იოსებ არჩვაძე: „ანტიდემპინგური კანონის“ მიღება კარგი ცხოვრების ბრალი არ არის, ეს იძულებითი ღონისძიებაა“

იოსებ არჩვაძე: „ანტიდემპინგური კანონის“ მიღება კარგი ცხოვრების ბრალი არ არის, ეს იძულებითი ღონისძიებაა“

ანტიდემპინგური კანონი იანვრამდე შევა ძალაში. ეს კანონი იმისთვისაა საჭირო, რომ უცხოელმა იმპორტიორებმა ხელოვნურად არ დააგდონ თავიანთი პროდუქციის ფასი ქართულ ბაზარზე და ამით ქართული კომპანიების გაკოტრება არ გამოიწვიონ. ერთი მხრივ, აუცილებელია, ჩვენი მწარმოებლები დავიცვათ უცხოური მონოპოლიისგან, მაგრამ, მეორე მხრივ, ამა თუ იმ პროდუქციაზე ფასების კლება, რაოდენ მუხანათურ გეგმებსაც არ უნდა შეიცავდეს უცხოელი იმპორტიორების მხრიდან და, როგორც არ უნდა ემსახურებოდეს ქართველი მწარმოებლების გაკოტრებას, რიგითი მომხმარებლისთვის მაინც სახეიროა. სოციალურად დაუცველ ჩვენს მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ურჩევნია, გაცილებით იაფად მიიღოს პროდუქცია, ვიდრე გაბერილი ფასებით. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, სწორედ ეს არის უცხოელი იმპორტიორების მზაკვრობა, რომ ისინი ფასების დაწევით სპობენ კონკურენტებს და მას შემდეგ, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს ჩამოიცილებენ, ფასებს ისევ მაღლა სწევენ, რადგან ბაზრის კონკრეტულ სეგმენტში მხოლოდ ერთადერთ მოთამაშეებად რჩებიან.

ამიტომ, ქართველი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ანტიდემპინგური კანონი ამ ურთიერთობებს დაარეგულირებს და ჩვენს გლეხს თუ მეწარმეს გაკოტრების საშუალებას არ მისცემს. ამდენად, შესაძლოა, ანტიდემპინგური კანონის მიღების შემდეგ გარკვეული ტიპის პროდუქციაზე იანვრისთვის ფასები კიდევ უფრო გაიზარდოს.

დემპინგური ფასებით მანიპულირების მკაფიო მაგალითი საქართველოში ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაფიქსირდა, როცა ჩვენს ბაზარზე თურქული და ირანული საქონელი დემპინგურ ფასად შემოდიოდა. ამის გამო ქართველმა გლეხმა პროდუქციის მოყვანის სურვილი დაკარგა და ჩვენმა აგრარულმა სექტორმაც დიდი ზარალი განიცადა. მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მწარმოებლები ჩამოიცილეს, უცხოელმა იმპორტიორებმა საკუთარ პროდუქციაზე ფასს მოუმატეს და ნაწარმის გაყიდვა იმ ფასად დაიწყეს, რა ფასადაც ადგილობრივი მწარმოებელიც გაყიდდა.

ანტიდემპინგური კანონის დადებით და უარყოფით მხარეებზე For.ge-ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძე ესაუბრა.

იმპორტიორებს ანტიდემპინგური კანონის მიღება სულაც არ აწყობთ, რადგან, როგორც წესი, მათ განვითარებად ქვეყნებში მაღალი ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქცია შეაქვთ და ადვილად ახერხებენ ადგილობრივი პროდუქციის ჩაძირვას დემპინგური, ანუ განზრახ შემცირებული ფასების მეშვეობით. აუცილებელია ამ კანონის მიღება საქართველოში?

