ტექდათვალიერება გაზზე მომუშავე მანქანებიდან დაიწყება

ტექდათვალიერება გაზზე მომუშავე მანქანებიდან დაიწყება

ავტომობილების ტექნიკური კონტროლი ნაბიჯ-ნაბიჯ მკვიდრდება. უკვე ცნობილია, რომ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებმა ტექნიკური შემოწმება 2016 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა გაიარონ.

საქართველოს მთავრობის 437-ე დადგენილებაში, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებას, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებასა და უსაფრთხო ექსპლოატაციას ეხება, ცვლილებები შევიდა. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებებში დამონტაჟებული აირბალონების და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის იდენტიფიკაცია და სავალდებულო ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდა.

„ცვლილების თანახმად, აირბალონების და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო პერიოდული შეფასების ჩასატარებლად, ამ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილმა პირმა უნდა შეამოწმოს წარდგენილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონ(ებ)ის ან/და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი. მისი არქონის შემთხვევაში კი ჩაატაროს აირბალონის ან/და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმება“, - აღნიშნავს „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორი ვასო ურუშაძე.

მისივე განცხადებით, ტექნიკური შემოწმება ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების შემთხვევაში, 3 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს. ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება - 5 წელიწადში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა, მისი შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ. ვასო ურუშაძის ინფორმაციით სიახელეა ის ფაქტიც, რომ სავალდებულო ხდება აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმებაც, რაც ასევე ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს.

ავტომობილებმა, რომლებიც ალტერნატიულ საწვავზე - ბუნებრივ აირზე მუშაობენ, ტექნიკური შემოწმება 2016 წლის 1 აპრილამდე უნდა გაიარონ. როგორც ვასო ურუშაძე „ბიპიენთან“ საუბრისას აღნიშნავს, არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ საქართველოს ავტოპარკის რამდენი ავტოსატრანსპორტო საშუალება მოიხმარს ბუნებრივ აირს. ასევე არ არსებობს სპეციალური ლაბორატორიებით აღჭურვილი აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული ინსპექტირების ცენტრები, სადაც უნდა მოხდეს ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების ტექნიკური შემოწმება.

ავტოექსპერტები ამბობენ, რომ მხოლოდ რეგულაცია საკმარისი არ არის და ძალიან მალე უნდა დაიწყოს სხვა ტიპის ტექნიკური კონტროლიც. პირველ რიგში, იურიდიული პირების კუთვნილებაში მყოფმა მანქანებმა უნდა გაიაროს ტექნიკური შემოწმება, შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურების და საქალაქთაშორისო ტრანსპორტმაც. 2017 წლიდან კი ძალაში შედის სავალდებულო ტექდათვალიერება, რომელმაც შეძლებისდაგვარად უნდა მოაწესრიგოს მოძველებული ავტოპარკის საკითხი.

ევროკაშირის ტრასეკას პროექტის რეგიონული კონსულტატი გელა კვაშილავა თვლის, რომ სატრანსპორტო ჩიხიდან გამოსავალი არის ავტოპარკის განახლება:

„ყველაზე მთავარი და აუცილებელი არის ის, რომ ქვეყანაში ტექნიკურად გამართული მანქანები დადიოდეს. დღეს არ ვიცით, რომელი ავტომობილი რამდენი წლისაა, რა მდგომარეობაშია და ა.შ. ეს კი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს“, - აცხადებს კვაშილავა.

თბილისში სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვასა და ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე დედაქალაქის საკრებულოშიც საუბრობენ. ურბანული კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია კონკრეტული ქმედებების განხორციელება, რომ დედაქალაქში მოძრაობა შესაძლებელი გახდეს. ერთ-ერთი განსახილველი ვარიანტია, რომ მტკვრის სანაპიროებზე მოძრაობა ცალმხრივი გახდეს.

თემის არაპოპულარულობის მიუხედავად, ბაბუნაშვილი მიიჩნევს, რომ დროა, ტექდათვალიერების შემოღების საკითხი დადგეს. ასევე, უნდა დაითვალოს რამდენია ქალაქში შემომავალი მანქანა, კერძოდ – ტაქსები, სამარშრუტო მანქანები და აქაც შესაბამისი რეგულაციები დაწესდეს.

„ეს არის მომავლის საქმე, მაგრამ თუ კომპლექსურად გატარდება აღნიშნული ღონისძიებები, დედაქალაქში საცობების პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრება“,  – ამბობს ბაბუნაშვილი.