საერთაშორისო ბაზრებზე სურსათი პერმანენტულად იაფდება და უკვე 7-წლიან მინიმუმზე ჩამოვიდა. საქართველოში კი ყველაფერი პირიქითაა _ ინფლაციის ტემპი მიზნობრივს კარგა ხანია გადაცდა, ხოლო სამომხმარებლო ბაზარზე არნახული სიძვირეა. ამ შემთხვევაში საერთაშორისო ტენდენცია რატომღაც ჩვენზე არ მოქმედებს.
2015 წლის აგვისტოში მსოფლიო ბირჟებზე, 2008 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასების ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა.
უცხოელი ექსპერტების მონაცემებით, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ინდექსი აგვისტოში, ივლისთან შედარებით, 5,2%-ით შემცირდა და 155,7 პუნქტამდე დაეცა, რაც 2008 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სურსათის ყველა ძირითად დასახელებაზე ფასების შემცირება აღინიშნება.
კერძოდ, მარცვლეული, ივლისთან შედარებით, 7%-ით გაიაფდა, 2014 წლის აგვისტოსთან შედარებით კი - 15,1%-ით. ჩინეთის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მხრიდან მოთხოვნის შემცირებამ კი რძის პროდუქტების 9,1%-ით გაიაფება გამოიწვია.
ივლისთან შედარებით მკვეთრი, 10%-იანი ვარდნა დაფიქსირდა შაქარზეც, რაც აშშ დოლართან მიმართებაში ბრაზილიური რიალის გაუფასურების შედეგია. ერთადერთი პროდუქტი, რომლის ფასის ინდექსს ცვლილება არ განუცდია, ხორცია.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით, სურსათის ფასების შემცირება გასული თვეების ტენდენციაა. ამას კი იწვევს ენერგომატარებლების გაიაფება და ჩინეთის ეკონომიკაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებული ნეგატიური მოლოდინი. ასევე გასათვალისწინებელია სურსათის დიდი მარაგების არსებობა.
საერთაშორისო ტენდენციის საპირისპიროდ, საქართველოში გაძვირდა აბსოლუტურად ყველა დასახელების სურსათი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,58 პროცენტული პუნქტით აისახა. აგვისტოში ინფლაციის დონემ 1,0 პროცენტი შეადგინა. განსაკუთრებით გაძვირდა რძე, ყველი და კვერცხი, სურსათის ამ კატეგორიაში ფასების 9,4-პროცენტიანი ზრდაა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ფასი 6,3 პროცენტითაა მომატებული. ხილი და ყურძენი (48,3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14,9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (3,6 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (12,0 პროცენტი).
ლარის კურსის დაბალანსება ვერაფრით ხერხდება, ამიტომ მწარმოებლები და იმპორტიორები მორიგი გაძვირებისთვის ემზადებიან. მათ არაერთხელ უთქვსმთ, რომ ამჟამინდელი ფასების შესანარჩუნებლად ლარის კურსის 2.2-ის ფარგლებში დასტაბილურებაა აუცილებელი. ბოლო 2-3 დღეში დოლარი 2,5 ლარამდე ავარდა, შესაბამისად, მორიგი გაძვირება გარდაუვალია.
იგივეს ადასტურებენ სპეციალისტებიც. ეკონომისტ დემურ გიორხელიძის პროგნოზით, ფასების ზრდა გარდუვალი იქნება. მისი აზრით, სექტემბრის მიწურულს ყველაფერი უფრო აშკარა და ნათელი იქნება. სავარაუდოდ, წლიური ინფლაციის კონტურებიც გამოიკვეთება.
`რაც ახლა ხდება, მოულოდნელი არაფერია, ამაზე ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაბურობთ. უნდა დაველოდოთ, თუ რას მოიმოქმედებს როგორც სებ-ი, ასევე მთავრობა და შემდგომ შეიძლება ითქვას რა მოხდება. ეკონომიკა არავის პატიობს შეცდომებს და არც საქართველოს ხელისუფლება იქნება ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ყველაფერი დამოკიდებულია იმ პოლიტიკაზე, რასაც გაატარებს მთავრობა და ეროვნული ბანკი. გადააჭარბებს თუ არა ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელს, ამის თქმა სექტემბრის ბოლოსთვის შეგვეძლება. არც ეროვნულ ბანკს და არც მთავრობას კარგად არ აქვს გაცნობიერებული თუ რა ხდება ქვეყანაში“, - დასძინა გიორხელიძემ.