„ყურბან საიდს, ალბათ, „გველის პერანგი“ გერმანულ ენაზე ჰქონდა წაკითხული“

„ყურბან საიდს, ალბათ, „გველის პერანგი“ გერმანულ ენაზე ჰქონდა წაკითხული“

„ალი და ნინოს“ ქანდაკებისთვის ადგილის შეცვლა ისეთივე ხმაურიანი აღმოჩნდა, როგორც თავის დროზე ამ სკულპტურის დადგმა ბათუმის ბულვარში. ქანდაკების მუზა ყურბან საიდის ცნობილი რომანი „ალი და ნინო“ გახდა, სადაც ქრისტიანი ქალისა და მუსლიმანი ვაჟის სიყვარულია აღწერილი.

ყურბან საიდს პლაგიატად მიიჩნევს ფილოლოგი, ლიტერატურის მკვლევარი თამარ ინჯია. პროფესორი აცხადებს, რომ „ალი და ნინო” დიდად არის დავალებული გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგით”.

გრიგოლ რობაქიძესთან მსგავსება იმდენად აშკარაა, რომ ლიტერატურის კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ გამოთქვა აზრი, რომ „ალი და ნინო“ შესაძლოა, მთლიანად გრიგოლ რობაქიძის დაწერილი იყოს. ლევან ბრეგაძის შეხედულებით, არც ის არის გამორიცხული, რომ „ალი და ნინოს“ ავტორი - ყურბან საიდი გრიგოლ რობაქიძის ერთ-ერთი ფსევდონიმი აღმოჩნდეს.

1937 წელს „ალი და ნინო“ ვენაში გამოვიდა, გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგის“ გერმანული თარგმანი კი 1928 წელს გამოვიდა გერმანიაში. დროის ეს შუალედი საკმარისი იყო ყურბან საიდისთვის, რომ მას „გველის პერანგის“ პასაჟები თავისებურად დაემუშავებინა და ცალკე რომანი დაეწერა.  

მთავარ გმირს - ალი ხან შირვანშირს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას შეუყვარდება ქართველი თავადიშვილი ნინო ყიფიანი. ალი საყვარელ ქალს უფლებას აძლევს, უჩადროდ იაროს, მაგრამ ბოლშევიკების ბაქოში შესვლა ხელისშემშლელი აღმოჩნდება ალისა და ნინოს მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. ალი უარს ამბობს მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად გადასახლდეს ევროპაში და წითლებთან ბრძოლაში თავისი ქალაქის დაცვისას იღუპება.

ამბობენ, რომ რომანის ავტორი ყურბან საიდი ნამყოფი ყოფილა საქართველოში. მისი მშობლები საქართველოში დაქორწინებულან და ბაქოში გადასულან. ცნობილია ისიც, რომ ხშირად ყურბან საიდი საკუთარ თავს ქართველ თავადად მოიხსენიებდა, თუმცა თბილისის სინაგოგაში ინახება მისი მშობლების ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ის ეროვნებით ებრაელი იყო.

ყურბან საიდის შესახებ For.ge პროფესორ თამარ ინჯიას ესაუბრა.

-რეალური ავტორი, რომელმაც ეს წიგნი თავიდან ბოლომდე შექმნა, არ არსებობს. შეპირისპირებული მეთოდის გამოყენებით, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყურბან საიდს უამრავი რამ აქვს აღებული გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგიდან“, მთლიანად ციტატები, ლეგენდები, მითები, პერსონაჟთა სახელი, ნაწარმოების არქიტექტონიკა. გაოცდებით პირდაპირ, რადგან ერთმანეთის გვერდით აქვს დალაგებული ქართული, გერმანული და ინგლისური ციტატები და ესენი თითქმის იდენტურია. საოცრება ის არის, რომ გაცილებით იდენტურია გერმანულენოვანი მასალა, რადგან ყურბან საიდს, ალბათ, „გველის პერანგი“ გერმანულ ენაზე ჰქონდა წაკითხული. იგი პირადად იცნობდა გრიგოლ რობაქიძეს, რობაქიძის შესახებ სტატიაც აქვს დაწერილი, სადაც მას აღმოსავლეთიდან ჩასულ გენიალურ მწერალს უწოდებდა, გრიგოლ რობაქიძე და ყურბან საიდი ერთსა და იმავე სალონებში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

თქვენ ამბობთ, რომ ყურბან საიდი ცნობილია, როგორც დიდი პლაგიატორი. მის მიერ გრიგოლ რობაქიძის რომანის გამოყენების გამო საქართველოს შეუძლია პრეტენზია განაცხადოს?

