ე.წ. „ნარუშილოვკების“ სკანდალური დასასრული - მღებრიშვილმა 2009 წლის საიდუმლო ბრძანება გააუქმა

ე.წ. „ნარუშილოვკების“ სკანდალური დასასრული - მღებრიშვილმა 2009 წლის საიდუმლო ბრძანება გააუქმა

გიორგი მღებრიშვილის ბრძანების საფუძველზე 2009 წლის საიდუმლო ბრძანების საფუძველზე გაცემული სპეციალური საშვები ე.წ. ნარუშილოვკები ძალადადკარგულად გამოცხადდა. შს მინისტრის ბრძანებით, აღნიშნული საშვები მფლობელებს ჩამოერთმევათ და განადგურდება.

„მინისტრის ახალი, სრულიად საიდუმლო ბრძანება რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მოაწესრიგებს როგორც საშვების გაცემის, ისე მათი გამოყენების, საჭიროების შემთხვევაში კონტროლისა და მათი ჩამორთმევის წესს. გამკაცრდება რეგულაციები და ჩამოყალიბდება ეფექტური მონიტირონგის ქმედითი სისტემა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ე.წ. ნარუშილოვკები, იგივე სპეციალური საშვები შსს-ს 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანების საფუძველზე გაიცემა. შს მინიტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მისი გაცემის წესი ბუნდოვანი იყო. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ვიდეოინტერვიუ, სადაც პოლიციის უფროსი ლეიტენანტი გიორგი ბაბუნაშვილი ყვება, რომ საიდუმლო დოკუმენტები ე.წ. „ნარუშილოვკა“ სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ნათესავებს დაურიგეს, მოკვლევა დაიწყო შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ. პარალელურად, გამოძიება დაიწყო მთავარმა პროკურატურამ. საქმე აღძრულია 332-ე მუხლით რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ე.წ. „ნარუშილოვკების“ სკანდალზე, შსს-ს რეაგირება დროული და ადეკვატურია.

„როგორც ჩანს, მინისტრმა შეისწავლა ეს საკითხი და ე.წ. სპეცსაშვების გაუქმებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. ასეთ მნიშვნელოვან თემაზე შსს-ს დროული და ეფექტური რეაგირება, პირველ რიგში, სისტემური და შემდგომ პერსონალური თვალსაზრისით, საზოგადოების ნდობის თვალსაზრისით, გადამწყვეტია ამ ინსტიტუტის მიმართ. ვინაიდან ეს სამინისტრო უზრუნველყოფს რა საზოგადოების უსაფრთხოებას, სწორედ დროული და ადეკვატური რეაგირება უნდა იყოს მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება, ვინაიდან, მხოლოდ ასე იქნება საზოგადოება და სახელმწიფო მოგებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედვას სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველ ასეთ ინციდენტზე გამოძიება ჩატარდეს დროულად და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

„დაწყებულია გამოძიება. ჩვენ მივადევნებთ თვალყურს რამდენად ეფექტურად ჩატარდება გამოძიება. გამოძიებას უნდა მივცეთ შესაბამისი დრო. მით უმეტეს, რომ შსს-ს მხრიდან გაკეთდა განცხდება, რომ დაინტერესებული არიან საქმის გამოძიებით“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას უჩა ნანუაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლებას ზუსტად ათჯერ მეტი ე.წ. „ნარუშილოვკა“ ჰქონდა გაცემული, რომელთა აღრიცხვაც არ ხდებოდა. სესიაშვილის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტის აღურიცხველობის მიზეზი იყო სწორედ ის, რომ მათ წინა ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების ოჯახის წევრები იყენებდნენ.

„წინა ხელისუფლებას ზუსტად ათჯერ მეტი „ნარუშილოვკა“ ჰქონდა გაცემული. ეს, რა თქმა უნდა, არ ამართლებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც ხდება ამ დოკუმენტის რიგ შემთხვევებში, შესაძლო არამიზნობრივად გამოყენება, მაგრამ ფაქტია, რომ არა მხოლოდ ათჯერ მეტად იყო ის გამოყენებული, არამედ მისი აღრიცხვა საერთოდ არ ხორციელდებოდა ზუსტად იმ მიზნით, რომ ამით ესარგებლათ ჩემი დღევანდელი კოლეგებისა და მაშინდელი სახელმწიფო თანამდებობის პირების ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს და ასე შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

ე.წ. „ნარუშილოვკების“ სკანდალში ფიგურირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ლევან იზორიას ძმა. შესაბამისად, ლევან იზორია თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს „თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილ, რომლის განცხადებით, იზორიამ თანამდებობა ე.წ. „ნარუშილოვკის“ მის ძმაზე გაცემის გამო უნდა დატოვოს.

„ლევან იზორიას მორალურადაც არ აქვს უფლება თანამდებობაზე დარჩეს. არც ერთია მუშნი ზარანდია და არც მეორე დათა თუთაშხია, რომ იარონ ასე წყნარად და მშვიდად და ველოდოთ გამოძიებას. მას ეს გადაწყვტილება უკვე მიღებული უნდა ჰქონდეს. ე.წ. „ნარუშილოვკის“ სკანდალმა თვალნათლივ აჩვენა, რომ შსს-ში სისტემური პრობლემებია“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტან გომელაურის განცხადებით, თუ ვინმემ კანონი დაარღვია, ის აუცილებლად უმკაცრესად დაისჯება.

„მიმდინარეობს გამოძიება, მოკვლევა დაიწყო ასევე შს სამინისტროს გენინსპექციამ და დაველოდოთ შედეგებს. კანონი თუ დაარღვიეს, რა თქმა უნდა, დაისჯება ყველა, ეს ჩემი მოადგილე იქნება თუ ვიმე სხვა“, - აცხადებს ვახტანგ გომელაური.

ე.წ. „ნარუშილოვკების“ სკანდალზე განმარტებას აკეთებს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი, რომლის განცხადებით, მას არასდროს უსარგებლია სპეცსაშვებით და იმ კადრებშიც, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -მა გაავრცელა, არ ჩანს, რა საბუთი წარუდგინა მან საპატრულო პოლიციას. მეზვრიშვილის განცხადებით, ის სამსახურის კუთვნილი ავტომანქანით სარგებლობს, რომელსაც მინების დამუქების სპეციალური ნებართვა აქვს, პატრულმაც სწორედ მინების დამუქების გამო გააჩერა და მანაც სწორედ დამუქების ნებართვა წარუდგინა.

„მიუხედავად იმისა, რომ კადრებიდან ფაქტიურად არაფერი ჩანდა, ორი დღის მანძილზე ეს თემა მოინათლა როგორც პროკურატურის თანამდებობის პირის მიერ „უკანონო პრივილეგიის გამოყენება“, რაც არ არის სიმართლე. იმის გათვალისწინებით, რომ ორი დღის მანძილზე ჩემი სახელი და გვარი ტრიალებდა მეტად არასასურველ კონტექსტში, ეთერში გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიზანმიმართულად არასწორად გაშვებამ გამოიწვია ჩემი პირადი და საქმიანი რეპუტაციის შელახვა, სათანადო სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, ალბათ, მივიღებ გადაწყვეტილებას სამართლებრივი გზებით რეპუტაციის აღდგენის შესახებ“, - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.