გამყარებას მოწყურებული ლარი ახალ ნიშნულს ეძებს

გამყარებას მოწყურებული ლარი ახალ ნიშნულს ეძებს

უკვე რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა მეთოდურად და ნაბიჯნაბიჯ მყარდება. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე ლარი ახალ წონასწორულ ნიშნულს არ იპოვის. მაინც სადამდე შეიძლება გამყარდეს ეროვნული ვალუტა?

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ პირველ ეტაპზე ლარი იქნება სტაბილური და შემდგომ იქნება გამყარების ტენდენცია - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სასტუმრო „რედისონში“ ბანკების მმართველთა კლუბის ღონისძიებაზე.

„ჩვენ თავი შევიკავეთ რეზერვების ხარჯვისგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ პირობებში ეს იქნებოდა რეზერვების განიავება, მაგრამ ვინაიდან სხვა მაკროპარამეტრები უკვე ამოწურულია, ჩვენი სავალუტო ინტერვენციები არის გზავნილი ბაზრების მონაწილეებისთვის, რომ სხვა თანაბარ პირობებში კურსი არის თავის მაქსიმუმზე.

ეს იყო ამ ინტერვენციის მთავარი მიზანი და მომავალშიც თუ განხორციელდება სავალუტო ინტერვენციები ჩვენს მიერ, ეს არის ამ ყველაფრის ნაწილი. ასევე კომბინაციაშია ყველა იმ ღონისძიებასთან, რომელიც უნდა განვახორციელოთ, როგორც ჩვენ, ასევე მთავრობამ“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მისი თქმით, მოკლევადიანი მერყეობა არის ნორმალური ისეთი საკურსო რეჟიმისთვის, როგორიც საქართველოს აქვს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ან საშუალოვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით, იქნება ჯანსაღი და თანმიმდევრული პოლიტიკა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ პირველ ეტაპზე ლარი იქნება სტაბილური და შემდგომ იქნება გამყარების ტენდენცია, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ კომპლექსურ ქმედებებზე, რომელიც უნდა გატარდეს მთლიანად სახელმწიფოში“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

სებ-ის პრზიდენტის აზრით, აუცილებელია სავალუტო ნაკადების აღდგენა სხვადასხვა წყაროებით. „თუ აღდგება შემოსავლები, თუ აღდგება ინვესტიციები, თუ ჩვენ დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რა ნიშნულიც გვქონდა ამ პროცესების დაწყებამდე, თავისთავად ცხადია ლარს ექნება გამყარების ტენდეცია არა თუ თეორიული, არამედ სავსებით შესაძლებელია დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რაც იყო მანამდე“, - დასძინა გიორგი ქადაგიძემ.

ამასობაში სპეციალისტები და ბიზნესმენები პროგნოზებს არ იშურებენ ლარის კურსის სამომავლო ნიშნულის განსასაზღვრავად. ფინანსთა ყოფილი მინისტრი მირიან გოგიაშვილი სამომავლოდ ლარის კურსის კიდევ უფრო გაჯანსაღებას ვარაუდობს. მისი თქმით, მონეტარული აგრეგატები იმ დონეზეა დაბალანსებული, რომ ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარიც ვერ გაყიდა.

„თუ ადაპტირებული მონეტარული პოლიტიკა მჭიდრო პოლიტიკით შეიცვლება, სავარაუდოდ, ყველაფერი კარგად იქნება და ლარიც გამყარდება. ამ ოპერაციების შემდეგ ლარი ახალ წონასწორობას შეიძენს, რამდენი იქნება ეს წონასწორობა, ვერ გეტყვით, თუმცა კურსი მნიშვნელოვნად გამყარდება“, - განაცხადა გოგიაშვილმა.

„ვითიბი ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე კი ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვან გამყარებას არ ელოდება. მისი აზრით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 2,35-2,40 ლარის ფარგლებში იქნება და ეს არის წონასწორობის ახალი ნიშნული.

„რაც მოხდა, არ არის შიდა ფაქტორებით განპირობებული. შეიძლება, აბრალებენ შიდა ფაქტორებს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად არის გარე ფაქტორებით გამოწვეული. ჩვენ გარშემო ქვეყნებს თუ შევხედავთ, თურქული ლირა 3-ს აღემატება დოლართან მიმართებაში. აზერბაიჯანულ მანათსაც იგივე მოუვიდა, დევალვაცია მოხდა ყაზახეთშიც, რუსეთში, უკრაინაში, ყველგან. ეს არის გარე ფაქტორებით გამოწვეული, შესაბამისად, თუ სტატუს - კვო იქაც შენარჩუნდება, ეს არის წონასწორობის ახალი ნიშნული“, - აღნიშნა არჩილ კონცელიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას და დასძენს, რომ ახალი ნიშნული მომდევნო 6-7 თვის განმავლობაში, გაზაფხულამდე შენარჩუნდება. გაზაფხულის შემდეგ კი სიტუაციას რეგიონში არსებული მდგომარეობა განსაზღვრავს.

დაგროვების მართვის კომპანია „პირადი ბანკირის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბერძენაძე ლარის უფრო მეტად გაჯანსაღებას ელის. მისი აზრით, წონასწორობის ახალი ნიშნული 2.2 ან 2.15 იქნება. ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორით იქნება განპირობებული, მათ შორის, შემოსული ინვესტიციების რაოდენობით, რომელიც ქვეყანაში საშემოდგომოდ ყოველთვის იზრდება. ამას დაემატება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები და რეგიონის ქვეყნების ვალუტების გამყარება.