-ამის შესახებ წიგნები მაქვს გამოცემული. ვიკიპედიაშიც იყო ეს მასალა. როგორც ვიცი, კოლუმბიის უნივერსიტეტში ლექციების დროსაც იხსენიებენ ამ ფაქტს. ამერიკაში ინგლისურ ენაზე გამოიცა ჩემი ნაშრომი და ახლა ხელმეორე გამოცემა უნდა გამოვიდეს სამენოვანი ციტატების მიხედვით. ყურბან საიდის პლაგიატობის შესახებ კითხვის ნიშანი აღარც არსებობს.

ყურბან საიდის ნამდვილი სახელი და გვარია ლევ ნასიმბაუმი. იგი ბაქოში დაიბადა მდიდარი ებრაელი ბიზნესმენის ოჯახში. სტამბოლში მას მიუღია ისლამი და სახელად დაურქმევია ესად ბეი, რაც „უდაბნოს კაცს“ ნიშნავს. როდესაც გამოიცა „ალი და ნინო“, მაშინ აიღო ფსევდონიმი ყურბან საიდი. ყურბან საიდი აწერია მხოლოდ ორ რომანს. ერთია „ალი და ნინო“, მეორე - „გოგონა ოქროს რქიდან“. ისე, უამრავი  ნარკვევი აქვს და ზუსტად იგივე თემატიკაა მის ესსეებშიც, რაც გრიგოლ რობაქიძესთან - ჰიტლერის, მუსოლინის, სტალინის შესახებ.

თავად ფაბულა აზერბაიჯანელი ვაჟის-ალისა და ქართველი თავადის ასულის-ნინოს სიყვარულის შესახებ ჩვენი კლასიკოსი მწერლისგან აქვს აღებული, თუ ეს ფაბულა რეალური იყო?

- არსებობს მსგავსი ლეგენდა. ზოგადად, ცხოვრებაში ასეთი უამრავი შემთხვევა ხდებოდა მაშინაც და ახლაც, მაგრამ გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგში“ არის მინი რომანი სპარსი ქალისა და ქართველი მამაკაცის სიყვარულის შესახებ, რასაც „ალი და ნინოც“ ერთი-ერთზე იმეორებს. იქაც იკვრება სამკუთხედი, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რობაქიძის მინი რომანმა მისცა საფუძველი და ყურბან საიდმაც ეს პატარა რომანი გაავსო და გამოიყენა.

რაც შეეხება ვამეხს, ეს სახელი რობაქიძის „გველის პერანგში“ გვხვდება და ბოლოს აღმოჩნდება, რომ იგი მთავარი გმირის - არჩიბალდ მეკეშის ანუ არჩილ მაყაშვილის ძმაა…
- ყურბან საიდს ვამეხი მეორეხარისხოვან პერსონაჟად ჰყავს გამოყვანილი, ყურბან საიდის თავადი ვამეხი ნინოს დეიდაშვილია. ეს სახელი ქართულ ლიტერატურაში ძალზე იშვიათია, მაგალითად, სვანებთან გვხვდება ომეხი. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება გრიგოლ რობაქიძის წიგნის წაუკითხავად აზერბაიჯანელს აეღო სახელი „ვამეხი“?! ესეც ეჭვებს აძლიერებს.  

რაც შეეხება ციტატებს, რომელი მათგანის მიხედვით შეიძლება ვისაუბროთ ლიტერატურულ პარალელებზე?

