" ჩვენ უარს ვამბობთ პროვოკაციულ პროცესებში მონაწილეობაზე“

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ სახეები, რომლებიც მევენახეების სახელით განცხადებას აკეთებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან. მეტიც - ბევრ მათგანს არ გააჩნია საკუთარი ვენახიც კი. ყურძნის ჩაბარება ქარხნებში შესაძლებელია ყველა იმ ადგილზე, სადაც რთველი მიმდინარეობს და ყურძენი არის სიმწიფის შესაბამის კონდიციაში - ეს არის დედოფლისწყარო, სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი და ყურძენს იბარებენ ასევე, ყველა იმ მონაკვეთში, სადაც ყურძენი უკვე მოწეულია.

საწარმოები გახსნილია თელავშიც, მაგრამ სწორედ ამ რაიონებიდან იღებენ ყურძენს, რადგან თელავში, საგარეჯოში და ახმეტაში ყურძენი ჯერ არ არის მოწეული. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სწორედ ეს აძლევს საშუალებას იმ პროვოკატორებს, რომლებიც ტელევიზიით გამოდიან და საუბრობენ რთველის წარუმატებლობაზე, აიყოლიონ მოსახლეობა და ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში არშესული რთველის შესახებ აკეთონ განცხადებები.

შესაძლებელია თუ არა რთველის მიმდინარეობისას ფასების მომატება, არიან თუ არა აქციის მინაწილეები მევენახეები და ვინ დგას ამ დაპირისპირების უკან? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ლევან დავითაშვილს ესაუბრა.

დღეის მდგომარეობით ფასები არის მინიმუმ 70 თეთრი, საფერავის შემთხვევაში - 85 თეთრზე ნაკლები არ არის და 1ლარზე მეტი ფასიც დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, მოსახლეობის პროტესტი გრძელდება და ამბობენ, რომ ქარხნები მზად არ არიან ყურძნის მისაღებად. ბატონო ლევან, რეალურად რასთან გვაქვს საქმე?

-ყველა ქარხანა მზად არის ყურძნის მისაღებად, თუმცა ინტენსიურად ვერ მიმდინარეობს რთველი იქიდან გამომდინარე, რომ ყურძნის სიმწიფის კონდიცია არ არის სათანადო. რაც შეეხება ფასებს, აბსოლუტურად მესმის ადამიანების - ყველას მეტი გვინდა. ფსიქოლოგიურად რთულია, როდესაც ადამიანს უმცირდება შემოსავალი. მინდა გითხრათ, რომ ფასების თვალსაზრისით, შარშან გადაჭარბებულად კარგი წელი იყო - ბოლო წლებში ფასების კუთხით ასეთი წელი ფაქტობრივად, არ გვქონია.

შარშან იგივე პერიოდში ვერ წარმოვიდგენდით, რამდენად რთული მდომარეობა შეიქმნებოდა რეგიონში პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით; თანაც, ეს აისახებოდა ჩვენს ეკონომიკურ მდგომარებაზე და კონკრეტულად ამ დარგზე; მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა, სახელმწიფომ კვლავ აიღო ვალდებულება, შეენარჩუნებინა სუბსიდიის ის ნიშნულები, რომელიც შარშან არსებობდა და ეს საკმაოდ მაღალი ნიშნულია.

თქვენ არ გამორიცხეთ, რომ რთველის მიმდინარეობისას ფასი გაიზარდოს, თუმცა ამის მიუხედავად ,აქციის მონაწილები სახელმწიფოს უყურადღებობაში სდებენ ბრალს, ისინი არ იზიარებენ სახელმწიფოს მიდგომას ამ საკითხისადმი. იზიარებთ მოსაზრებას, რომ მევენახეების აქცია მართულია გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიერ?

-რთველის დასაწყისში ფასი უფრო ნაკლებია, რთველის მიმდინარეობისას კი უფრო იზრდება მოთხოვნის შესაბამისად. ადამიანებს აქვთ უფრო მაღალი ფასის მოლოდინი, ეს განწყობა არის მოსახლეობაში და ამ მუხტის გამოყენება როგორ მოხდება, ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ შედეგებს, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალს. არიან ორგანიზებული დაინტერესებული ძალები, რომლებიც ნეგატივზე არიან ორიენტირებული.

