიები არიან პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და ამას ვერსად წაუვალთ“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯარიძემ.