საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ღრმა კი გამოვიდა, მაგრამ ყოვლისმომცველი ნამდვილად არა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ქართველ მწარმოებელთა ერთი ნაწილი და სტატისტიკითაც, სავაჭრო ურთიერთობის მხრივ საქართველოს შედეგი მიზერულია. ხელშეკრულება უკვე 1 წელზე მეტია მოქმედებს და ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი არ გაზრდილა. თუ მატებაა - ისევ იმპორტის მხრივ.
„ჯორჯიან ბიზნეს ზონის“ დამფუძნებელი ნინო ზამბახიძე განმარტავს, რომ დამაბრკოლებლად იქცა ის რეგულაციები და რეფორმები, რომელთა გატარებაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით დაეკისრა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ევროკავშირის ბაზრისთვის ISO სერთიფიკატი აღებული აქვს, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ქართული ყველის გატანას ევროკავშირში ვერ შეძლებს.
მაღალი რისკის პროდუქტებთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს ვადა 2025 წლამდე აქვს, თუმცა არ არის გამორიცხული, ქვეყანამ რეგულაციები დროზე ადრე მიიღოს.
ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ საბოლოოდ, საქართველო ევროკავშირმა სურსათის უვნებლობის მიმართულებით კეთილსაიმედოდ უნდა სცნოს, რისთვისაც უამრავი ცვლილების განხორციელება მოუწევს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იურდიული დეპარტამენტის უფროსი მაკა შუბლაძე აცხადებს, რომ ევროკავშირში ცხოველური წარმოშობის პროდუქციის გასატანად პირველ რიგში საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის დაახლოება უნდა მოხდეს. ხოლო მას შემდეგ, რაც სახელმწიფო და ბიზნეოპერატორები მზად იქნებიან, კანონმდებლობით გაწერილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საქართველო ევროკავშირის სპეციალურ სიაში უნდა მოხვდეს.
მაკა შუბლაძის თქმით, ამ სიაში შესვლით საქართველო ევროკავშირში ცხოველური წარმოშობის პროდუქციის შეტანის უფლებას მოიპოვებს.
„მოწესრიგებული უნდა იქნას რძის ჩამბარებელი და შემგროვებელი პუნქტები. ასევე მოწესრიგებული უნდა იყოს წარმოების დონე. მოწესრიგებულობაში იგულისხმება ზოგადი და სპეციალური ჰიგიენური მოთხოვნები. რეგულაციები არსებობს მაგალითად ჭერის, იატაკის, ინფრასტრუქტურის შესახებ, შიდა სისტემების შესახებ, მაგალითად „ჰასპის“ სისტემა, ასევე რეგულაციების პერსონალის ცოდნის შესახებ და ა.შ. ბევრი მოთხოვნაა, რაც დაკმაყოფილებული უნდა იყოს ყველა ეტაპზე“, _ აღნიშნავს მაკა შუბლაძე `კომერსანტთან~ საუბრისას.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) ამოქმედებიდან ერთი წელი გავიდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში მისგან სარგებელი ჩვენ ქვეყანას თითქმის არ უგრძვნია. სავაჭრო კომპონენტში თუ მატებაა ისევ და ისევ იმპორტის მხრივ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1724 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 %-ით მეტია, აქედან ექსპორტი 0,4%-ით ნაკლებია, ხოლო იმპორტი 3%-ით მეტი.
წინასწარი კვლევების მიხედვით, DCFTA -ს გაფორმების შემდეგ ქართული პროდუქციის ექსპორტი 12%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო იმპორტი 7,5%-ით, თუმცა, როდის მიაღწევს საქართველო ამ მაჩვენებლებს, ამის თქმა ჯერ შეუძლებელია.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ მთავარი, რაც ამ ხელშეკრულებას უნდა მოეტანა, ევროპაში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა უნდა ყოფილიყო, რაც არ მოხდა. ნამჩავაძის განცხადებით, ეს მარტო სავაჭრო პოლიტიკაზე დამოკიდებული არ არის და საქართველოს პროდუქციის ექსპორტზე გასატანად შიდა წარმოების განვითარება სჭირდება.
„მარტო ის, რომ ბუნებრივად გვაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნაწარმი და ამისთვის ბაზარი გაგვეხსნა, არაფერს მნიშვნელოვანს არ მოგვცემს. ზოგადად ხელშეკრულებას მხარს ვუჭერ, არის განსაკუთრებით წინსვლა სურსათის უვნებლობის მიმართულებით, თუმცა, ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება ბევრი სხვა მძიმე რეფორმისაც, რომელიც აუცილებელია განვითარებული ქვეყნებისთვის, მაგრამ მძიმე სოციალური ტვირთი იქნება საქართველოსთვის. 2018 წლამდე მოგვიწევს ბევრი ასეთი მძიმე რეფორმის გატარება, მაგალითად რაც ახლა გადავავადეთ - მანქანების ტექდათვალიერება“, _ აცხადებს ბესო ნამჩავაძე.
მისივე განცხადებით, DCFTA-ს დადებითი შედეგი ცალსახად უნდა აისახოს ექსპორტის მაჩვენებელზე, სხვა ყველა დადებითი შედეგი კი პოლიტიკური იქნება.