პოლიციის უფროსი ლეიტენატი, გიორგი ბაბუნაშვილი ყვება, რომ საიდუმლო დოკუმენტები ე.წ. „ნარუშილოვკა“ სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ნათესავებს დაურიგეს. თუმცა, როდის და ვის მიერ მოხდა ე.წ. ნარუშილოვკების დარიგება, ბაბუნაშვილი ვერ იხსენებს. მეტიც, ლეიტენატ ბაბუნაშვილს არც ის ახსოვს, ვისი ხელმოწერა იყო დაფიქსირებული სპეცსაშვზე. არადა წესით, პატრულის თანამშრომელმა უნდა იცოდეს რას უნდა მიაქციოს ყურადღება და რა დეტალია მნიშვნელოვანი.
ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელიც ასევე აღმოჩნდა ბაბუნაშვილის ინტერესის საგანი, for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ თუკი ბაბუნაშვილმა იცოდა, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ნათესავებს დაურიგეს ე.წ. სპეცსაშვები და ამ დანაშაულის შესახებ საქმის კურსში იყო ბაბუნაშვილი, მაგრამ მან დამალა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
აპირებს თუ არა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სამართლებლივ დავას და რა მიზანი ჰქონდა გიორგი ბაბუნაშვილს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ირმა ჭკადუას ესაუბრა.
ე.წ. „ნარუშილოვკები“ გამოიყენებოდა წინა ხელისუფლების დროს და ამას აქტიურად იყენებდნენ მაღალჩინოსნების ოჯახის წვრები და მათი მეგობრები. მაგრამ საინტერესოა, საკითხის ამ ჭრილში გააქტიურება, როგორც ეს დღეს ხდება, რას ემსახურება?
ირმა ჭკადუა: მიზანი არის ნათელია - აი, თურმე, როგორი დემორალიზებული და ჩამონგრეულია სისტემა. ეს არის მიზანმიმართული კამპანია იმ ჯგუფის მიერ, რომელიც ამის უკან დგას. თუკი გარკვეულ ადამიანებს ე.წ. სპეცსაშვები უკანონოდ აქვთ მინიჭებული, უნდა დადგეს იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც გასცა და ეს პასუხისმგებლობა უნდა დამდგარიყო ადრეც.
იმ ადამიანების ბრალეულობა, რომლებიც ამ ბარათებით სარგებლობენ, გაცილებით ნაკლებია. მეტი პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს მართებთ, რომელთა პასუხისმგებლობაა ამ ბარათების დარიგება. არ მგონია, რომ რომელიმე მინისტრს ჯიბეში ედო ეს ბარათები და საჩუქრებად ურიგებდა ადამიანებს.
მაგრამ ეს არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის დარიგებას თავისი პროცედურები სჭირდება და თავისთავად ჩნდება კითხვა, რატომ საგრებლობენ ამ დოკუმენტით ის ადამიანები, რომლებსაც წესით არ ეკუთვნით?
- გეთანხმებით, რომ მკაცრად რეგულირებული საკითხია, მაგრამ არ მგონია, რომ რომელიმე მინისტრი ასე ხელმომარჯვებული არიგებდა ამ ბარათებს.
როგორ ფიქრობთ, მიზანმიმართულად მოქმედებდა პატრულის თანამშრომელი, რომელმაც ეს ჩანაწერი გაავრცელა? რადგან ვნახეთ, რომ მისი ინტერესის საგანი იყო გახმაურებული საქმეების ადვოკატები, პროკურორები და მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები...
- ეს იყო კარგად დადგმული და ორგანიზებული სცენარი. ბატონი ბაბუნაშვილიც წინა ხელისუფლების პროექტი იყო. ძალიან სამწუხაროა და დიახაც, ამ ხელისუფლების დანაშაულია ის, რომ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ დანაშაულებრივ კავშირში იყვნენ წინა ხელისუფლებასთან, ასრულებდნენ დანაშაულებრივ დაკვეთებს, ჩადიოდნენ დანაშაულს, ამ ხელისუფლებამ შეისრუტა და ძალიან მნიშვნელოვან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნა ისინი. ამიტომ აქვს სამოქალაქო საზოგადოებას პრეტენზიები არსებულ ხელისუფლებასთან, რომ ისინი კოჰაბიტაციაში შევიდნენ დამნაშავე რეჟიმთან.
