მთავრობა რეგიონებში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის. საბოლოო თანხის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მაგრამ აშკარაა, რომ ეს საკმაოდ დიდი რიცხვი იქნება. ერთი სტიქია ათეულობით მილიონი ლარი “ჯდება”.
სტიქიასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გააკეთა. მისი თქმით, მთავრობა ითვლის ზარალს, ხოლო საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიეწოდება ინფორმაცია იმ ღონისძიებებზე, რომლებიც სტიქიის საწინააღმდეგოდ განხორციელდება.
როგორც გილაურმა განაცხადა, სტიქიის შედეგად განსაკუთრებული ზარალი მიადგა კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს. “დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები; წყალი სახლებშია შესული, მოშლილია წყლის რამდენიმე სათაო ნაგებობა. ადგილობრივ გამგეობებთან ერთად ვითვლით ზარალს და უახლოეს დღეებში გავაცნობთ საზოგადოებას იმ ღონისძიებებს, რასაც ამ დღეებში განვახორციელებთ”, - აღნიშნა ნიკა გილაურმა.
ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა კახეთში სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის დაზუსტებას შეეცადა.
წინასწარი ინფორმაციით, 19-24 ივნისის ჩათვლით, სტიქიამ კახეთს მინიმუმ 10 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. წყალდიდობის შედეგად, რეგიონის 20-მდე სოფელში დანგრეული და დაზიანებულია სასმელი წყლის სათავე ნაგებობები, 100-მდე სოფელში მწყობრიდან არის გამოსული შიდასაუბნო და სავარგულებთან მისასვლელი გზები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. თელავის, ახმეტისა და გურჯაანის რაიონებში დაისეტყვა მოსავალი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში და ილტოს ხეობაში მეწყერი ჩამოწვა. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლევან გამსახურდიას განცხადებით, სოფელ ენისელში, ყვარელი-თელავის ავტომაგისტრალზე, მდინარე ინწობაზე, საავტომობილო ხიდის დამცავი კედელი, რომელიც სტიქიამ გასულ წელსაც დააზიანა, წყალდიდობისგან კვლავ იშლება და გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს. მისივე თქმით, საფრთხის წინაშეა სოფელ საცხენეს მოსახლეობა.
“სოფელ საცხენეში, მდინარე შოროხევზე საჭიროა ნაპირსამაგრი სამუშაოების სასწრაფოდ ჩატარება. სოფელ ენისელში დაზიანებულია და სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს მდინარე ინწობის ნაპირდამცავი დამბები. ადიდებული წყალი დაზიანებული ადგილებიდან გაედინება და სავარგულებს ტბორავს. ყვარელში, მდინარე დურუჯის ნაპირდამცავი დამბები რამდენიმე ადგილზეა დაზიანებული, სულ 2 კილომეტრზე, და აზიანებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს. ყვარელში ასევე საჭიროა არიხაურის არხის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას”, - განაცხადა გამსახურდიამ.
მეწყერმა საფრთხე შეუქმნა თელავის რაიონში, მდინარე მღვრიეს ხეობაში თბილისი-გომბორი-თელავის რეაბილიტირებული გზის მონაკვეთს. ასევე, დააზიანა სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენი, რის გამოც ქალაქ თელავს სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა შეექმნა. ამჟამად ქალაქის წყალმომარაგება ორი სეზონური ჭაბურღილის მეშვეობით ხორციელდება, რომელიც წყლის მთლიან დეფიციტს ვერ ავსებს.
“მეწყერი კვლავ აქტიურია და ისევ უქმნის საფრთხეს მილსადენს და საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრს. ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებულმა წყალმა მდინარე დოლიაურის ხევში მთლიანად დაანგრია სოფელ ქვემო ხოდაშენის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა. სათავე ნაგებობის ადგილზე წარმოშობილია ღრმა ფლატე, რომელიც გადავსებულია ტყიდან მოგლეჯილი მრავალწლიანი ნარგავებით. ამჟამად სოფლის მოსახლეობის 60% სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი”, - აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა.
თელავის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია არსენიშვილის განცხადებით, “შესაძლებელია თელავის 40 ათასი მაცხოვრებელი გარკვეული დროის განმავლობაში ისევ წყლის გარეშე დარჩეს”.
ადიდებული ხევებიდან წამოსული ღვარცოფის შედეგად ახმეტის რაიონში დაზიანდა სოფელ დედისფერულთან მისასვლელ გზაზე არსებული რკინა-ბეტონის ბოგირი, სოფელ ომალოში კი სასმელი წყლის სათავის კომპლექსური ნაგებობა. სოფლებში ყვარელწყალი, დუისი, ჯოყოლო და ომალო - დაიტბორა 120 საცხოვრებელი სახლი და 700 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ზარალმა 1 200 000 ლარი შეადგინა.
სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი სოფლები: კაჭრეთი, ნანიაანი და ბაკურციხე, სადაც ნიაღვარმა სათავე ნაგებობები დააზიანა. რამდენიმე დღეა რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ჟანა დიდებაშვილის განმარტებით, ენერგოკომპანია დაზიანებების აღმოფხვრას ვეღარ აუდის.