შემოდგომაზე ზოგიერთი მედიკამენტის გაიაფებაზე საუბარს ჯანდაცვის სამინისტრო ნაადრევად მიიჩნევს იმ მოტივით, რომ წელიწადის ეს დრო მხოლოდ ახლა დადგა. მინისტრი, დავით სერგეენკო ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის გამოჩენასაც არ ადასტურებს.
მედიკამენტების გაიაფებაზე საუბარი ძალიან ადრეა. ჯანდაცვის მინისტრმა მიზეზად ის დაასახელა, რომ ჯერ მხოლოდ 23 სექტემბერია. „ხუმრობით შემიძლია პასუხი გაგცეთ, გურული სისხლი მაქვს და თქვენც გურული ხომ არ ხართ? - 23 სექტემბერია დღეს, ახლა დაიწყო შემოდგომა“, - მიმართა სერგეენკომ ჟურნალისტს.
მინისტრმა ივლისის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სექტემბრის თვეში 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების მნიშვნელოვანი დაწევა მოხდება. იგივე გაიმეორა არცთუ დიდი ხნის წინ მისმა მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ, მაგრამ ჯერჯერობით წამლების გაიაფების ნიშნები არ ჩანს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ზამთრამდე საკმაო დროა დარჩენილი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას მინისტრმა იმ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც წამლის ხარისხზე მოქმედებს.
„საქართველოში ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯებიდან მედიკამენტებზე მოდის ძალიან მაღალი წილი, ზოგჯერ 40%, ზოგჯერ 50%-ზე მეტიც კი მაშინ, როცა ეს 25%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ამას განაპირობებს ორი მთავარი ფაქტორი. წამლის მაღალი ფასი და ის, რომ საქართველოში წარმოუდგენლად ბევრი მედიკამენტი იწერება დანიშნულებაში. ბავშვს როდესაც ვირუსული ინფექცია აქვს, 7, 8, 10 და ზოგჯერ 12 მედიკამენტი აქვს გამოწერილი. ამ დროს არ სჭირდება. მოსახლეობას მედიკამენტზე უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა. მედიკამენტი არ უნდა ღირდეს ისეთი ძვირი, როგორც ღირს დღეს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის სამინისტრომ ამ სიტუაციის გამოსასწორებლად უნდა უზრუნველყოს საბოლოოდ ისეთი რეგულაციების დაწესება, რომელიც უზრუნველყოფენ ქვეყანაში ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების არსებობას. ამას კი სჭირდება ისეთი მიდგომა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში კონკურენციის გაზრდას.
„ეს არის ის გზა, რომლითაც მოქმედებს ნებისმიერი განვითარებული ჯანდაცვის სისტემა. ამ რეგულაციებს, ერთი მხრივ, მთავარი მიზნის მისაღწევად ვიყენებთ, მეორე მხრივ, ეს არის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
საზოგადოებას ჯანდაცვის სამინისტროსგან კიდევ ერთი საკითხი აინტერესებს - რატომ არ ჩანს, ფარმაცევტულ ბაზარზე დაანონსებული ახალი, მსხვილი მოთამაშე. როგორც ირკვევა, ეს საკითხი დღის წესრიგში უკვე აღარ დგას. ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლის მიზნით რომელიმე კონკრეტულ ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. არადა, აქამდე ვრცელდებოდა ინოფრმაცია, რომ მოლაპარაკება 5 უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიასთან მიმდინარეობდა.
რამდენიმე თვით ადრე კი ბიძინა ივანიშვილმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე საქართველოში უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ კომპანიის ხელმძღვანელობა მისი ძველი ნაცნობები არიან და მათთან უკვე ჰქონდა საუბარი, რომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ მაქსიმალურად მოხდეს მედიკამენტების გაიაფება. ჯანდაცვის მინისტრი კი ახალ კომპანიებს ვერ ასახელებს.
„მოლაპარაკებები კონკრეტულ კომპანიებთან არ მიმდინარეობს, რადგანაც სწორედ ახლა იცვლება ზოგადად პოლიტიკა მედიკამენტების მართვის რეგულაციების და ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით. მისი ამოცანაა გამჭვირვალე კონკურენტუნარიანი ფარმაკოლოგიური ბაზრის უზრუნველყოფა და არა რომელიმე კონკრეტულ კომპანიასთან მოლაპარაკებები“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.