მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში ათეულ ათასობით ადამიანი მერამდენე დღეა მძაფრ პროტესტს გამოხატავს. მიტინგზე უკვე ითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას და არა უგვიანეს 2016 წლის მარტისა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. პოლიტიკურ მოთხოვნებს ეკონომიკური სარჩული უდევს. საქართველოში თითქმის არავინ საუბრობს ამ საპროტესტო გამოსვლების რეალურ მიზეზზე, არადა ის, რაც მოლდოვაში მოხდა, სრულიად შესაძლებელია აქაც „ჩაატარონ“.
1990–იანი წლების შემდეგ ეს მოლდოვაში ყველაზე მასშტაბური აქციაა. დიდი ეროვნული კრების მოედანზე 100 ათასზე მეტი ადამიანია გამოსული. აქტივისტების ნაწილმა კარვებიც გაშალა. ისინი აცხადებენ, რომ მანამ არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
კიშინიოვის აქციის ორგანიზატორიები ითხოვენ იმ 1 მილიარდი ევროს დაბრუნებას, რომელიც ვითომდა სამი კომერციული ბანკიდან მოიპარეს ხელისუფლების ჩუმი თანხმობის ფონზე. ეს ისტორია მოლდოვაში „საუკუნის ძარცვის“ სახელითაა ცნობილი. ლიდერები დაჟინებით ითხოვენ ქვეყნის პრეზიდენტის, ასევე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის, გენერალური პროკურატურის, ანტიკორუფციული კომისიის და მოლდოვის სხვა სახელისუფლებო ორგანოების გადადგომას.
მოლდოვის პრეზიდენტი ნიკოლაი ტიმოფტი კი გადადგომას არ აპირებს. „ეს მოთხოვნა ერთ ღამეში აქციაზე დაიბადა და პროტესტის ლაიტმოტივი გახდა. არსებულ ვითარებაში პრეზიდენტის გადადგომა არ არის ქვეყნის ინტერესებში, ტიმოფტი არ გადადგება“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, იონ პედურარუმ.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ფიქრობს, თუ რა შეიძლება შესთავაზოს მან დემონსტრანტებს, რომლებიც მის გადადგომას უკვე მერამდენე დღეა, ითხოვენ.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ კომერციულმა ბანკებმა დააბრუნონ მოპარული მილიარდი დოლარი და გადადგეს ყველა, ვინც დაკავშირებულნი არიან ამ აფერასთან.
1 მლრდ დოლარის, ანუ ქვეყნის მშპ–ს მერვედის გატანამ ქვეყნის სამი უმსხვილესი ბანკიდან და ამ ფულის ოფშორებში გადატანამ მოლდოვის ეკონომიკა კატასტროფამდე მიიყვანა. დაზარალებული საბანკო სისტემის გადარჩენის მიზნით ხელისუფლებამ ფულის ემისია წამოიწყო, რის შემდეგაც ვალუტა თითქმის 20%–ით გაუფასურდა, ინფლაცია კი 8%–ით გაიზარდა.
ევროპაში მოლდოვას რეჟიმის კორუფციული ხასიათის შესახებ კარგად იციან, ამიტომაც ბრიუსელმა უბრალოდ, შეუწყვიტა კიშინიოვს ფინანსური რესურსების მიწოდება, რასაც ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს. ესაა ასობით მილიონობით ევრო, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმებს, საზღვრების გაძლიერებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა მოხმარებოდა.
მოლდოვას ეკონომიკაში ფულის ჩადების გეგმებზე უარს ამბობს მსოფლიო ბანკიც.
რამდენად ემუქრება საქართველოს საბანკო სისტემას მოლდოვის მსგავსი სცენარი? ჩვენთან უკვე მერამდენე თვეა, საუბრობენ, რომ კომერციული ბანკები სავალუტო სპეკულაციებით არიან დაკავებულნი. მათი არხების მეშვეობით ქვეყნიდან ასეულობით მილიონი დოლარი გავიდა. „ბლუმბერგის“ სავაჭრო სისტემა დახურულია, ხოლო პროცესი გაუმჭვირვალე. ძირითადად სწორედ ამას უკავშირდება ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება. ამიტომ საფრთხე მართლაც არსებობს და გამორიცხული არაფერია.
ეკონომისტი თემურ ბასილია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ყურადღებით მოეკიდოს სიტუაციას და მოლდოვას მოვლენების განვითარება არ დაუშვას.
„კარგი იქნება, თუ, საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ამ ფაქტს და უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს საბანკო სექტორში არსებულ სერიოზულ პრობლემებს. არსებობს სპეციალიზებული კომპანიები, რომლებიც მუშაობენ მსგავსი აფერების გაშიფვრაზე“, - აცხადებს ბასილია.
მისი თქმით, თავის დროზე მან „ქართულ ოცნებას“ შესთავაზა ასეთ ფირმებთან დაკავშირება მაგრამ უარი მიიღო.