შეფუთვა თუ გაძვირება - რა მოჰყვება პურის ახალ რეგლამენტს?

შეფუთვა თუ გაძვირება - რა მოჰყვება პურის ახალ რეგლამენტს?

პურის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც იანვრიდან უნდა ამოქმედდეს,  მეწარმეებს ახალ თავსატეხს გაუჩენს. გარდა ამისა, შეიძლება დაზარალდნენ მომხმარებლებიც.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი იანვრიდან პური შეფუთვისა და ეტიკეტირების გარეშე აღარ გაიყიდება. ეს, სავარაუდოდ, 2016 წლიდან მოხდება და ფასის კორექტირებასაც გამოიწვევს.

„პურის რეგლამენტზე მუშაობა გასულ კვირას დასრულდა. დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა შემიძლია ზოგადად გითხრათ, რომ ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რომელი ხარისხის ფქვილისგან არის გამომცხვარი პური, ხოლო პურის შიგთავსი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას“, - განაცხადა სოფლის მეურეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.

როგორც კი პურის ეტიკეტსა და შეფუთვაზე დაიწყო საუბარი, მეწარმეებმა მაშინვე მისი გაძვირება დააანონსეს. ტენდენციამ იმდენად უსიამოვნო ხასიათი მიიღო, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკან დაიხიეს, მათი განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება დამტკიცებული არ არის, რადგანაც რეგლამენტი ჯერ დამუშავების პროცესშია და შესაბამისი ვალდებულება მეწარმეებს ამ ეტაპზე არ აკისრიათ.

პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძეც განმარტავს, რომ პურის შეფუთვისა და ეტიკეტირების თაობაზე ინფორმაცია არასწორად გავრცელდა. მისი თქმით, ის პურის რეგლამენტის დამუშავების პროცესში ჩართულია და პურის შეფუთვის ვალდებულებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის.

„ლაპარაკი არის პურის ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც ითვალისწინებს როგორც შეფუთული, ასევე შეუფუთავი პურის წარმოებას, ეს არის მთელი მსოფლიოს სტანდარტი, რადგანაც ზაფხულობით, პირიქით, რეკომენდირებულია, რომ არ შეიფუთოს პური, რადგანაც ეს ხელს უწყობს პურის დაავადების გავრცელებას“, -აღნიშნავს მალხაზ დოლიძე.

მისი ინფორმაციით, პურის რეგლამენტი ვერ დაავალდებულებს კომპანიებს ყველა სახის პურის შეფუთვას, რადგან ეს არ არის რეკომენდირებული.

„ყველა პურის შეფუთვა აუცილებელი არ უნდა იყოს, ვერც შეფუთავ ქართულ პურს. პურს უნდა ჰქონდეს დოკუმენტი, ფაქტურა, ზედდებული, მაღაზიაში რომ მიიტანენ. ზაფხულში პურის შეფუთვა არარეკომენდირებულია, რადგან შეფუთულ პურს შეიძლება კარტოფილის დაავადება გაუჩნდეს. ყველა პურს უნდა ჰონდეს დოკუმენტი, რომ მისი შემადგენლობა ასეთია“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრიკი ირწმუნება, რომ დღევანდელი მოცემულობით პურის გაძვირების საფუძველი არ არსებობს. მოქმედებს სტანდარტი, რომლის თანახმადაც, კონკრეტული წარმადობის პირობებში, მეწარმემ განსაზღვრული რაოდენობის პური უნდა გამოაცხოს. დღეს კი, ოთარ დანელიას თქმით, მწარმოებლები ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი პურის წარმოებაში ეჯიბრებიან.

სამინისტროს პოზიციას არ იზიარებენ მეწარმეები. კომპანია „იფქლში“ „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ეტიკეტირებისა და შეფუთვის ვალდებულების დამატების შემთხვევაში პურის გაძვირების დიდი ალბათობა არსებობს, რადგანაც ეს მეწარმებიისთვის დამატებითი ხარჯი იქნება.

„ტყუილად არც შეფუთვას მოგვცემს ვინმე და არც ეტიკეტს, გააჩნია რამხელა ხარჯი იქნება და აიტანს თუ არა ამას კომპანია ისე, რომ პური არ გააძვიროს“, - აღნიშნავს კომპანიის ხელმძღვანელი, შაქრო ბაკურაძე.

მისივე ინფორმაციით, პურში, რომელიც მაღაზიაში 90 თეთრად იყიდება, შეფუთვის წილი დაახლოებით 5-10 თეთრია.