ნაცვლად იმისა, რომ გაესაჯარებინა ხელისუფლებას ის კადრები, რომელიც კასრებით იყო დამალული და მთელს მსოფლიოს ენახა რას წარმოადგენდა წინა ხელისუფლება, რას ნიშნავდა სისტემური დანაშაული, ეს ჩანაწერები გაანადგურეს. დღეს ისევ ბედავენ ეს პატრულები მსგავსი ტიპის ჩანაწერების გაკეთებას და გამოქვეყნებას. ყველამ კარგად იცის, რომ პატრული როდესაც მოდის მოქალაქესთან, წარუდგენს საკუთარ ვინაობას, ჩინს და აფრთხილებს, რომ მიმდინარეობს ვიდეოგადაღება.
თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა, გაგეცნოთ პატრულის თანამშრომელი და გაგაფრთხილათ, რომ მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება? კადრებში ეს დეტალები არ ჩანს...
- არა. რაციაში ისმის ვიღაცის ხმა, რომ მე ვარ ერთ-ერთი ადვოკატი. ბაბუნაშვილმა ძალიან კარგად იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, რადგან მას ჰქონდა დავალება. თუკი კანონდამრღვევი ვიყავი, უნდა ემოქმედა. სვანი ვარ თუ მეგრელი, ეს არ არის პატრულის საქმე. პირველივე წუთიდან ვიგრძენი არაჯანსაღი დამოკიდებულება, რადგან პეკინისა და პავლოვის კვეთიდან ტელევიზიამდე სამჯერ გამაჩერა ამ ეკიპაჟმა. უბრალოდ, ვერ ვიფიქრებდი, რომ მიზანმიმართულად მაჩერებდნენ. პატრულის სამ ეკიპაჟს ამოეწურა ალკოტესტი და წარმოგიდგენიათ რამდენი ალკოტესტი მოიტანეს იმისთვის, რომ ჩამებერა?
ალბათ, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ პატრულის თანამშრომლებს ვიღაც პირადი მიზნებისთვის იყენებს. გამოძიების საგანი უნდა გახდეს თუ არა პატრულის თანამშრომლის პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
- რასაკვირველია. ძალიან მაინტერესებს როგორ ხდება და რა მექანიზმი არსებობს იმისა, რომ პატრული ინსპექტორი, რომელიც 24-საათიანი მორიგეობის შემდეგ აბარებს მორიგეობას, როგორ აბარებს ამ ვიდეოფირებს? - ყველა პატრულს შეუძლია პირადი ინფორმაციის შემცველი ვიდეო-მასალა გამოიტანოს და გაასაჯაროვოს? ამავდროულად, პრეტენზია მაქვს „რუსთავი 2“-თან და ყველა იმ ადამიანთან, რომლებმაც ჩემთთან მიმართებაში ეს კადრები გაუშვეს ისე, რომ არ დაფარეს სახე. მათ ჩემი პირადი ინფორმაცია გაასაჯაროვეს ისე, რომ ჩემთან არ იყო შეთანხმებული. ეს არის სასამართლოში დავის საგანი.
აპირებთ სასამართლო დავის დაწყებას „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ?
- აუცილებლად გავივლი კონსულტაციებს, იმიტომ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებები. ფაქტი სახეზეა, რომ ჩემი ნებართვის გარეშე მოხდა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება, რაც დანაშაულია, მით უფრო ისე, რომ სახე არ იყო დაფარული.