ანუ ამ მუხტს არასახელმწიფოებრივად გამოყენება ხდება მათი მხრიდან?

-ადამიანებს უქმნიან ცრუ მოლოდინებს და შეცდომაში შეჰყავთ. მეტსაც გეტყვით, ადამიანებს ერთმანეთთან აპირისპირებენ. ანუ, კახელ მოსახლეობას აპირისპირებენ დანარჩენ საქართველოსთან. რიგ რეგიონებში უკვე აქტიურად გვესმის ადამიანების დამოკიდებულება, როგორ შეიძლება გადასახადის გადამხდელის ფულის კახელი გლეხებისთვის განაწილება.

ეს არის გამიზნული პროვოკაცია და იმ მშრომელი მოსახლეობის დისკრედიტაცია, რომლებიც მევანახეობით არიან დაკავებული, ასეთი აქციებით ცდილობენ მევენახეების ნაკლებად ღირსეული სახით წარმოჩენას, რაც არასწორია და პროვოკაციის ელემენტებს ატარებს.

არის თუ არა პროცესები ორგანიზებული გარკვეული ჯგუფის მიერ, ალბათ ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. მით უფრო, არსებობს ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეების უმრავლესობას საერთოდ არ გააჩნიათ ვენახი. ბატონო ლევან, თქვენი ინფორმაციით აქციის მონაწილეები არიან თუ არა მევენახეები?

-გვაქვს ეს ინფორმაცია, რომ ისინი მევანახეები არ არიან. შესაბამისი სტრუქტურები ალბათ დეტალურად მოიკვლევენ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ეს ინფორმაცია. წლებია მუშაობა მიწევს ამ რეგიონში, ჩემთვის უცხო არ არის ეს სფერო და ჩემი ინფორმირებულობაც საკმაოდ მაღალია. კახეთში მასობრივად საუბრობენ, რომ ეს ადამიანები არ არიან მევანეხეები, ისინი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები არიან. ალბათ, შესაბამისი სტრუქტურები ყურადღებას მიაქცევენ ამ ფაქტს, რადგან საზოგადოებამ რეალურად უნდა იცოდეს რა ხდება.

მევანახეებს სურთ სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და მასგან ითხოვენ პასუხებს. ბატონო ლევან, რატომ ვერ მოხერხდა მინისტრის და აქციის მონაწილეების კომუნიკაცია?

-მინისტრს რეგულარულად უწევს ჩასვლა კახეთში, რადგან სამუშაო პროცესებს ხელმძღვანელობს. თითქმის ყოველდღე კახეთში იმყოფება. ჩვენ მივდივართ ჩამბარებელ ქარხნებში, სადაც ვხვდებით მევენახეებს. რაც შეეხება აქციაში მონაწილეობას, მინისტრმა თქვა და მეც ვიზიარებ, რომ არ შეიძლება პროვოკაციულ პროცესებში მინისტრის თანამონაწილეობა და ჩართვა.

ჩვენთვის მიუღებელია იმ ფორმატში საუბარი, რა ფორმატსაც ითხოვენ პროვოკატორი ლიდერები. ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერ სხვა ფორმატში საუბარი, სადაც დიალოგის და საუბრის საშუალება იქნება და არა ისეთ რეჟიმში, როგორსაც ჩვენ ვადევნებთ თვალს.

თუკი იქნება საჯარო განხილვა, მზად ვართ, ჩავერთოთ ამ პროცესში, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან მყარი და მკაფიო პოზიცია გვაქვს. იმდენად მყარია ჩვენი პოზიციები, რომ საუბრის არანაირ ფორმატს არ გავურბივართ და მით უფრო გლეხებთან.

კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს, ჩვენ უარს ვამბობთ პროვოკაცულ პროცესებში მონაწილეობაზე.