არასამთავრობოთა პეტიცია თინა ქეიდენაუს

არასამთავრობოთა პეტიცია თინა ქეიდენაუს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ქ-ნ თინა ქეიდენაუს

აშშ სრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს

2003 წელს დემოკრატიის ლოზუნგებით განხორციელებულ ე. წ. „ვარდების რევოლუციას „საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების იმედითა და მოლოდინით შეხვდა. თუმცა, ბოლო 7 წელიწადში ქვეყანაში ჩამოყალიბებული ფასადური დემოკრატიის შიგნით დამკვიდრდა მმართველობის მკაცრად ცენტრალიზებული და უკიდურესად ანტიდემოკრატიული სისტემა. მმართველობის ასეთი ფორმები და მეთოდები თავის თავში გულისხმობს ადამიანის უფლებათა დარღვევების გარდუვალობასა და აუცილებლობას.

საქართველოში დღეს აღარ არსებობს ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი თავისუფალი ტელემედია, რადგან ხელისუფლებამ ძალაუფლების ხელში აღებისთანავე იერიში მიიტანა დამოუკიდებელ მედიაზე, ზოგი ტელევიზია დახურა, ზოგი მფლობელებს წაართვა და დღეს ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი ტელემედიის ყველა საშუალებას მკაცრად აკონტროლებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს ზოგ შემთხვევაში ხდება უშუალოდ, ხოლო ზოგჯერ თავისი პარტიული ნომენკლატურის წარმომადგენელთა ტელევიზიის დირექტორებად დანიშვნით. ტელემედია გამოყენებულია არა ინფორმაციის მიწოდების, არამედ პროპაგანდის საშუალებად და მისი მთავარი მოვალეობაა პოზიტივის ხელოვნურად შექმნის, წინა პლანზე წამოწევისა და გაზვიადების გზით ნეგატივის მიჩქმალვის, მიჩუმათებისა და მიფუჩეჩების მიღწევა.

დღევანდელ საქართველოში არ არსებობს თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა. ერთის მხრივ ხელისუფლების მიერ გამოცხადებულმა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკამ და მეორეს მხრივ სასამართლოზე ხელისუფლების ტოტალურმა კონტროლმა გამოიწვია ის, რომ დღეს საქართველოში პატიმართა საერთო რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 25 ათასს შეადგენს, რაც მთელი მოზარდი და სრულწლოვანი მოსახლეობის თითქმის 10%-ია.

დღევანდელი რეჟიმის პირობებში არსებობს განუსაზღვრელი უფლებამოსილებით აღჭურვილი მმართველი სახელმწიფოს მეთაური და იმ პარტიის ლიდერი, რომლის ინტერესები გაიგივებულია სახელმწიფოს ინტერესებთან. ამის გამო ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი უპრობლემოდ იღებს ნებისმიერ ანტიდემოკრატიულ კანონს, თუ ამას უბრძანებს პარტია და მისი ლიდერი. არა პარტიული ინტერესების, არამედ სწორედ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმედ ითვლება ყველანაირი უკანონო და ძალადობრივი მეთოდების გამოყენება იმისათვის, რომ ნებისმიერი დონის არჩევნებში დაფიქსირდეს მმართველი პარტიის გამარჯვება. ამიტომ ნებისმიერ არჩევნებში წარმატების მისაღწევად გამოიყენება მთელი სახელმწიფო რესურსები (სახელმწიფო აპარატი, სახელმწიფო ფინანსები, რეპრესიული მეთოდები, უსამართლო სასამართლო და ა. შ.). არ არსებობს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა დანაწილების, მათ შორის ბალანსისა და ურთიერთკონტროლის მექანიზმები. ამიტომაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს იმას, რომ არსებული რეჟიმი დაუშვებს ისეთი ობიექტური და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც გამარჯვებულის ვინაობას ამომრჩეველთა დაშინება და მოსყიდვა კი არ განსაზღვრავს, არამედ მათი მხრიდან გამოვლენილი თავისუფალი ნება.

ჩვენ ჯეროვნად ვაფასებთ და მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების იმ მიდგომებს, რომელიც ადამიანის უფლებების უზენაესობის პრიმატს აღიარებს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ანტიდემოკრატიულ რეჟიმებთან პრაქტიკული დამოკიდებულებით. ამ მიმართულებით პოლიტიკის გაგრძელებისა და საქართველოს ხელისუფლებაზე ადეკვატური ზემოქმედების გარეშე ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელი იქნება ისეთი თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელშიც ობიექტურად აისახება ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნება. ასეთი საარჩევნო გარემოს შექმნის გარეშე კი არსებობს პროცესების რევოლუციური გზით და სისხლისღვრით განვითარების საფრთხე, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის.

გამოვთქვამთ იმედს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და, უპირველესად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობასა და უსამართლო არჩევნების მეშვეობით ძალაუფლების უზურპაციის უპერსპექტივობაში.

პატივისცემით,

ქართული აკადემია

ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის

საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის ცენტრი

გადაარჩინე სიცოცხლე

დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა

საქართველოს პედაგოგთა ასოციაცია

წვრილ აქციონერთა ასოციაცია

ადვოკატთა ასოციაცია

კონსტიტუციის 42- მუხლი

სამოქალაქო კოალიცია სოლიდარობა უკანონო პატიმრებს