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, 2009 წლის საიდუმლო ბრძანების საფუძველზე გაცემული სპეციალური საშვები ძალადადკარგულად გამოცხადდა, მეტიც საქმეზე დაწყებულია გამოძიება და სუს-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაისჯება ყველა, ეს მისი მოადგილე იქნება თუ ნებისმიერი სხვა. მაგრამ პოლიტიკური ოპონენტები ითხოვენ, რომ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდეს ლევან იზიორიას, რადგან კადრებში ასევე ჩანს მისი ძმა...
- მე არ მინახავს ეს სპეცსაშვი. ბატონმა ბაბუნაშვილმა განაცხადა, რომ ეს სპეცსაშვი არსებობდა, თუმცა მას არ ახსოვს ვინ იყო ხელმომწერი. არ ვიცი, რეალურად არსებობდა ეს სპეცსაშვი და ხომ არ იყო იგივე, რაც სხვა პროკურორ მეზვრიშვილის შემთვევაში მოხდა, რომელმაც არა თუ სპეცსაშვი, არამედ დაბურვის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინა, რის გამოც მოხდა ქალბატონი მეზვრიშვილის გაჩერება.
დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ გვახსოვს ბატონი ხვედელიძის ფაქტი, ის დაისაჯა გარკვეული გადაცდომების გამო. სახელმწიფომ მას ხელი არ დააფარა. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიებას. არ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ყველაფერი რაც ბაბუნაშვილმა განაცახადა მართალია, ან ტყუილია. ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. დიახ, გამოძიებამ უნდა დაადგიონს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ლევან იზორიას ძმას სპეცსაშვი. არ მჯერა ბაბუნაშვილის, იმიტომ, რომ მას რაღაცა ახსოვს, რაღაცა არა.
ბაბუნაშვილი გამოყენებული იქნა. როდესაც ბაბუნაშვილი საფრთხეებზე საუბრობს, არ გამოვრცხავ, რომ ეს საფრთხეები დაემუქროს ისევ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ის გამოიყენეს, რადგან უკვე, ის არავის არ სჭირდება. მიზანმიმართულად მოხდა მისი გამოყენება, რომ მომხდარიყო სახელმწიფოს ყველაზე დიდი ინსტიტუტის დემორალიზაცია, რომელსაც შსს ჰქვია და რომელზეც სახელმწიფო დგას.
ანუ, შეიძლება ითქვას, რომ იკვეთება საბოტაჟის ნიშნები?
- რა თქმა უნდა, არსებობს პირდაპირი და შეპარული საბოტაჟნიკები ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში და ჩვენ ვხედავთ ამას. ეს ადამიანები ძალიან კარგად ახდენენ თვითლუსტრაციას. ადამიანებს, რომლებსაც ხელეწიფებათ ამ ადამიანების სამსახურიდან დათხოვნა, მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინონ, თუმცა მიმაჩნია, რომ უკვე დაგვიანებულია, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც ეს დამნაშავეები მათი ხელისუფლების თანამონაწილეებად აქცია.
სამართლიანობისთვის ალბათ, უნდა ითქვას, რომ ვინაიდან წინა ხელისუფლების დროს სარგებლობდნენ ამ ე.წ. სპეციალური საშვებით, ეს არ ნიშნავს, რომ დღესაც იგივე მოხდეს.
- აბსოლუტურად გეთანხმებით. მე ვთქვი და ვიმეორებ თქვენთანაც, რომ შემიძლია, ჩამოგითვალოთ სახელი და გვარები იმ მომღერლების, სოდ-ის მაღალჩინოსნების მეგობრების, მდივნების, თანაშემწეების, ქალბატონ ლელა კილაძის მეგობრების, ქალბატონ თაკო სალაყაიას მეგობრების, რომლებსაც ნამდვილად ჰქონდათ ეს „ნარუშილოვკები“. ჩემი მეგობრებია მათ შორის რამდენიმე, რომლებიც დღეს წუხან, რომ კარგი იყო, როცა ეს ქონდათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის, რაც ცუდი იყო, ამ ხელისუფლებამაც გააგრძელოს.