ფქვილის ბაზარზე არსებულმა ვითარებამ ჯერ მომხმარებელს შეუქმნა პრობლემა და ახლა უკვე ბიზნესსაც შეუტია. თბილისის წისქვილკომბინატის დახურვის შემდეგ უსამსახუროდ 120 ადამიანი დარჩა. თანამშრომლებისთვის კონკრეტული მიზეზი უცნობია. კომბინატის ხელმძღვანელობა კი ფინანსურ პრობლემებს ასახელებს.
„ჩვენ თურმე არ გვაქვს რეალიზაცია - ამის გამო გაკოტრდა წისქვილკომბინატი და დაიკეტა. ეს არის აბსურდი. ერთადერთი მიზეზი, რაც პირზე აკერიათ, არის ის, რომ მთავრობა არ აძლევს იმის საშუალებას, რეალიზაცია გააკეთონ, არაფერს არ გვეუბნებიან, რა ხდება. ერთადერთი, გვეუბნებიან, რომ გვავიწროებენ, კორპორაციიდან რაღაცა მიზეზებია, მთავრობიდან მიზეზებია და არ გვაძლევენ ნორმალური მუშაობის საშუალებასო.
გაგვარკვიონ, ზუსტი მიზეზი გვითხრან, რის გამო გვიშვებენ ამდენ ხალხს ქუჩაში? მთავრობა იძახის, რომ პირიქით, უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და ხალხმა უნდა იმუშავოს და 120-130 კაცი ქუჩაში გაუშვეს იმის გულისთვის, რომ გაკოტრდა?
ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს მიზეზი არ არის. იმიტომ, რომ არაჩვეულებრივად მუშაობდა წისქვილი. მოვიდეს მთავრობაც, ნახოს - მუშა მდგომარეობაში, დაქოქილი წისქვილი გააჩერეს“, - ამბობენ წისქვილკომბინატის თანამშრომლები.
დირექტორი ტელმან ბაბაევი კი ამბობს, რომ კომბინატის დახურვის მიზეზი ფინანსური პრობლემები გახდა.
„ჩვენზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. გვაქვს, უბრალოდ, ეკონომიკური პრობლემები. ახლა შეუძლებელია მუშაობა. ბევრია შემოტანილი ფქვილი, მათ შორის, რუსეთიდან. ეკონომიკურად ჩვენთვის არ არის, უბრალოდ, მომგებიანი ახლა მუშაობა. 30 დღის განმავლობაში ჩვენს თანამშრომლებს გადავუხდით 2 თვის ხელფასს. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ“, - ამბობს ბაბაევი „ნიუს.ჯი“-სთან საუბრისას.
პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე თბილისის წისქვილკომბინატის დახურვის მიზეზად, კომპანიის მიერ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების არასწორად წარმართვას ასახელებს.
„ცოტა რომ დაეკლოთ ფასი, ხომ გაიყიდებოდა ფქვილი? თუ გამოჩნდა სხვა ქვეყნიდან რუსული ფქვილი (როგორც ისინი ამბობენ), საბაზრო ეკონომიკის პრინციპები ჩართონ. 1 ლარითაც, რომ დაეკლოთ ფასი არ გაჩერდებოდნენ.
თუ საბაზრო სისტემით იმუშავებენ, ნორმალური ეკონომიკური სიტუაცია იქნება. დღეს რომ იკითხოთ, ფქვილი ფასი ყველგან 44 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის პრინციპები არ მუშაობს“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.
ზოგადად კი, ფქვილის ბაზარზე ბოლო დროს გაურკვეველი ვითარებაა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 1 ტომარა ფქვილის ღირებულებამ 7 ლარით მოიმატა და ახლა 44-45 ლარის ფარგლებშია.
ეს ის ზღვარია, როდესაც პურის საცხობები პროდუქციის გაძვირებაზე გადადიან. რამდენიმე მწარმოებელმა უკვე გააძვირა კიდეც პური, თუმცა ასეთი პოზიცია მთავრობისთვის მიუღებელია.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, ხორბლის ან პურის ფასის მატება არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარება.
„არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარება, ხორბლის ან პურის ფასის მატება. შესაბამისად, ჩვენს ხელთ არსებული ყველა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ ამის პრევენციისთვის. თუ რამე ხელშეწყობაა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენ ამ დარგს ხელს შევუწყობთ. ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ, თუ რაშია საქმე. ხორბლის მარაგიც გვაქვს და ზოგადად ბაზრებზე ხორბალიც გაიაფებულია“, - აღნიშნა დანელიამ.
მინისტრმა დაადასტურა, რომ წისქვილკომბინატებს აქვთ პრობლემები და ისინი მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადაში უნდა მოგვარდეს.