- ანტიდემპინგური კანონის მიღება და გარკვეული წესებისადმი დაქვემდებარება, ანუ რეგლამენტირება აუცილებელია და სახელმწიფო ამ ზომას მიმართავს იმ დროს, როდესაც ცდილობს გარკვეული წესები გაატაროს ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფთან, მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან ან ექსპორტიორებთან მიმართებით. ეს კანონი კონკრეტული ბიზნესჯგუფის ინტერესების გამომხატველია. მეორე მხრივ, ეს ნიშნავს იმასაც, რომ თავისუფალი საბაზრო კონკურენციის პირობებში ამა თუ იმ ბიზნესის წარმოება ან წარმოებათა ჯგუფი, სეგმენტი არაკონკურენტუნარიანია სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზთა გამო და სახელმწიფო იძულებული ხდება დირიჟორის ფუნქცია შეითავსოს და „მუსიკოსს“ ურჩიოს, შეანელოს ტემპი ან ააჩქაროს. „ანტიდემპინგური კანონის“ მიღება კარგი ცხოვრების ბრალი არ არის, ეს იძულებითი ღონისძიებაა.

მოსახლეობის სურვილია, ხელმისაწვდომ ფასად მიიღოს პროდუქცია, რასაც ანტიდემპინგური კანონი გამორიცხავს და შემოტანილ პროდუქციაზე მაღალ ფასებს აწესებს. ამ კონტექსტით, რამდენად აზარალებს ანტიდემპინგური კანონის მიღება მომხმარებელს?

- ერთჯერად აქტად თუ განვიხილავთ ყიდვა-გაყიდვის ფაქტს, მაშინ, რა თქმა უნდა, სჯობს, მომხმარებელმა იაფად იყიდოს პროდუქცია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ წარმოება ეს არის კვლავწარმოებითი, განმეორებადი პროცესი და ჩვენ მარტო ერთჯერადი აქციით არ გვინდა მომხმარებლის ინტერესის დაკმაყოფილება, მაშინ განსხვავებულ სურათს მივიღებთ. ჩვენი სურვილია, კონკრეტულმა მომხმარებელმა დამატებითი შემოსავლის მიღება შეძლოს, ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ამ სამუშაო ადგილიდან მიღებული შემოსავლით მომხმარებელი მაღალგადახდისუნარიანი იყოს. ჩვენს სტრატეგიად რომ ავიღოთ დაბალი ფასები, ეს არის გზა ჩიხისაკენ, რომლისგანაც გამოსასვლელი არ არის. ამიტომ სჯობს, გვქონდეს მაღალი ფასები, მაგრამ მოსახლეობას ჰქონდეს კიდევ უფრო მაღალი შემოსავლები, რომ თავისი მაღალი შემოსავლით ვერ იგრძნოს ბაზარზე არსებული მაღალი ფასები.

იმ შემთხვევაში, როდესაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირებულია, რამდენად გონივრულია ანტიდემპინგური კანონის ამოქმდება? სადმე თუ არის ამის პრეცედენტი, როცა ასეთი თანაფარდობაა მოსახლეობის სიღარიბესა და ანტიდემპინგურ ფასებს შორის?

- თუ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დაეჯერება, მთლიანობაში, მოსახლეობის შემოსავლები არ შემცირებულა, რადგან ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმავე პერიოდში მოსახლეობის ფულადი შემოსავლების ზრდა. მეორე საკითხია, რამდენად სამართლიანად და რამდენად თანაბრად არის გადანაწილებული დოვლათი მოსახლეობის ჯგუფზე?! ხომ არ მოხდა, რომ ამ ინფლაციისა და ლარის დევალვაციის პირობებში ცალკეულმა სოციალურმა ჯგუფებმა იზარალეს, ხოლო მცირე ჯგუფები უფრო მოგებული დარჩნენ?! ეს არ არის რიტორიკული კითხვა, ეს არის კითხვა, რომელიც პასუხს ელის ხელისუფლებისაგანაც და სხვა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისგანაც.

დასავლეთში თავიდანვე თავისუფალი საბაზრო პრინციპების ფაქტები გამოვლინდა. იქ იყო ბრძოლა იმისთვის, რომ რომელიმე ბიზნესჯგუფს არ მოეხდინა ბაზრის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მონოპოლიზაცია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს მიიღეს მსგავსი კანონმდებლობა, რომელიც კრძალავდა მსხვილი მონოპოლიების შექმნას.

