რა სიგნალებს უგზავნის ვაშინგტონი თბილისს და რა ინფორმაცია გადასცეს საგარეო საქმეთა მინისტრს

რა სიგნალებს უგზავნის ვაშინგტონი თბილისს და რა ინფორმაცია გადასცეს საგარეო საქმეთა მინისტრს

აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული გზავნილი, რომ საქართველომ იცის, რა უნდა გააკეთოს ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ანალიტიკოსების შეფასებით, მიუთითებს, რომ ვაშინგტონში ჯერ არ დამდგარა საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკის რეალური ცვლილების დრო. მათი თქმით, როგორც ბოლო ფორუმზე დიპლომატიური სტუმრების განცხადებებიდან იკვეთება, „ქართული ოცნება“ დასავლეთისთვის ლეგიტიმური ხელისუფლებაა, ხოლო აშშ-ს წარმომადგენლების მხრიდან ხელისუფლებისადმი წარდგენილი გზავნილები შესაძლოა შეეხებოდა როგორც ანაკლიის პორტს, ისე ქვეყნის შიდა სტაბილურობის საკითხებს. თუმცა ანალიტიკოსების აზრით, ოპოზიციის მოლოდინი, თითქოს ამერიკა „ოცნებას“ არალეგიტიმურად მიიჩნევს, ილუზორული და აბსურდია. 

16 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს, უაით ტოლკეს და საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას, ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად.

„შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებს და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართული მხარის მზაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. მხარეებმა იმსჯელეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით.

ოპოზიციის ვერსიით კი სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ბოჭორიშვილს ოფიციალური ვაშინგონტის გზავნილები გადასცა და უთხრა, რომ თუ „ოცნებას“ ურთიერთობის დალაგებაზე საუბრის დაწყება უნდა, მაშინ ეს პროცესი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებით და რიგი კანონების გაუქმებით უნდა დაიწყოს.

თუმცა, მათივე მტკიცებით, „ოცნებას“ სულ სხვა პირობა აქვს და ისინი ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების მოხსნას ითხოვენ, ამის შემდეგ კი უკვე გარკვეული შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან ამბობს, რომ ამერიკის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მხარემ იცის, რა უნდა გააკეთოს ორი ქვეყნის ურთიერთობის გადატვირთვისთვის, მიუთითებს იმაზე, რომ ჯერჯერობით, ამერიკის ადმინისტრაციაში ნამდვილი გარდატეხა არ მომხდარა.

„გარდატეხა რომ ყოფილიყო, მაშინ ამერიკის საელჩოს განცხადება სრულიად სხვაგვარი იქნებოდა. კონტექსტი ისევ ძველია, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. აშკარად ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მზაობას ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადახედვის კუთხით. მაშინ, როცა გაეროში აშშ-ის რეზოლუციას მხარს არავინ უჭერდა, საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინის ომთან დაკავშირებულ რეზოლუციას. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა გადავცეთ, რა გააკეთოს კიდევ, მიუთითებს, რომ ჯერჯერობით არ არის დამდგარი ისეთი ვითარება, როდესაც ხელისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე რადიკალურ ცვლილებებს აქვს ადგილი.

თუმცა კარგია და ძალიან დადებითი დინამიკის მომტანია ასეთი შეხვედრები. ჩვენმა მინისტრმა ბოჭორიშვილმა მოისმინა, რაც უთხრეს და რა პოზიცია აქვთ ამერიკელებს. ბუნებრივია, მანაც გადასცა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. ფაქტია, რომ ეს კარგ დინამიკას ქმნის. ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლის კუთხით და შუამავლების გარეშე ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ბევრად უკეთესია. ეს ადამიანი რომ დაბრუნდება უკან, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების პოზიციას გააცნობს ტრამპის ადმინისტრაციას“, - ამბობს მამრაძე.

რამდენიმე დღის წინ თბილისში ფორუმი გაიმართა, სადაც მნიშვნელოვანი ანალიტიკოსები და დიპლომატები სტუმრობდნენ ქვეყანას. მათი მხრიდან გაკეთდა მკაფიო განცხადებები, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა და „ქართული ოცნება“ ლეგიტიმური ხელისუფლებაა.

„ჯეისონ კარენმა თქვა, რომ „ძონძებში გახვეულ“ ახალგაზრდების მცირე ჯგუფს ხელში უჭირავთ ამერიკის და ევროკავშირის დროშები და ითხოვენ საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დასჯას. ჩამოსული იყო ასევე ჯეკ მედლოკი - ლეგენდარული დიპლომატი და სხვა მნიშვნელოვანი სტუმრები. ყველა მათგანის აზრი იყო ის, რომ ეს არის კანონიერი ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, „ოცნების“ ლეგიტიმურობა რომ აღიარებულია ამერიკიდან, ამას ადასტურებს ელჩის დანიშვნაც და იქიდან წამოსული ვიზიტებიც. ახლა ამერიკაშიც საკმაოდ მძიმე ვითარებაა, ტრამპს კატასტროფულად დაუვარდა რეიტინგი. ვიცით, რა ხდება კალიფორნიაში და როგორი რთული მდგომარეობაა ქვეყნის შიგნით. ამიტომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. „მეგობარი აქტი“ შესაძლოა მიღებულ იქნას სენატის მიერ, მაგრამ მოლოდინი მაინც არ მაქვს პესიმისტური და ვფიქრობ, პროგნოზირებადი წინსვლა იქნება“, - აღნიშნავს მამრაძე.

საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი ხატიაშვილი კი for.ge-თან ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ამერიკიდან საქართველოს ხელისუფლებამ, ანაკლიის პორტთან და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობასა და სიტუაციის დალაგებაზე მიიღო  გარკვეული გზავნილი.

„ზუსტად არ ვიცით, რა თემებზე ისაუბრეს ამერიკელმა ჩინოსანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თუმცა შესაძლო ვერსიებზე შეიძლება ვისაუბროთ. ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარი შეიძლება იყო ქვეყანაში არსებული მდგომარეობის განმუხტვასა და სტაბილიზაციაზე. შესაძლოა, რაღაც ეკონომიკურ პრეფერენციებსაც ითხოვენ და ანაკლიის პორტზეც იყო მინიშნებები. ყოველ შემთხვევაში, სულ გვესმის ამერიკის მხრიდან, რომ იცით, რა არის გასაკეთებელი და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. დიახ, კარგია, რომ საქართველოს ელჩი ამერიკაში დაინიშნა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ელჩი სასწაულმოქმედი არ არის. თუ ქვეყნის მთავრობა არ გადადგამს ნაბიჯებს, მხოლოდ ელჩი ვერაფერს შეძლებს“, - აცხადებს ხატიაშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციის მოლოდინი, რომ ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოში ვინმე სხვას აღიარებს და „ოცნებას“ არალეგიტიმურად ცნობს, არის ცრუ და ფსევდომოლოდინი, მსგავსი არაფერი მოხდება.

„თვით ბაიდენის დროსაც კი, როცა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესეს და სხვა მაღალჩინოსნებსაც, არც მაშინ ყოფილა განცხადება, რომ საქართველოში „ოცნების“ გარდა ვინმე სხვას აღიარებდნენ. არც არჩევნები არ უღიარებია ვინმეს არალეგიტიმურად. იყო განცხადებები დარღვევებზე, მაგრამ არა იმის შესახებ, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია. ამიტომ, ვფიქრობ, დროა, ეს თემა ამოიწუროს. ევროპა და ამერიკაში, მით უმეტეს ახლა, ტრამპის ადმინისტრაცია, ამას ვერ და არ გააკეთებს.

საქართველოში ვინ უნდა ცნონ „ოცნების“ გარდა? ზურაბიშვილს შეუძლია, რაც უნდა ის განცხადება გააკეთოს და თავი ისევ პრეზიდენტად გამოაცხადოს, მაგრამ ამერიკა ვერ იმოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგით. მათ ვერ აჰყვებიან წარმოსახვით ქმედებებში. ის, რომ ზურაბიშვილს ვადა გაუვიდა და თავს ისევ პრეზიდენტად აცხადებს, ამერიკა მას აღიარებს პრეზიდენტად? ამდენი თვე გავიდა და არც მანამდე უღიარებიათ, ახლა ხომ მით უმეტეს. ეს უკვე აბსურდს ემსგავსება“, - ამბობს ანალიტიკოსი.

 

Aburjga Tasmanieli ხელისუფლებავ, შორს დაიჭირეთ თავი მეკობრეების, გაქცეული კატორღელების, რასისტი მონათმფლობელების, ლგბტ შთამომავლებისაგან! შორს არის ჩვენგან აშშ! დაეტიონ თავიანთ ქვეყანაში და თავის რევოლუციებს მიხედონ!
2 საათის უკან
კანუდოსელი ქვეყანა უნდა კონცენტრირდეს ეკონომიკის განვითარებაზე და არა რას იტყვის ტრამპი და სხვა ჩინოვნიკი ამერიკიდან. კაცი, რომელიც ბაიდენს აკრიტიკებდა, რომ მისი ბრალი იყო უკრაინის ომი და მისი გამოსვლა საუდის არაბეთში და დღეს იმავეს აკეთებს ირანში, არის არასანდო და მატყუარა. ის სრულიად მოექცა ნეოკონების გავლენის ქვეშ და მისგან კარგი არაფერია მოსალოდნელი. ტრამპის და ამერიკის სურვილია რეგიონიდან გააძევოს ჩინეთი და რუსეთი, ირანის ომის შემადგენელი ესეც არის. ამიტომ ანაკლიიდან ჩინელების გაგდება იქნება მისი უპირველესი მოთხოვნა, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური სტაგნაცია და ისევ ამერიკის მონობის ქვეშ აღმოჩენა. ეს ჩმორი ოცნება კიდევ სულ იმის მტკიცებაშია, აი გვცნეს ხელისუფლებად, აი ნახეთ როგორ გვეპატიჟებიან და უკნიდან ხელს გვიცაცუნებენ მეგობრობის ნიშნად. ონებავ, დაიკიდეთ რას ფიქრობენ გარეთ და იფიქრეთ იმაზე, ხვალ ხალხი რას შეჭამს და როგორ იცხოვრებს, რა გაკეთდეს იმისტის რომ გამრავლდეს ერი და არ მოკვდეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რომ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა და სულ ყოველი დღე იმით იწყებოდა გვცნო თუ არა დამოიკიდებლად მორიგმა ქვყანამ და ამაზე აწყვეტდნენ ხალხს ნერვებს, ისეა ჩვენი საქმე დღესაც. როგორ ვერ გამოვდივართ ამ წრიდან, რა წყევლა გვაქვს ასეთ.
44 წუთის უკან