- მაგალითად, ქაშუეთთან დაკავშირებით „გველის პერანგში“ ვკითხულობთ: „ყოველი ქვა ტაძარის ქალწულია თვითონ: ნელი-ლბილი-ნაზი-თვინიერი. ტაძარი თვითონაც ქალწულია“. ახლა წაგიკითხავთ „ალი და ნინოდან“ ქაშუეთის აღწერას: „ქაშუეთის ეკლესია მოჩანდა. ტაძრის ყოველი ქვა ქალწულივით ნაზი და თეთრი იყო“. წარმოიდგინეთ, ქრისტიანულ ტაძარს უყურებს ორი მწერალი- ერთი ქართველი, ქრისტიანი, ხოლო მეორე- აზერბაიჯანელი, მაჰმადიანი, თანაც ყოფილი იუდეველი, ამასაც მნიშვნელობა აქვს.

საქართველო ქალწულ მარიამის, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, გაქრისტიანებული ქალწულ ნინოს მიერ. ბუნებრივია, თუ ქრისტიანი ქართველი მწერალი ეკლესიას ქალწულს შეადარებს, აქ ასოციაციათა ბუნებრივი მდინარებაა, მაგრამ მაჰმადიანმა მწერალმა, რომლის სარწმუნოების მიხედვითაც და „ალი და ნინოს“ მიხედვითაც, ქალი უსულო არსებაა და მამაკაცისთვის ნადავლია მხოლოდ, როგორ უნდა დაინახოს და განიცადოს ქრისტიანული ტაძარი ზუსტად ისე, როგორც ქართველმა ქრისტიანმა და როგორ უნდა შეადაროს იგი ქალწულს?! ცხადია, არც იუდეველი დაინახავდა ასე ქაშუეთს. პლაგიატობის ძალიან ბევრი მასალაა ამ წიგნში.

მაგალითად, ყაზვინის ბაზრის აღწერა „გველის პერანგში“ ასე იკითხება: „ცის თაღი ხანდახან თუ გამოჩნდება, თითქო ფარდულები დიდი ქოლგითაა დაჩრდილული. ყაზვინის ბაზარი ლაბირინთია უფრო. პატარა კაცი ზის და წიგნს ფურცლავს. კაცის სახე იეროგლიფია ხავსგადაკრული, თითებს ემჩევა კრძალვა და დიდება.“ დაახლოებით იგივე მეორდება „ალი და ნინოს“ ბაზრის აღწერისას: „ვიწრო ბილიკებზე დახლები დაედგათ და კარავივით გადაეხურათ ერთი უზარმაზარი ქოლგისებური სახურავით. ბაზარი მაცდუნებელი ლაბირინთია. მოხუცი იჯდა და წიგნს ფურცლავდა... ფაქიზი თითებიდან სათნოება და სიკეთე გამოსჭვიოდა“.

თქვენამდე არ იყო ცნობილი, რომ ყურბან საიდი გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებით საზრდოობდა?  

- ზოგადად, ამ წიგნის გარშემო დიდი ბუმი იყო ამტყდარი. „რუსთავი 2“-ზე ეკა ხოფერია გამოვიდა და თქვა, ეს წიგნი ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს, მსგავსი რამ საქართველოზე არ დაწერილაო. მართლაც, ამ წიგნის წასაკითხად რიგში იდგა ხალხი. წიგნი მეც ჩამივარდა ხელში, მისი კითხვისას გამიჩნდა ასოციაციები, ვფიქრობდი, ეს მომენტები ხომ სადღაც წაკითხული მქონდა?! სადოქტორო მაქვს  დაცული გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგის“ შესახებ. გადმოვიღე „გველის პერანგი“ და ზუსტად იგივე ციტატები წავიკითხე. ეს საოცრება იყო. მერე დავიწყე ამის კვლევა. აი, რა უწერია რობაქიძეს ქალაქ ჰამადანის აღწერისას „გველის პერანგში“: „მტვერი და წვირე- ყველგან. არ არის საფიქრალი, თითქო სპარსელს მტვერი უყვარდეს ან წვირე. ეგებ სპარსელმა იცის, რომ ბოლოს მტვრად იქცევა ყოველი“. ახლა „ალი და ნინო“ ვნახოთ: „ყველაფერი მტვერსა და ჭუჭყში ჩაძირულიყო, იმიტომ არა, რომ სპარსელებს ჭუჭყი და მტვერი უყვარდათ, უბრალოდ, მიაჩნდათ, რომ საგანი, როგორიც არის, ისეთადვე უნდა დარჩეს, რადგან ყველაფერი მტვრად იქცევა“.