ამერიკაში ანტიდემპინგურის მსგავსი კანონი 1889 წელს მიიღეს, იმ პერიოდში ამერიკელები იბრძოდნენ დემპინგის წინააღმდეგ, რადგან მას სახიფათო მოვლენად თვლიდნენ. საქართველოში რამდენად ხშირია დემპინგური ფასებით მანიპულირების მცდელობა? თუ შეგინიშნავთ, როცა კომპანიები ფასების დაგდების შემდეგ ერთმანეთის ჩაძირვაზე მუშაობენ? ადრე ერგნეთის ბაზრიდან შემოჰქონდათ თამბაქო და შედარებით დაბალ ფასად ყიდდნენ, მაგრამ ამით არ ხეირობდა საქართველოს ბიუჯეტი.

- იცით, რაშია საქმე? გავიხსენოთ, საქართველოში რა პერიოდში დაიწყო თავისუფალი ეკონომიკის განვითარება და საბაზრო ურთიერთობები. 90-იანი წლების დასაწყისში იმპორტიორებს თითქმის მოცარიელებული შიდა ბაზარი დახვდათ. ადგილობრივი მწარმოებელი, ფაქტობრივად, არ იყო. ადგილობრივი „წარმოების“ იარაღი იყო (შავი იუმორისთვის), კალაშნიკოვის ავტომატი, რეკეტი და სხვა. ამიტომ, ფაქტობრივად, იმპორტიორებმა იმ პერიოდში გადაარჩინეს საქართველოს მოსახლეობა შიმშილსა და უბედურებას.

მაგრამ, დაახლოებით იმავე პერიოდში ფიქსირდებოდა, რომ კონკრეტული იმპორტიორი ერთი და ორი წლის განმავლობაში განზრახ წაგებითაც მუშაობდა, კონკურენტს სპობდა, თვითონ რჩებოდა ბაზარზე და მოგვიანებით მეტი ამონაგები მიჰქონდა. ესეც ხომ რეალობა იყო?

- ეს უკვე ცოტა მოგვიანებით იყო. ეს სადღაც 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. ერთ-ერთ დიდ ეკონომისტს აქვს ნათქვამი, ზოგიერთი ოპერის ანტრეპრენიორი სხვა კონკურეტული ოპერის მომღერალს ქირაობს არა იმისთვის, რომ ამღეროს თავის ოპერაში, არამედ გააჩუმოს იქ და კონკურენტი აღარ ჰყავდეს. აი, „მარტინ ბაუერის“ მაგალითი, რომელმაც კონკურენცია მოსპო ჩვენს ქვეყანაში.

ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ანტიდემპინგური კანონის მიღებით ჩვენს ბაზარზე არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება. ხომ არ იქნება ეს კანონი კანონისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ თურმე დემპინგური ფასების წინააღმდეგ ვიბრძვით?
- რაღაც სეგმენტში ვიღაც შეეცდება დემპინგური ფასების ჩამოტანას, მაგრამ, ზოგადად, საქართველოში ფასების დონე დაახლოებით 48-50%-ზე ცოტა მეტია საშუალო მსოფლიო დონესთან შედარებით. ამიტომ, სახელმწიფო შიდა ბაზარზე რომ პროდუქცია დემპინგური იყოს, წარმოიდგინეთ, რამხელა ფასდაკლებით (ანუ მსოფლიო საშუალო ბაზრის ფასთან შედარებით ნაკლებად) შემოიტანდნენ პროდუქციას. ამიტომ ეს ფაქტები განაპირობებს, რომ ჩვენთან ფასები შედარებით მაღალია, მაგრამ, დემპინგური ფასებით მანიპულირების თეორიული შანსი რადგან არსებობს, ანტიდემპინგური კანონის მიღება ნამდვილად არ შეუშლიდა ხელს ჩვენს ბაზარს.