საქართველოს მთავრობა მთის კანონის ამოქმედებას იანვრიდან გეგმავს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რაჭის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭებათ ხევში, მთიულეთში, გუდამაყრის ხეობაში, ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში, ზემო სვანეთში ქვემო სვანეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში მდებარე დასახლებებს.
გარდა იმისა, რომ მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ კანონპროექტი ხელს შეუწყობს მოსახლეობის მთაში დაბრუნებას, მათთვის, ვინც დაბრუნდება, მთელი რიგი შეღავათებია გათვალისწინებული.
კერძოდ, განსხვავებული ხელფასები და დახმარებები, საწარმოები მთლიანად გათავისუფლდებიან მოგების და ქონების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისგან კი - 10 წლის განმავლობაში. ახალდაბადებულ ბავშვზე ოჯახი ყოველთვიურად 100 ლარს, ხოლო მეორე და მესამე ბავშვზე 200 ლარს მიიღებს.
„წლების განმავლობაში არანაირი ყურადღება არ ექცეოდა მთას და ამის შედეგია ის უმძიმესი სურათი, რაც ჩვენ, ყველამ ერთად ვიხილეთ. მთა იცლება, ოჯახები ტოვებენ სახლ-კარს და მიდიან ქალაქში, რაც დიდი შეცდომაა. ჩვენ დავიწყეთ წინა მთავრობების შეცდომების გამოსწორება. მივიღეთ მთის კანონი, რომელიც იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და რომელიც პირველ იანვარს შევა ძალაში...
ვფიქრობთ, რომ ამ შეღავათების ამოქმედების შემდეგ მთაში უნდა დაიწყოს სერიოზული ცვლილებები. ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოდის და აქ ყიდულობს სახლს, მაშინ როცა ჩვენი მოქალაქეები, ქართველები მიდიან და ტოვებენ სახლ–კარს. ამიტომ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთაში დავამაგროთ მოსახლეობა და გავაძლიეროთ მთა და სოფელი“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აღნიშნულ კანონში პირველად, აქცენტი კეთდება არა მის სოციალურ მხარეზე, არამედ მთის გადარჩენის ეკონომიკურ საფუძვლებზე, რაშიც იგულისმება წარმოების და ხელშეწყობა, კოოპერაციული წარმოების, ასევე ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ამ კოოპერატივებში ჩართვის ხელშეწყობა.
როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, გია ვოლსკი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, ეს არის მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც მთის გადარჩენას ემსახურება და საგანგებო პოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია დემოგრაფიული თვალსაზრისითაც.
„როგორც მოგეხსენებათ, საკამოდ საინტერესო კანონპროექტი დაამტკიცა პარლამენტმა. საქართველოს 2/3 მთიან რეგიონს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესდათ იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრობს მთაში და არის პენსიონერი, სოციალურად დაუცველი, მასწავლებელი, ექიმი, რომელთა ყოფნა მთაში არის მნიშნელოვანი, რათა მთა არ დაიცალოს.
განსაკუთრებული შეღავათები დაუწესდათ მრავალშვილიან ოჯახებს. პრემიერ-მინისტრის განცხადება არის სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი. მთას ძალიან დიდი რესურსი გააჩნია ბიზნესის საწარმოებლად და ვფიქრობ, მრავალი ბიზნესმენი დაინტერესდება ამ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეღავათით.
გარდა ამისა, ამ განცხადებას საგანგებო პოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია საზღვრისპირა სოფლებისთვის დემოგრაფიული თვალსაზრისით, რათა არ მოხდეს მთის დაცლა“,-აცხადებს პარლამენტარი.
ექსპერტი, ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ მთის განვითარებისთვის საჭიროა გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა. როგორც For.ge-სთან საუბარში ექსპერტი აცხადებს, მთის განვითარებისა და აღორძინებისთვის მასშტაბური ღონისძიებებია საჭირო და არა ცალკეული, როგორც ამას მთავრობა აკეთებს.
„ვფიქრობ, ეს ღონისძიებები არ არის შესაბამისი იმის, რაც მთის აღორძნებისთვისაა საჭირო, რადგან ამაში არა მხოლოდ ეკონომიკური მიზნებია ჩადებული, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებსაც უკავშირდება. თავისთვად, საწარმოების გათავისუფლება მოგების და ქონების გადასახადებისგან არის საკმარისად კარგი, მაგრამ აბსოლუტურად საკმარისი არაა.
ეს სიმბოლური ჟესტია - საჭიროა გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა მთის განვითარებისა და აღორძინებისთვის. გავიხსენოთ, ომის შემდგომ წლებში როგორ დადგა ფეხზე ევროპული სოფლის მეურნეობა. საჭიროა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება მთის განვითარების თაობაზე, საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო სახსრებით განხორციელდეს. სპეციალური პროგრმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, ხელახალი კოლონიზაცია იმ ადგილების, რომელიც სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გიორხელიძემ.