ოპოზიცია ინკასოების წინააღმდეგ

ოპოზიცია ინკასოების წინააღმდეგ

[ნიკა ასლანიძე]

ოპოზიცია შემოსავლების სამსახურის თავგასულობამ აღაშფოთა. ჯერ იყო ბაინდურაშვილის გზირებმა პენსიონერებს წაართვეს ლუკმა, მერე კი სოციალურად დაუცველი ოჯახებიც არ დაინდეს. ოპოზიცია საგადასახადო დავალიანებების ამოსაღებად მოქალაქეთა პენსიის გამოყენების აკრძალვას მოითხოვს.

 

რეგიონებში არსებული გართულებული ვითარების გამო, ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ თბილისის საკრებულოში პრესკონფერენცია გამართა და გახშირებული ინკასოების ამბები გააპროტესტა.

 

საგანელიძის განცხადებით, კახეთსა და სამეგრელოში ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ”ლიბერთი ბანკის” მიერ საგადასახადო დავალიანების დასაფარად პირის საპენსიო ანგარიშის გამოყენება ხდება. კერძოდ, ინკასოთი საპენსიო თანხას ხსნიან და ძალიან ბევრი პენსიონერი ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე რჩება. 

 

საგანელიძემ მოუწოდა ხელისუფლებას, შეიტანოს შესწორება საგადასახადო კოდექსის 35-ე თავის 238-ე და 243-ე მუხლებში, რათა საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფა საპენსიო ანგარიშიდან აღარ განხორციელდეს. პრესკონფერენციაზე დავით საგანელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ერთობლივი მიმართვის შედეგად, კახეთში 533 პირზე კანონის ეს მოქმედება შეაჩერეს, თუმცა ეს ძალიან დიდი ციფრი არ არის და პრობლემა კვლავ რჩება. 

 

პრესკონფერენციას ესწრებოდა სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს მკვიდრი, 58 წლის პენსიონერი გიორგი ჯებისაშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სალარო აპარატის უქონლობის გამო იგი ჯერ 500 ლარით, შემდეგ კი 5 ათასი ლარით დააჯარიმეს. 

 

ჯებისაშვილმა განმარტა, რომ მას დავალიანების დაფარვის საშუალება არ ჰქონდა, რადგან მის მაღაზიაში დღეში მხოლოდ 60 ლარის ბრუნვა იყო. 5.500 ლარის საგადასახადო დავალიანების გამო კი, მისი მიწის ნაკვეთიც დაყადაღებულია და სააღსრულებოს აქვს გადაცემული.

 

ოპოზიციის გააქტიურებას მართლაც აქვს რეალური საფუძველი.  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების რეგიონალური სამსახურები ბოლო პერიოდში იმ დონეზე ”გააქტიურდნენ”, რომ პენსიონერებს და სოციალურად დაუცვეველებს ერთადერთ საარსებო ლუკმას ართმევენ.

ამ რამდენიმე დღის წინ თელავის რეგიონულმა ცენტრმა კახეთში პენსიებზე ინკასო 533 პენსიონერს დაუდო.  ინფორმაცია ”ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა გაახმაურა.  საგადასახადო სამსახური პენსიონერებს სხვადასხვა დროს დაკისრებული ჯარიმებისა და საურავების გადახდას ედავებოდა.

 

”ინკასო ადევს ასობით სოციალურად დაუცველი ოჯახის საარსებო შემწეობასაც. ინკასოს დადების გამო პენსიონერები - კუთვნილ პენსიებს, სოციალურად დაუცველები კი სოციალურ დახმარებას ვეღარ იღებენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებებში აცხადებენ, რომ ინკასოს დადებისა და მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო სამსახური იღებს”, - აცხადებდა დავითაშვილი.

 

პენსიების გარეშე დარჩენილი მოხუცები დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ, თუმცა მუნიციპალიტეტების გამგებლები თავს არიდებდნენ პრობლემის მოგვარებას და დაზარალებულებს ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროსთან ურთიერთობას ურჩევდნენ.

 

ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში შემოსავლების სამსახურმა კახეთში პენსიებზე ინკასო მოხსნა და პენისონერებმა შვებით ამოსუნთქეს, მაგრამ ბაინდურაშვილის უწყების მოხელეებმა სხვა მიმართულებით უარესი ნაბიჯი გადადგეს.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა, კახეთში, სოციალურად დაუცველ 93 ოჯახს სოციალურ დახმარებაზე ინკასო დაუდო.

შემოსავლების სამსახური სოციალურად დაუცველებს სხვადასხვა დროს დაკისრებული ჯარიმებისა და საურავების გადახდას ედავება. 

 

ინკასოს გამო სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა მარტისა და აპრილის თვეების საარსებო შემწეობა ვერ მიიღეს. შემოსავლების სამსახურმა სოციალური დახმარება ბიუჯეტში გადარიცხა.