კავკასიაში წონასწორობაში ცვლილების ნიშნები სომხეთისთვის საგანგაშო სიგნალი გახდა. ქვეყანაში გაძლიერდა იზოლაციის განცდა იმ ახალი ნაბიჯების გამო, რომელსაც საკვანძო რეგიონალური მოთამაშეები რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი დგამენ
რუსეთმა ახლახანს მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, ხოლო თურქეთი ბაქოს და თეირანს შორის სომხურ-ირანული ურთიერთობების საკითხში კავშირების გაბმას შეეცადა, რაც აზერბაიჯანის გაღიზიანებას იწვევს.
ირანი მნიშვნელოვანი ეკონომიკური საყრდენია სომხეთისთვის, რომელიც თურქეთის და აზერბაიჯანის ბლოკადის მსხვერპლია. ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს მის ქრისტიან მეზობელს პოლიტიკურად, რადგან გრძნობს რომ მისი მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანული უმცირესობა აძლიერებს ბაქოსთვის თეირანის მოწყვლადობას. ეთნიკური აზერბაიჯანელები ირანის ყველაზე დიდი უმცირესობაა. ისინი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს შეადგენენ.
თურქეთის, აზერბაიჯანის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი კვირის წინ შეხვედრა გამართეს ირანის ჩრდილო-დასავლურ ქალაქ ურმიაში, ცდილობდნენ რა საკუთარ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.
რუსეთს სომხეთთან მჭიდრო კავშირები აქვს და მის მცდელობებს ურთიერთობა გააუმჯობესოს აზერებაიჯანთან, ანკარასთვის შეუმჩნეველი არ დარჩა. თურქი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ 2008 წლის ომი საქართველოში ნეგატიურად აისახა მოსკოვის პოლიტიკაზე კავკასიაში. რუსეთს სურს აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რათა კიდევ უფრო მჭიდროდ მოაქციოს რკალში საქართველო, ასევე შექმნას ახალი მარშრუტი ირანთან თანამშრომლობისთვის – ამბობენ დიპლომატები. შეთანხმება რომელიც ახლახანს რუსეთს, აზერბაიჯანს და ირანს შორის გაფორმდა, მოსკოვის ახალი პოლიტიკის კიდევ ერთი მაჩვენებელია.
ამ სამმა ქვეყანამ თებერვალში მოილაპარაკა ერთობლივი საწარმოს შექმნაზე, რომელიც ააშენებს 350 კილომეტრიან სარკინიგზო ხაზს თეირანის ჩრდილოეთით მდებარე კაზვინიდან – რაშტამდე და შემდეგ აზერბაიჯანის კასპიის ზღვის საპორტო ქალაქ ასტარამდე. ახალი მონაკვეთი მნიშვნელოვნად შეამცირებს მანძილს თეირანიდან – ბაქომდე, ასევე შექმნის გაცილებით მოკლე მარშრუტს რუსეთის და ირანის პორტებს შორის.
ამავდროულად, რუსეთი არანაკლებ აქტიურად ეძებს გახანგრძლივებული სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარების გზას, რომელიც ქვეყნებს სადავო რეგიონის მთიანი-ყარაბახის გამო აქვთ. ამის შესახებ Hürriyet Daily News & Economic Review-ს თურქულმა წყაროებმა შეატყობინეს. „ისინი ჩვენ ყველა ინფორმაციას არ გვაწვდიან, მაგრამ გვესმის, რომ რუსული დიპლომატიის წყალობით გაჩნდა ზოგიერთი შემოქმედებითი და კონსტრუქციული იდეა ჩიხური სიტუაციის გადალახვისთვის“ – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
სამმხრივი შეხვედრა თურქულ ენაზე
როდესაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა პირველ სამმხრივ შეხვედრაზე თურქ და ირანელ კოლეგებს ინგლისურ ენაზე მიმართა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ის უმალ გააჩერა და სთხოვა მშობლიურ ენაზე ესაუბრა.
თურქებს აზერბაიჯანული დიალექტი ესმით, რომელზეც როგორც მშობლიურ ენაზე ისე საუბრობს ირანის მოსახლეობის 20%. როდესაც მამედიაროვმა აზერბაიჯანულად დაიწყო ლაპარაკი, შეხვედრის ყველა მონაწილემ ირანის დელეგაციის ორი წევრის გარდა, ყურსასმენები მოიხსნა და უარი სთქვა სინქრონულ თარგმანზე.
ეს შეხვედრა ორი კვირის წინ ირანის ქალაქ ურმიაში ჩატარდა, რომელიც ამავდროულად დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის დედაქალაქიცაა.
„იმას რომ სამმხრივი შეხვედრა ქალაქ ურმიაში გაიმართა, დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს“ – განუცხადა Hürriyet Daily News & Economic Review-ს თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
თურქეთს სურდა ირანისთვის ეგრძნობინებინა, რომ მისი აზერბაიჯანული უმცირესობა არა მინუსი არამედ პლიუსია თეირანის და ბაქოს ურთიერთობებისთვის.
ანკარას ბაქოსთვის და თელ-ავივისთვისაც სურდა იმის მინიშნება, რომ თურქეთის და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების შეცვლა ისრაელ-აზერბაიჯანული ურთიერთობებით შეუძლებელია. დაძაბულობამ რომელიც თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში გაჩნდა ანკარას მცდელობების გამო ერევანთან ურთიერთობების ნორმალიზება მოეხდინა, თელ-ავივს და ბაქოს თანამშრომლობის განვითარება მოჰყვა.
ამ სიმბოლური სიგნალების მნიშვნელობის მიუხედავად, თურქეთის მთავრობას ორ ქვეყანას შორის კონკრეტული პროექტების ხილვა სურს.
„შეიქმნება ეკონომიკური კომიტეტი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის ერთობლივი საწარმოების, სასაზღვრო პუნქტების განახლების, საბაჟო წესების გამარტივებისა და თურქეთს, ირანს და აზერბაიჯანს შორის პრეფერენციალური ვაჭრობის ნორმების გამოყენების გზით“ – ნათქვამია ერთობლივ კომუნიკეში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
მიუხედავად ამისა, გაერო-ს სანქციები ირანის წინააღმდეგ მისი ბირთვული პროგრამის გამო, უდაოდ სერიოზულ დაბრკოლებებს შეუქმნის სამმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას.
[foreignpress.ge]