სემეკი - ახალი დაპირისპირების მიზეზი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის

სემეკი - ახალი დაპირისპირების მიზეზი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის

სემეკის წევრობის კანდიდატურებმა მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ახალი დავა წარმოშვა. მარგველაშვილის მიერ შერჩეული კანდიდატები მთავრობას თვალში არ მოუვიდა და სამიდან ორი დაბლოკა. პროცესი ჭიანურდება, ამასობაში სემეკის დარჩენილი 3 წევრიდან ერთ-ერთ მათგანს ვადა ეწურება და კვორუმის არარსებობის გამო კომისიის სხდომები ვერ ჩატარდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებად წარდგენილი სამი კანდიდატიდან, მთავრობამ ორ კანდიდატზე უარი განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მთავრობას პარლამენტში წარსადგენად 8 სექტემბერს შესთავაზა დავით ასლანიშვილის, გიორგი ფანგანისა და მარინა გულედანის კანდიდატურები. აქედან მთავრობამ მხოლოდ გიორგი ფანგანის კანდიდატურა მოიწონა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლმა გიორგი აბაშიშვილ კი ამბობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი უარს არ იტყვის კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე პროცესზე. ყველა სხვა ტიპის შეთანხმებას იგი პრინციპულად არ დაეთანხმება.

„მთავრობამ უარი თქვა აღნიშნულ კანდიდატებზე ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. მართალია, მთავრობას კანონი მათ წარდგენას არ ავალდებულებს, მაგრამ ორი ძლიერი, პროფესიონალი კანდიდატის დაწუნების შემთხვევაში, გარკვეული არგუმენტები მაინც უნდა არსებობდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს კანდიდატები პრეზიდენტის ინიციატივით გამჭვირვალე პროცესის შედეგად შეირჩა“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ზურაბ ტყემალაძის მტკიცებით კი, კანონმდებლობით სემეკის წევრობის კანდიდატების შერჩევის პრეროგატივა არა პრეზიდენტს, არამედ პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, ამ საკითხს „მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.

„კანონში საუბარია, რომ მთავრობასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს კანდიდატურების შერჩევა, ანუ, პირიქით უნდა იყოს - პრემიერმა უნდა ჩაატაროს შიდა კონკურსი, მანვე უნდა შეარჩიოს კანდიდატი და რომელსაც შეითანხმებს თავის კომისიასთან ერთად, ის წარუდგინოს პრეზიდენტს. თავის მხრივ, პრეზიდენტმა კანდიდიტურები უნდა გადაამისამართოს პარლამენტში, ანუ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი არის გამტარი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. წავიკითხოთ კანონი „მარეგულირებელი კომისიის“ შესახებ, სადაც შავით-თეთრზეა დაფიქსირებული ეს პროცედურა“, - განაცხადა ტყემალაძემ, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია პროცედურული ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი დეპუტატის ინტერპრეტაციას მცდარს უწოდებს. „მე ვიცი ეს პრობლემა. ჯერ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რა სტატუსი გააჩნია პრეზიდენტს: მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია კონსტიტუციის შესაბამისად სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის უზრუნველყოფა, ანუ ე.წ. არბიტრის ფუნქციაა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც არის თანამდებობის პირთა შერჩევა, დანიშვნა, წარდგენა და ა.შ. ახლა ჩავიხედოთ ამ ფუნქციის შესაბამისად რა წერია კონსტიტუციაში: ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს სემეკ-ის წევრებს მთავრობის თანხმობით - ქართულად წერია და სხვანაირი განმარტება აქ არც შეიძლება არსებობდეს. რომ ეწეროს - პრეზიდენტი მთავრობის მიერ მისთვის წარდგენილ კანდიდატებს წარუდგენს პარლამენტს, ეს უკვე სხვა იქნებოდა. ასე რომ, რა თქმა უნდა, სემეკ-ის წევრების შერჩევის პრეროგატივა აქვს პრეზიდენტს“, - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

კანონმდებლობაში აღნიშნულის შესახებ არსებული ჩანაწერი „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ეკა ციმაკურიძემაც. მისი თქმით, არა მხოლოდ სემეკის, არამედ სხვა დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრებსაც პრეზიდენტი წარადგენს.

„საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომ დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრებს თანამდებობაზე წარადგენს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით და მათ ირჩევს საქართველოს პარლამენტი. მთავრობასთან შეთანხმება გულისხმობს კონტრასიგნაციის პროცედურის ჩატარებას, რისთვისაც გათვალისწინებულია ორკვირიანი ვადა. პრეზიდენტის მიერ კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება, ცხადია, ნიშნავს იმას, რომ კანდიდატებსაც პრეზიდენტი არჩევს“, - აღნიშნა საია-ს იურისტმა.

მთავრობის დაწუნებული კანდიდატი დავით ასლანიშვილის განცხადებით, უმჯობესი იქნება, რომ მთავრობამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, გამართოს მათთან კონსულტაციები და პოზიციაც მოისმინოს.

„პრეზიდენტის ჟესტი სავსებით გამართლებულია. საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდის წევრებს შეუძლიათ მონაცემებს აჩქარების გარეშე კიდევ ერთხელ გადახედონ. სასურველია, შეგვხვდნენ და მოგვისმინონ. ეს ნამდვილად არ მომხდარა და არც ჰქონიათ ამის სურვილი. ამიტომ მათი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ გაგვესაუბრებიან და ჩვენზე გარკვეული წარმოდგენა შეექმნებათ.

სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მთავრობის წევრებმა უნდა იცოდნენ რას წარმოვადგენთ და საიდან მოვდივართ. ასეთი მიდგომა უფრო მისაღებია“, - აღნიშნა ასლანიშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისია სულ ხუთი წევრისგან შედგება, სადაც ერთ-ერთ მათგანს უფლებამოსილების ვადა ეწურება. ამჟამად სემეკში სულ 3 მოქმედი წევრია, რადგან 2 მათგანს კარგა ხანია უფლებამოსილება ამოეწურა. შესაბამისად, თუკი ახალი კანდიდატები უახლოეს პერიოდში არ დამტკიცდება, კვორუმის არარსებობის გამო, სემეკის სხდომები ვერ ჩატარდება.