ამის მიუხედავად თქვენ თვლით, რომ „ალი და ნინო“ მაინც ღირებული პლაგიატობაა?
- ავტორი ძალზე ნიჭიერი ქურდია. სწორედ ასე ჰქვია ჩემს ქართულ გამოცემას-„გრიგოლ რობაქიძე... ყურბან საიდი-ლიტერატურული ძარცვა“. შინაარსობლივი პარალელები, გამეორებული ამბები, მითები, ლეგენდები... რაღა ერთი და იგივე ლეგენდა ახსენდებათ გრიგოლ რობაქიძესაც და ყურბან საიდსაც; შემდეგ მოდის პარალელები პერსონაჟებში, შემდეგ - სიუჟეტის არქიტექტონიკა, ეს ყველაფერი რობაქიძიდან არის წაღებული.

თავის დროზე ჩვენს მწერლობაში დავბეჭდე წერილი. მაშინვე მოჰყვა გამოხმაურება. იმ პერიოდში მე არ ვიცოდი, იცნობდა თუ არა ყურბან საიდი გრიგოლ რობაქიძეს, ან წაკითხული ჰქონდა თუ არა „გველის პერანგი“. ამიტომ ასეთი სათაური მოვიფიქრე: „ჰქონდა თუ არა წაკითხული ყურბან საიდს რობაქიძის „გველის პერანგი“?! მოგვიანებით ლიტერატურის კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ საპასუხო წერილი დაბეჭდა, რომ ყურბან საიდს რობაქიძე ჰქონია წაკითხული. იგი წერდა, როგორც იქნა, გვეღირსა ქართული ლიტერატურის გავლენა უცხოურზე, აქამდე პირიქით იყოო.

როდესაც ამ ძეგლის დადგმა გადაწყვიტეს ნაციონალებმა, იმ პერიოდში ხალხმა აზერბაიჯანელი ალისა და ქართველი ნინოს სიყვარული განავრცო და მის მიღმა სააკაშვილისგან მწვანე შუქანთებული თურქული ექსპანსია დაინახა. ეს ქანდაკება ქართველებისა და თურქების მეგობრობად და სიყვარულად წარმოაჩინეს. ყურბან საიდის რომანში მართლაც გამოსჭვივის ეს ღირებულება?   

- ნაწარმოებს საერთო არაფერი აქვს ქართველებისა და თურქების სიყვარულთან, რადგან აზერბაიჯანელია ალი, ხოლო ნინო ქართველია. არანაირი ღირებულება ამაში არ არის, „ალი და ნინო“ ბულვარული რომანია.

რა აიძულებდა ავტორს, მაინცდამაინც გრიგოლ რობაქიძის რომანი გაეძარცვა?

-მან დაწერა ეს წიგნი, რადგან დიდ გაჭირვებაში იყო. სურდა, ჰონორარი აეღო, თუმცა ამ წიგნზე საავტორო უფლება მას არ ჰქონდა, ეს უფლება ჰქონდა მის მეგობარ ქალს ლეელა ერენფელსს, რომელიც შემდგომ ამბობდა, რომ მან რაღაცები მიამბო და ეს წიგნი მე დავწერეო; სხვათა შორის, მეგობარი ქალი ედავებოდა ამ წიგნის გამო.

დღესაც მთელი ეს გამოცემები ამ ერენფელსის მემკვიდრეების ხელშია და მისი გაყიდვის შედეგად სწორედ ისინი იღებენ მილიონებს. ყურბან საიდს შთამომავლობა არ დარჩენია. საერთოდაც, წიგნი იმისია, ვისაც საავტორო უფლება აქვს, ანუ გამომცემლის. „არა არს დაფარული, რაიცა არა გამჟღავნდეს“,-ამბობს სახარება. 80 თუ 100 წლის მერე აღმოჩნდა, რომ ეს წიგნი ყურბან საიდის არ იყო. თუმცა ძალიან ნიჭიერი პლაგიატია. კარგი იქნება, ამის შესახებ ბევრმა იცოდეს.

