მთავრობა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით თავს იწონებს

მთავრობა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით თავს იწონებს

პარლამენტი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღების მოლოდინშია, მთავრობა გაზრდილ პარამეტრებზე აპელირებს, ოპოზიცია კი, ეკონომიკურ კრიზისს პროგნოზირებს.

საკანონმდებლო ორგანოში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 1-ელ ოქტომბრამდე შევა. დოკუმენტით გაწერილი ციფრები მხოლოდ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისთვის არის ცნობილი, რომელიც ამბობს, რომ ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიარდამდე ლარი იქნება.

მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 3 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე, 3 პროცენტიან საბიუჯეტო დეფიციტზე და დაახლოებით 4-4,5 პროცენტიან ინფლაციაზე, რაც ხადურის შეფასებით, გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკით.

ხადურის განმარტებით, მომავალ წელს, საქართველოში პირველად საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დარჩება და ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები დაახლოებით 8,5 მილიარდი იქნება.

„სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯები დააახლოებით 10 მილიარდი ლარი (9,9 მლრდ ლარი) იქნება“, - აცხადებს ხადური, რომელიც არ აკონკრეტებს, რა კურსზე დაიგეგმა მომავალი წლის ბიუჯეტი.

ფინანსთა მინისტრის მტკიცებით, გაცვლითი კურსი ბიუჯეტზე დიდ ზეგავლენას არ ახდენს, რადგან კურსი ზემოქმედებს მხოლოდ ორ ფაქტორზე - საგარეო ვალის აღებასა და მის დაფარვაზე.

ნოდარ ხადურისგან განსხვავებით, ბიუჯეტის პარამეტრებით პესიმისტურად განწყობილია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დავით ონოფრიშვილი, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდა შემცირებულია.

დეპუტატის თქმით, თუკი ბიუჯეტი 10 მილიარდი იქნება, ე.ი. პარამეტრები დიდად არ იზრდება, რადგან 2015 წლის ბიუჯეტი 9 მილიარდ 700 მილიონია.

„ბიუჯეტის პარამეტრების განსაზღვრა ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ ის გამოწვევებს ვერ უპასუხებს. ეს ბიუჯეტი ის ნამდვილად არ არის, რასაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ჰპირდებოდა. ეს ბიუჯეტი ნიშნავს - უმუშევრობასა და მთელი რიგი პროგრამების დაუფინანსებლობას. პრაქტიკულად, ბოლო ორი წლის მანძილზე, ბევრი დაგეგმილი პროგრამა ვერ დაფინანსდება“, - აცხადებს ონოფრიშვილი, რომლისგან განსხვავებით, ოპტიმისტურად განწყობილია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური.

„ეკონომიკური ზრდა 3 პროცენტიანი იქნება. თუ იმ რეალობას გადავხედავთ, რაც მიმდინარე წელსაა, უფრო ოპტიმისტურ მაჩვენებელზე დაგეგმვა სწორი არ იქნებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ბიუჯეტის კორექტირება მოხდეს“, - ამბობს მეჭიაური.

კანონმდებელის თქმით, ვინაიდან, ეროვნული ვალუტის კურსი ყოველ დღე მყარდება, მთავრობას დრო აქვს, რომ კურსი განსაზღვროს.

„ლარის კურსი იცვლება და სჯობს, პროცესს დაველოდოთ. მთავრობას არჩევანის საშუალება აქვს. ლარის კურსი გამყარებისკენ მიდის. რამდენადაც ვიცი, გუშინ, ეროვნულ ბანკს ინტერვენციები აღარ განუხორციელებია და გამყარება მაინც მოხდა. ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობამ შედეგი უკვე გამოიღო, რადგან მათ ბევრ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ“, - აცხადებს მეჭიური, რომელსაც ლარის კურსის ცვლილების მიზეზებზე საუბარი აღარ სურს, ვინაიდან საქმე პოზიტიურისკენ მიდის.

„მოსახლეობას შედეგი უფრო აინტერესებს და არა ის, ადრე ვინ იყო დამნაშავე“, - განაცხადა მეჭიურმა.

შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პარლამენტში ბიუჯეტის პროექტი შევა, მასზე მსჯელობას კომიტეტები დარგების მიხედვით დაიწყებენ და მთავრობას შენიშვნებითურთ დოკუმენტს უკან დაუბრუბენებენ. სამჯერ განხილვის შემდეგ, პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტს დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს.