ჯანდაცვის სამინისტრო „სააფთიაქო ნარკომანიასთან“ ბრძოლის ახალ ეტეპზე გადადის

ჯანდაცვის სამინისტრო „სააფთიაქო ნარკომანიასთან“ ბრძოლის ახალ ეტეპზე გადადის

„სააფთიაქო ნარკომანიას“ ჯანდაცვის სამინისტრო, გარდა ინტენსიური შემოწმებისა, საკანონმდებლო ცვლილებითაც შეებრძოლება. უახლოეს მომავალში კანონდამრღვევი აფთიაქები ვეღარ შეძლებენ ხელახალი ნებართვის ადვილად მოპოვებას და საქმიანობის გაგრძელებას.

ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ფარმაცევტულ დაწესებულებებში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინეს. ფარმაცევტული დაწესებულებების შემოწმების შედეგად, სამართალდარღვევის 281 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან - 82 მათგანი პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას უკავშირდება, 76 სამართალდარღვევის ფაქტი კი თბილისში მდებარე დაწესებულებებში გამოვლინდა. ავტორიზებული აფთიაქის მიერ ნებართვის გარეშე უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 3 ფაქტზე საქმისწარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანისთანავე დაიწყება.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ 2014 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებული, ერთობლივი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, კუსტარული ნარკოტიკების - ე.წ. „კრაკადილის“, „ვინტის“ და „ჯეფის“ მოხმარება დაახლოებით 99%-ით შემცირდა, ხოლო ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება, დაახლოებით, 90%-ით არის შემცირებული.

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სისტემატურად ადევნებს თვალს ქვეყანაში წამალდამოკიდებულთა რიცხვის მატება-კლებისა თუ ნარკოპოლიტიკის ცვლილების მიმართულებით მიმდინარე მოვლენებს. მისი აზრით, ბოლო დროს „სააფთიაქო ნარკომანიამ“ ე.წ. ბრენდული აფთიაქებიდან შავ ბაზარზე გადაინაცვლა. გარდა ამისა, დღეს აფთიაქებში კვლავაც ხელმისაწვდომია გამაპენტინის ჯგუფის პრეპარატები, მიორელაქსანტები და საძილე საშუალებები.

რაც შეეხება კოდეინის შემცველ პრეპარატებს და ვინტის დასამზადებელ პრეპარატებს, ამ ბოლო პერიოდში თითქმის არ გვხვდება, თუმცა სააფთიაქო პრეპარატები უხვადაა ბაზარზე. შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში წელს ნამდვილი ბუმი იყო ამგვარი პრეპარატების მოხმარებისა ახალგაზრდებში. თბილისშიც ძალიან დიდი რაოდენობაა ადამიანებისა, რომლებიც მოიხმარენ სააფთიაქო პრეპარატებს, რომლებიც სიაშია და რეალურად რეცეპტით უნდა იყიდებოდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან გავრცელებულია, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ზურაბ სიხარულიძემ.

ამიტომაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულია ცვლილებები კანონში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“. იგი ეხება სამართალდამრღვევი აფთიაქების რაოდენობის შემცირებას. როგორც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დავით მაჭარაშვილი განმარტავს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მსგავსი ტიპის აფთიაქებმა ვეღარ შეძლონ ხელახალი ნებართვის ადვილად მოპოვება.

ამჟამად კი ყველაფერი სხვაგვარადაა. დღეს არსებული კანონით, სამართალდამრღვევი აფთიაქი პირველ ჯერზე ჯარიმდება 6000 ლარით, მეორე შემთხვევაში - 12000 ლარით, მესამე სამართალდარღვევას კი აფთიაქის გაუქმება მოსდევს. მიუხედავად ამისა, მოქმედი კანონმდებლობა აფთიაქის მეპატრონეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ კანონი დაარღვია, საშუალებას აძლევს ხელახლა დარეგისტრირდეს ამჯერად უკვე ახალი სახელით. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ მსგავსი ფაქტების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. ეს ცვლილება ამ ეტაპზე მხოლოდ ფსიქოტროპულ აფთიაქებს ეხება.

„მათ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ძალიან მარტივად შეუძლიათ ხელახლა მოიპოვონ იგივე ნებართვა და გააგრძელონ უკანონო საქმიანობა. საკანონმდებლო ცვლილება კი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ აღვკვეთოთ სამართალდამრღვევი პირებისთვის ფარმაცევტულ საქმიანობაზე ნებართვის გაცემა“, - აცხადებს მაჭარაშვილი.