დაუმთავრებელი რკინიგზა - რა სჭირს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს?

დაუმთავრებელი რკინიგზა - რა სჭირს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს?

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა წელს არ იქნება და სამუშაოების გაისად დასრულებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამ პროექტის ამოქმედება მერამდენედ გადაიდო, უკვე ძნელი გასახსენებელია. ფაქტია, რომ სამ ქვეყანაზე გამავალ რკინიგზის გაშვება ვერ ხერხდება.

ბოლო ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თურქეთის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის დასაწყისში დამთავრდება. არადა, წელს დეკემბრისთვის ყველაფერი უნდა დასრულებულიყო და სატესტო მატარებელსაც უნდა გაევლო.

„აზერბაიჯანულმა და ქართულმა მხარეებმა ყველა სამუშაო დაასრულეს. დარწმუნებულნი ვართ, რომ მომავალი წლის დასაწყისში სამუშაოებს თურქული მხარეც დაასრულებს. ეს სტრატეგიული პროექტია და ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ცენტრალური აზიისთვისაც. ჩვენ ეს საკითხი ყაზახეთთანაც განვიხილეთ. პროექტით თურქმენეთი და ჩინეთიც არიან დაინტერესებულნი“, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამედიაროვმა ბაქოში, თურქ კოლეგა ფირუდინ სინირლიოღლუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გაცილებით არასახარბიელო ინფორმაციას ავრცელებენ თურქული მედიასაშუალებები. რამდენიმე დღის წინ მეზობელი ქვეყნის პრესა ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტის შეჩერების შესახებ იუწყებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მშენებლობა შეჩერდა, რის მიზეზადაც სახელდებოდა ის გარემოება, რომ კონტრაქტორი კომპანიები უარს აცხადებდნენ დაგეგმილი სამუშაოების შესრულებაზე. აზერბაიჯანულ მედიაში კი გაჩნდა ცნობები, რომ თურქეთში არსებულმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ აღნიშნული პროექტის ჩაშვება შესაძლოა ჩაშალოს.

თურქული მედიის ინფორმაციით, დღეისათვის რკინიგზის თურქული მონაკვეთის მშენებლობაში 204 მილიონი მანათია ჩადებული და დაგეგმილი სამუშაოების მხოლოდ 39%–ია შესრულებული.

თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს გათვლებით, თურქეთის მონაკვეთზე სამუშაოების დასასრულებლად კიდევ 200 მილიონი მანათია საჭირო, რაც 600 მილიონ მანათამდე ზრდის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის ღირებულებას. ეს კი დაგეგმილ ხარჯებს სამჯერ აღემატება.

ამჟამად თურქეთის მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 76 კილომეტრს შეადგენს, მშენებლობა შეჩერებულია.

ამასობაში ჩეხეთმა მზადყოფნა გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მეორე ეტაპის დაფინანსებაში. ამის თაობაზე ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩეხმა ბიზნესმენებმა წარმატებული ინვესტიციები განახორციელეს ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის მშენებლობის პირველ ეტაპზე. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეორე ეტაპზეც წარმატებული გამოდგება“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

როგორც ჩანს, ფინანსური პრობლემების წინაში მდგარ თურქეთს რკინიგზის მშენებლობის დასასრულებლად თანხების მოძიება მართლაც უჭირს. როგორ შეხვდებიან პროექტის პარტნიორები ახალ ევროპულ შეთავაზებას, ჯერ ცნობილი არ არის.

არცთუ დიდი ხნის წინ, 2015 წლის იანვარში ბაქოში მიღწეული იქნა შეთანხმება, რომელიც ახალი სატრანსპორტო კორიდორის: ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს ამოქმედებას ითვალისწინებს. შეთანხმდა მხარეებისათვის ხელსაყრელი სატარიფო პოლიტიკა, განისაზღვრა ზუსტი მარშრუტი.

აღნიშნული პროექტის მიხედვით, ჩინეთიდან წამოსული ტვირთი ჟესკაზგან - ბეინეის სარკინიგზო მაგისტრალისა და ყაზახეთის საპორტო ქალაქ აკტაუს გავლით ბაქოს პორტში ჩამოტვირთება. იქედან კი ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით ევროპისაკენ დაიძვრება. 2020 წლისათვის ამ მარშრუტით დაახლოებით 300-400 ათასი კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება.

უკვე ცნობილია, რომ ჩინეთი კასპიის ზღვის გავლით, ყაზახეთიდან აზერბაიჯანში ხიდის მშენებლობას გეგმავს. გრანდიოზული ნაგებობის მშენებლობა შეიძლება უახლოეს მომავალში დაიწყოს. პროექტის დეტალებზე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.