„საზოგადოებაში აჟიოტაჟი იმიტომ არის, რომ ხელისუფლების არ სჯერათ“

„საზოგადოებაში აჟიოტაჟი იმიტომ არის, რომ ხელისუფლების არ სჯერათ“

დოლართან მიმართებაში ლარი გაუფასურებას განაგრძობს, ოპოზიცია ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას მთავრობის პოლიტიკას უკავშირებს, მმართველი გუნდი კი გამოსავალს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს შექმნაში ხედავს.

ფინანსთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ლარის კურსის გაუფასურებას ეკონომიკური საფუძვლები არ უდევს, ოპოზიცია კი, მთავრობას იმ გადაწყვეტილებებს ახსენებს, რის გამოც, მათი მოსაზრებით, ლარმა გაუფასურება დაიწყო.

ამ დროის მონაცემებით, დოლართან მიმართებაში ლარის ნიშნული - 2,43-ია და for.ge-სთან საუბარში ფრაქცია - „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი კურსის გაუფასურების მიზეზად ხელისუფლების მხრიდან პრევენციული ღონისძიებების არგატარებას ასახელებს.

მისი თქმით, მთავრობა აცხადებს, რომ კურსის ვარდნის მიზეზი პანიკაა, თუმცა, საზოგადოებაში აჟიოტაჟი იმიტომ არის ატეხილი, რომ  მათ ხელისუფლების არ სჯერათ.

„საზოგადოება მთავრობისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვერ ხედავს, ისევე როგორც ვერ დავინახეთ - ანტიკრიზისული გეგმა“, - დასძინა ჩიქოვანმა, რომლის მსგავსად, ლარის გაუფასურებას მთავრობას უკავშირებს ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი.

for.ge-სთან საუბარში მელიქიშვილი აცხადებს, რომ მთავრობას გამოწვევების საპირისპირდოდ გეგმა უნდა ჰქონდეს.

მისი მოსაზრებით, არ შეიძლება, რომ მთავრობა ყველაფერს სხვას აბრალებდეს.

კანონმდებელი ფიქრობს, რომ ლარის ამ მდგომარეობაში ჩაყენების მთავარი პრობლემა დღევანდელი ხელისუფლებაა.

„უაზრო რეგულაციების შემოღება მოხდა, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას ბლოკავს. ამასთან, ექსორტისთვის არაფერი კეთდება და ქარხნები მხოლოდ ფურცლებზე იხსნება. საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა არ ხდება, რაც ჩავარდნილი ეკონომიკის პირობებში ლარს აწვება. როცა ლარზე მიბმულია ყველა სფერო - ტარიფები და ფასები,  ეს კარგ შედეგს არ მოიტანს. ხელისუფლება სხვის აზრს არ იზიარებს და იმისთვის წელიწადნახევარი დაგვჭირდა, რომ პრობლემები ეღიარებინათ. პრობლემები გამოწვეულია ხელისუფლების არაადეკვატურობით“, - აცხადებს მელიქიშვილი, რომელიც პროგნოზირებს, რომ სამწუხაროდ, ლარს სახარბიელო პერსპექტივა არ აქვს.

თანაგუნდელის მსგავსად, ლარის კიდევ უფრო გაუფასურებაზე აპელირებს გიორგი ვაშაძე, რომელიც for.ge-სთან აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება შედეგია იმ არასწორი პროექტების, რომელიც პარლამენტმა მიიღო.

დეპუტატი ფიქრობს, რომ პრობლემები წარმოქმნა: გადასახადების შემცირებაზე უარის თქმამ, მიწაზე მორატორიუმის გამოცხადებამ, შრომის კოდექსმა და კიდევ სხვა მრავალმა პროექტმა.

„რეგიონში პრობლემაა და უკრაინაში ომია, თუმცა, გრივნა საკმაოდ სტაბილურია. რატომ ხდება, რომ საქართველოში დოლარის კურსი ისევ გარბის? - არასწორი ნაბიჯების გადადგმა გრძელდება. მათ შორის, ეროვნული ბანკიდან ზედამხდველობის სააგენტო გამოყოფა მოხდა, რაც დამღუპველია. ინვესტორებისთვის მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად, ვითარება გაუარესდა. ასევე მოხდა ტურიზმის მიმართულებითაც. ისეთ ჯაჭვში შევედით, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთულია“, - აცხადებს ვაშაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური კი, ლარის გაუფასურებას არ ელის და გამოსავალს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს შექმნაში ხედავს.

როგორც for.ge-ს მეჭიაურმა განუცხადა, საბჭო რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაკომპლექტდეს, რათა მის მიერ სიტუაციის შესწავლა  მოხდეს და ლარის რყევის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები დადგინდეს.

კანონმდებელი თვლის, რომ რომ ლარის ასეთი რყევები აღარ იქნება, რაც ამ დროისთვის ძალიან საეჭვო შთაბეჭდილებას ტოვებს.

„მიზეზებზე საუბარი მიჭირს, რადგან ინფორმაციებს არ ვფლობ“, - დასძენს დეპუტატი, ფრაქცია - „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე კი, ვალუტის გაუფასურებას მსოფლიო პოლიტიკის ჭრილში განიხილავს.

for.ge-სთან საუბარში თოფაძე ამბობს, რომ ვალუტების რყევა პლანეტის ტრაგედიაა.

თოფაძის თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ბევრ ქვეყანაში მოხდა.

„ჩვენ კიდევ რაღაც ნიშნული შევინარჩუნეთ. ყაზახეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ მათი ვალუტაც გაუფასურებას განიცდის. ეს არავის ბრალი  არ არის. შეიძლება, ეროვნული ბანკის მიერ ეროვნული ვალუტის ინტერვენცია საკმარისად არ გაკეთდა, რასაც იძიებენ. დოლარმა ყველა ვალუტა გააუფასურა. საგანგაშო არაფერია, რადგან იცით, რომ ლამის ჩინეთი წააქციეს. ჩინელები ფეხზე იმის გამო დადგნენ, რომ მათი საშუალო ხელფასი 30 დოლარი იყო, ისინი კი, დღე-ღამე მუშაობდნენ. მთავრობა არაფერ შუაშია. ქვეყნის ეკონომიკა მუშაობს“, - დასძინა თოფაძემ.

რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აპრილის შემდეგ, ყველა ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესება დაიწყო და ინვესტიციების მოცულობაც გაიზარდა.

მისი მტკიცებით, ციფრებში გამოსახული ეკონომიკური ფაქტორები იმის საშუალებას არ იძლევა, რომ კურსი ასეთი მერყევი იყოს.

კაკაურიძე მიიჩნევს, რომ კურსის ვარდნა აჟიოტაჟის ბრალია, რომელიც მალევე ჩაცხრება, რადგან თუკი კურსის გაუფასურებას ეკონომიკური საფუძვლები არ უდევს, შეუძლებელია, რომ კურსი არარელურად მაღალი იყოს.

„დღეის მონაცემებით, ეკონომიკური ციფრები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ კურსი უფრო სტაბილური უნდა იყოს, ვიდრე შარშან იყო“, - დასძენს  კაკაურიძე.