კეზერაშვილის მხრიდან, ფიქტიური გარიგებებით, „რუსთავი 2“-ის ვალებით დატვირთვის სქემა ჩაიშალა

კეზერაშვილის მხრიდან, ფიქტიური გარიგებებით, „რუსთავი 2“-ის ვალებით დატვირთვის სქემა ჩაიშალა

როგორც ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგეგმებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი „ტელეკომპანია საქართველოს“ გასხვისება. ადვოკატის ინფორმაციით, საჯარო რეესტრში წარდგენილი ხელშეკრულების თანახმად, ძმები ყარამანიშვილები გეგმავდნენ „ტელეკომპანია საქართველოში“, რომელიც არანაირ საქმიანობას არ ეწევა, მათი 100 %-იანი წილების დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანზე გადაცემას. როგორც კი ცნობილი გახდა მოსალოდნელი ფაქტიური გარიგების დადების თაობაზე, ქიბარ ხალვაშის ადვოკატების მიერ მოთხოვნილ იქნა „ტელეკომპანია საქართველოს“ წილების გასხვისების აკრძალვა და თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი ეს მოთხოვნა დააკამაყოფილა. ამ ეტაპზე არიდებულ იქნა „რუსთავი 2“-ისთვის ფიქტიური გარიგებით, რამდენიმე მილიონიანი ფინანსური ვალდებულების დაკისრების საფრთხე.

როგორც ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ For.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ყარამანიშვილების მიერ დიმიტრი ჩიქოვანზე წილების გადაცემა შემდეგ მიზნებს ისახავდა -ტელეკომპანიის გარკვეული ვალდებულებებით დატვირთვას და ქიბარ ხალვაშისთვის პრობლემების შექმნას. „ჩვენი აზრით წილების გადაცემა ისახავდა ორ მიზანს-ერთი, რომ „კეთილსინდისიერმა შემძენმა“ შეიძინა „ტელეკომპანია საქართველოს“ წილები. მეორე და ჩვენი აზრით უმთავრესი - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის დიმიტრი ჩიქოვანს, იგივე დავით კეზერშვილს უნდა განეხორციელებინა 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია. მიგვაჩნია, რომ ეს გარიგება გამიზნული იყო იმისთვის, რომ გარკვეული ვალდებულებებით მომხდარიყო ტელეკომპანია „ რუსთავი 2“-ის დატვირთვა და იმ შემთხვევაში, თუ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდებოდა კუთვნილი წილები, მომხდარიყო ტელეკომპანიისთვის ამ თანხების დაბრუნების მოთხოვნა და ქიბარ ხალვაშისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა“,-აღნიშნა ადვოკატმა და განმარტა, რომ ყარამანიშვილების მიერ რეესტრში შეტანილი განცხადების დრო გახლდათ 29 სექტემბერი, 17.55 წუთი ანუ ისინი ვარაუდობდნენ, რომ იმ დღესვე, ანუ საღამომდე დარეგისტრირებულიყო და ამ რეგისტრაციის შეჩერების არანაირი მექანიზმი არ ამოქმედებულიყო.

„თუმცა, საბედნიეროდ, საჯარო რეესტრმა დააფიქსირა რომ მინდობილობაში გახლდათ გარკვეული ხარვეზი. მათ ეს მეორე დღესვე გამოასწორეს, მაგრამ ჩვენ მივმართეთ საქალაქო სასამართლოს და დაუყოვნებლივ მოვითხოვეთ ყადაღის დადება. სასამართლომ ეს დააკმაყოფილა და შემდგომ, ჩვენ უკვე წარვადგინეთ სასამართლო განჩინება რეესტრში და რეესტრმა უკვე დაარეგისტრირა ჩვენი ყადაღა“,-აღნიშნა სალიამ.

რაც შეეხება რუსთავი 2-ის ფიქტიური ვალდებულებებით დატვირთვას, ადვოკატი განმარტავს, რომ მოხდებოდა საბუღალტრო მონაცემებით მანიპულირება დ შემდეგ ქიბარ ხალვაშისთვის მოხდებოდა არარსებული თანხების უკან მოთხოვნა. „ხელშეკრულებში წერია, რომ 6 მილიონი უნდა მიეღო „რუსთავი 2“-ს. რა გზით უნდა მიეღო, ამაზე ძალიან რთულია საუბარი. ვფიქრობთ, მოხდებოდა საბუღალტრო მონაცემების მანიპულირება, სადაც აისახებოდა ეს ვალი და შემდგომ უკვე ბუღალტრული მონაცემებიდან და ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა მიეღო. არაერთი ასეთი გარიგება არსებობს, სადაც რეალური ფულის მოძრაობა არ ჩანს. ყველა ეს გარიგება, რომელიც ქიბარ ხალვაშის შემდეგ ხორციელდება, არცერთ შემთხვევაში რეალურად თანხის გადაცემა არ დასტურდება და ყველგან წერია, რომ თანხა მიღებულია. შესაბამისად, მსგავსი რამ აქაც მოხდებოდა. ალბათ მოხდებოდა ამ თანხების მიღების აღიარება დოკუმენტებში და არარსებული თანხის უკან გადაცემის მოთხოვნით“,-განაცხადა პაატა სალიამ.