„როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტი იაფდება, ჩვენთან ინფლაციის ტემპი იზრდება“

„როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტი იაფდება, ჩვენთან ინფლაციის ტემპი იზრდება“

სპეციალისტები მაღალ ინფლაციას პროგნოზირებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სოციალური ვითარება ძალიან დაიძაბოს. ლარის არაადეკვატურმა გაუფასურებამ ხალხიც და სპეციალისტებიც საგონებელში ჩააგდო.

ინფლაციური პროცესის გაღრმავების საფრთხეს ხედავს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე. ის არ გამორიცხავს, ლარის დევალვაცია ინფლაციურ ზეწოლაში გადაიზარდოს.

„ინფლაციური პროცესი, ფაქტობრივად, დაწყებულია. ფასების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია მედიკამენტებზე და კვების პროდუქტებზე. ამ დრომდე კი მხოლოდ ჰაერზე ლაპარაკი გვესმის. საუბრები იმაზე, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები კარგია და სპეკულაციური მომენტებია მხოლოდ, არის სულელური და არაკომპეტენტური. საბაზრო ეკონომიკაში მთავარი პრობლემა არ არის სპეკულანტები. საუბარია იმაზე, რომ მონოპოლურ მსხვილ ფინანსურჯგუფებს სახელმწიფოს უმაღლესი სტრუქტურები ეხმარებიან - ეს არის ყველაზე დიდი საზიზღრობა, რამაც დამატებითი წნეხი წარმოშვა“, - განმარტა გიორხელიძემ და დასძინა, რომ მთავარი პრობლემა მთავრობის უუნარობაშია, რომელიც მოქმედებს ისე, როგორც თვითონ მიაჩნია სწორად და არა ისე, როგორც ეს ეკონომიკას სჭირდება.

ანალიტიკოსი ლევან კალანდაძეც ინფლაციური პროცესების განვითარებას ელის. მისი აზრით, ასეთი მდგომარეობა გამოიწვია ეროვნული ბანკის უმოქმედობამ, რადგან მან საზოგადოების ინფორმირებულობა ვერ უზრუნველყო. გარდა ამისა, სებ-ს ბოლო ორი თვის განმავლობაში არ გამოუყენებია სავალუტო ინტერვენცია მაშინ, როცა შოკი ორი კვირის წინაც და გუშინაც იყო.

„გვქონდა 5%-იანი მიზნობრივი წლიური ინფლაცია, რომელიც დაძლეულია და დღეს ინფლაცია უკვე 5%-ზე მეტია. ამ ნაწილში სერიოზული რისკია. საშუალოვადიან პერიოდში თუ არ გამოვიყენეთ ის ინსტრუმენტები, რაც გვაქვს, ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო ზემოთ წავა. ეს ხდება მაშინ, როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტი იაფდება, რაც ჩვენთვის დადებითი ფაქტორია. ჩვენ ვართ ნავთობპროდუქტების შემომტანი ქვეყანა, რაც საგადასახდელო ბალანსზე პოზიტიურად აისახება. ამ პირობებში კი, როცა საერთაშორისო ბაზრაზე ნავთობი იაფდება, ჩვენთან ინფლაციის ტემპი მაღალია, არადა ახლა პირიქით უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, მალე პირველადი მოხმარების პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდება~, - აცხადებს ლევან კალანდაძე.

მისი თქმით, გაძვირდება ასევე პირველადი მომსახურება, მათ შორის, ჯანდაცვა და თითქმის ყველა დასახელების საკვების პროდუქტები. „ეს ყველაფერი სავალუტო კრიზისის გამწვავების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენ სახეზე გვაქვს იმის ნიშნები, რომ სავალუტო კრიზისი შეიძლება გაღრმავდეს“, - განაცხადა კალანდაძემ.

„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძეც ვარაუდობს, რომ ქვეყანა შეიძლება სოციალური აფეთქების წინაშე აღმოჩნდეს. ის წინასწარ პრგონოზს არ აკეთებს, თუმცა ინლაციური პროცესები გაღრმავებას ელის.