სხვათა შორის, ეს წიგნი მაშინ სრულებით არ იყო პოპულარული. მით უმეტეს, როცა გაიგეს გერმანელებმა, რომ ყურბან საიდი, სინამდვილეში, წარმოშობით ებრაელი იყო, მისი ყველაფერი აკრძალეს. მანამდე კი მას დიდ პატივს სცემდნენ. იგი გადაურჩა ფაშისტებს, ამიტომაც გაიქცა და იტალიაში ცხოვრობდა ამ ქალთან ერთად. ერთ-ერთი ვერსიით, ომში რომ არ წაეყვანათ, ფეხში ტყვია დაიხალა, მოეწამლა სისხლი და სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ისე, ნიჭიერი იყო, თურმე დაიდებდა ტექსტებს და საოცრი უნარი ჰქონდა, ამ ტექსტებიდან ახალი რამ აეკინძა. ასეთ ხერხს მიმართავდა ესსებშიც, მას ბევრს ედავებიან პუბლიცისტური წერილების გამოც, უზუსტობებს აღმოუჩენენ ხოლმე. რაც შეეხება „ალი და ნინოს“, მოგვიანებით ეს წიგნი საერთოდ დაიკარგა, არავის ახსოვდა იმ წლებში, 1970 წელს კი ეს წიგნი გერმანიაში ძველი წიგნების მაღაზიაში ჟენია გრამანმა ნახა, ინგლისურად გადათარგმნა  და სწორედ  ინგლისური ვარიანტი გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

მკითხველებს ამ წიგნში ყველაზე მეტად მოსწონთ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობა; საქართველო, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხიდი,  გრიგოლ რობაქიძეს „გველის პერანგში“ შესანიშნავად აქვს გადმოცემული. აჯობებს, დღევანდელმა პოლიტიკოსებმა რობაქიძის რომანი კარგად წაიკითხონ და იქიდან აიღონ ციტატები. საოცარ გაბრაზებას იწვევს ის ფაქტიც, ყურბან საიდი როგორ ამახინჯებს ქართველი ქალის ბუნებას და ტიპაჟს.

მისი ნინო ისეთი თანამედროვე ქართველი ქალი გეგონებათ, რომელსაც მორალური ღირებულებები არ გააჩნია, რაც მაშინ წარმოუდგენელი იყო, მით უმეტეს, - თავადის ქალის შემთხვევაში. ეს რომ გრიგოლ რობაქიძეს ენახა, ალბათ, გადაირეოდა.

ისე სხედან ბაღში ნინო და ალი და ისეთი ურთიერთობა აქვთ ბაღში, რომ მოგვიანებით მაჰმადიანი მოსამსახურე საყვედურობს ალის, ლამაზი გოგოა ნინო, მაგრამ ქუჩაში ასეთი საქციელი არ არის საკადრისიო. არ შეიძლება, ქართველი თავადის ქალს ეს გაეკეთებინა. მერე ეხვეწება ნინოს მამა ალის მამას, ჩემს ქალს სახელი გაუტყდება, როგორმე შეირთოს შენმა შვილმაო. ესეც დამამცირებელია. „ალი და ნინოს“ მიხედვით,  ქართველი ქალის ტიპურ სახეს მსოფლიო თუ ასე გაიცნობს, ეს ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იქნება.

ეს ქანდაკებაც გაკეთებულია ტექსტის მიხედვით და ეს არ არის ხელოვნება, ეს არის ტექნიკა, ერთმანეთში შედის ქანდაკებები და საზოგადოების ნაწილის თვალში სხვადასხვა ვნებას აღძრავს. მოგეხსენებათ, ნინო გვარად ყიფიანია, ხოლო ალი ხან შირვანშირი. თუმცა გვარები შეიძლება სულაც არ ემთხვეოდეს რეალობას. მე დავუკავშირდი ნინოს მემკვიდრეებს, ისინი თბილისში ცხოვრობენ და სინამდვილე რომელია, არ ვიცი.