„საპენსიო ფონდში ბენეფიციარის ხელფასის 6 პროცენტი გადაირიცხება“

„საპენსიო ფონდში ბენეფიციარის ხელფასის 6 პროცენტი გადაირიცხება“

საპენსიო რეფორმის მოდელს მთავრობა, სავარაუდოდ, სექტემბერში დაამტკიცებს. დაგროვებითი პენსიის რეფორმის გეგმა და კონცეფცია  მინისტრთა კაბინეტს უახლოეს 2 კვირაში გადაეგზავნება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა დაგროვებითი საპენსიო სისტემის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაზე კარგა ხანია მუშაობს. სისტემა სავალდებულო საპენსიო დაზღვევას დაეფუძნება.

„დაგროვებითი საპენსიო სისტემის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაზე ვმუშაობთ. საპენსიო სისტემის არსებითი რეფორმა, რომელიც ამ სისტემის დაგროვებით პრინციპზე გადასვლას ითვალისწინებს, სავალდებულო საპენსიო დაზღვევას დაეფუძნება. რეფორმის შედეგად, სისტემაში მნიშვნელოვან როლს კერძო საპენსიო ინსტიტუტები შეასრულებენ“, - განაცდხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განმარტებით, პენსიის ოდენობა მხოლოდ სადაზღვევო სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის ოდენობაზე იქნება დამოკიდებული. ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობაც გაიზრდება.

დაგროვებითი პენსიის მოდელის დანერგვას წელიწადნახევარი დასჭირდება. საპენსიო რეფორმების სამსახურის ხელმძღვანელის ოთარ ძიძიკაშვილის ინფორმაციით, დეტალურ პრეზენტაციას რეფორმის შესახებ სამუშაო ჯგუფი  სექტემბერში გამართავს და საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მიაწვდის.

რაც შეეხება კაპიტალური ბაზრის ახალი ინსტრუმენტების შექმნას, ოთარ ძიძიკაშვილი აცხადებს, რომ გარდა საბანკო დეპოტიზებისა და სახელმწიფო ობლიგაციებისა, განიხილება კორპორატიული ბონდების შექმნაც. კაპიტალური ბაზრის ახალი ინსტრუმენტების ამოქმედება აუცილებელია, რადგანაც საპენსიო ფონდში აკუმულირებული სახსრები კომპანიამ შემოსავლის წყაროდ უნდა აქციოს და ინვესტირება მოახდინოს, რისი შესაძლებლობაც ახალი ინსტრუმენტის ჩამოყალიბების გარეშე ამ ეტაპზე არ არსებობს.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, დამატებითი დაზუსტებული დეტალები პროექტის საბოლოო ვერსიაზე არ ხმაურდება, აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, თვეში საპენსიო ფონდში გადარიცხული თანხა დასაქმებულის ხელფასის 6%-ზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს, სადაც სახელმწიფო და დამსაქმებელიც თანაბრად შეიტანენ თავიანთ წვლილს. ასეთ შემთხვევაში თუ ხელფასის 2%-ს თავად პენსიის დამგროვებელი გადაიხდის, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს დამატებით 2%-2%-ის გადახდა დაეკისრებათ. შედეგად ყოველთვიურად საპენსიო ფონდში ბენეფიციარის ხელფასის 6% დაირიცხება.

დაგროვებითი პენსია საქართველოში ამჟამად არ არსებობს. ქვეყანაში სახელმწიფო პენსია მოქმედებს. პარალელურად მომხმარებელს დაგროვებით პენსიას სადაზღვევო კომპანიების დიდი ნაწილი სთავაზობს.

უშუალოდ ასაკით პენსიონერების პენსია კი 2015 წლის პირველი სექტემბრიდან გაიზარდა და 160 ლარს გაუტოლდა. პენსიონერები 15 სექტემბრიდან უკვე შეძლებენ გაზრდილი თანხაა მიიღონ.

გაზრდილი პენსიის გამო, გაიზარდა საბიუჯეტო ხარჯიც და წლის ბოლომდე გაზრდილი პენსიებისათვის დამატებით ყოველთვიურად კიდევ 10 მლნ ლარამდე გამოიყოფა.

„დღესდღეობით კი საპენსიო გასაცემლებზე, საშუალოდ, 122 მლნ ლარი იხარჯება ყოველთვიურად. მთლიანობაში, სოციალურ პროგრამებზე 2015 წელს გამოყოფილია 2 785 000 000 ლარი, 2012 წელს კი ეს ხარჯი _ 1 793 900 000 ლარი იყო“, _ აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

2012 წლიდან მოყოლებული პენსიის ზრდის უკვე მესამე შემთხვევაა. თავდაპირველად პენსია იმ კატეგორიას გაეზარდა, რომელიც 100 ლარს იღებდა და იგი პენსიონერთა დანარჩენი ჯგუფის მსგავსად 125 ლარს გაუტოლდა. მოგვიანებით, ეს ზღვარი ყველასთვის 150 ლარამდე გაიზარდა, ხოლო რამდენიმე დღის წინათ კი მორიგი 10-ლარიანი მატება განხორციელდა.  

აღსანიშნავია, რომ დაგროვებითი პენსიის რეფორმა უკვე რამდენიმე თვეა მუშავდება. მასში ჩართულია მსოფლიო ბანკი, ასევე აზიის განვითარების ბანკი, ეკონომიკის სამინისტრო. შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, სადაც თანამშრომლობენ ფინანსთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ეროვნული ბანკი და ა.შ.