„მიზნობრივ ინფლაციას ჩვენ აგვისტოში უკვე გადავცდით, დღეს 5.4%-ია. სამწუხაროდ, ფასები იმატებს პირველადი საჭიროების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, ჯანდაცვაზე. ინფლაციაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა. ამ პროცესის კიდევ უფრო გაღრმავებას ველოდებით.

შესაძლოა, ანალიტიკოსებმა ბევრი ვერსია და ვარაუდი გამოვთქვათ, მაგრამ მთავარია, მათი მუშაობა, რომლებიც უშუალოდ აკონტროლებენ ქვეყნის ფინანსებს, ვალუტის შემოსვლასა და გადინებას“, - აცხადებს კეპულაძე.

უარყოფილითი მოლოდინი აქვთ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაშიც, სადაც მიაჩნიათ, რომ სასწრაფოდ უნდა გაანალიზდეს ლარის კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რაც ამ ეტაპისთვის არსებობს.

„მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით განსაკუთრებული არაფერი ხდება, ანუ ლარზე ზეწოლის მხრივ, უარყოფითი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. მნიშვნელოვანია დავაფიქსიროთ ეროვნული ბანკის როლი ამ პროცესში, რომელმაც უნდა მოახერხოს, რომ ლარის გაუფასურებამ ნაკლები ზიანი მიაყენოს ქვეყნის მოსახლეობასა და ეკონომიკას. ნაცვლად ამისა, ეროვნული ბანკი განაგრძობს იაფი ფულის პოლიტიკის გატარებას, ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთებს ინარჩუნებს დაბალ დონეზე და ამით საგარეო შოკისგან დასუსტებულ ლარს კიდევ უფრო ასუსტებს“, - აცხადებს აფბა-ს წარმომადგენელი შოთა გულბანი.

„საზოგადოება 20/30“-ის წევრი, ეკონომისტი ნოდარ ჭიჭინაძისთვის მიუღებელია ხელისუფლების დუმილი იმ პირობებში, როდესაც ლარის საბაზრო კურსმა უკვე 2,5-ს მიაღწია. ამ დუმილის მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა არც ერთი პროგნოზი არ გამართლდა ლარის კურსის დასტაბილურებასთან დაკავშირებით. ამიტომ ისინი, უბრალოდ, აღარ აკეთებენ ამ საკითხზე კომენტარს და აღარ იღებენ პასუხისმგებლობას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი, როგორც ჭიჭინაძე ამბობს, დემაგოგიურ განცხადებებით გამოდის.

„2,4 არის ის ნიშნული, რომლის გადალახვის შემდეგ ეკონომიკური გუნდის მიმართ ნდობა იკარგება. ამ ვითარებაში კი ეკონომიკის მინისტრი იწვევს პრესკონფერენციას და აკეთებს არაადეკვატურ განცხადებას რუსეთიდან მგზავრთა ნაკადის გაზრდაზე. ამ დროს საზოგადოებას აინტერესებს თუ როგორი შეიძლება იყოს ლარის კურსი და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურების შემთხვევაში“, - განაცხადა ჭიჭინაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ბოლო კვირებში ლარის მკვეთრ გაუფასურებას ტურისტული სეზონის დასრულებით ხსნის. მისი შეფასებით, ახლა ის პერიოდია, როდესაც თითქმის ყველა უცხოელმა ტურისტმა დატოვა საქართველო, რის გამოც დოლარის დიდი ნაკადები შეწყდა.

მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ხელისუფლებიდან კონტრნაბიჯები არ იდგმება, ეროვნული ბანკი კი დისკრედიტებულია.

„დეკემბრის ბოლოს გიორგი ქადაგიძე გამოვიდა და განცხადება მაინც გააკეთა, ახლა ესეც არ ხდება, არადა ასეთი ავტორიტეტების გამოსვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. სავარაუდოდ, იმიტომ არ ხდება მსგავსი რეაგირებები, რომ მათი მოლოდინები არ გამართლდა, შედეგად, მათ სიტყვას ფასი აღარ აქვს, ანუ ნდობაა დაკარგული“, _ აცხადებს ნამჩავაძე.