დიტო გელოვანი: ვიღაცას ჩამოსდის დორბლი

დიტო გელოვანი: ვიღაცას ჩამოსდის დორბლი

- აი, ძაღლი რომ გეცეს, რას იზამ? - ჰკითხა უცებ ნათელამ.

- დავახრჩობ - გადაწყვეტით თქვა გიომ. მათ ლაპარაკში ახლა აღარ იგრძნობოდა ასაკის სხვაობა. არც იყო თითქოს რაიმე განსხვავება მათ ცოდნასა და გამოცდილებაში, უბრალოდ, ორი საკმაოდ სერიოზული ადამიანი ლაპარაკობდა სისულელეებს, მაგრამ ვინ იცის რა არის სისულელე? ისინი ამაზე არ ფიქრობდნენ, მხოლოდ გიოს ახსენდებოდა ხანდახან, რომ თვითონ იყო და უკვირდა, ნათელა შესახედად ასე პატარა რატომ ჩანსო.

ნათელა კი არ ისვენებდა:

- ქალაქელებს ზაღლის ეშინიათ.

- ვისა, ქალაქელებს? მე არ მეშინია.

- მაშ, აბა მიდი ახლო ვანოაანთ ძაღლთან

- სად არის?

- აგერ... მიხვალ?

(გურამ რჩეულიშვილი, ”ნათელა”)

 

ორი დღის დაგვიანებით ვხვდებით ერთმანეთს... გასულ კვირაში არც მომხდარა რამე ისეთი, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი რომ იყოს, მაგრამ ერთი კვირა შვიდი დღეა, შვიდი დღე - 168 საათი, 168 საათი - 10080 წუთი და ა.შ. ყოველ წუთში ხდება რაღაც, ვირაცისთვის - მნიშვნელოვანი, ვიღაცისთვის - უმნიშვნელო. რაღაცას ვიგებთ, რაღაცას - ვერა. მთავარია გაგება.

 

გასულ კვირაში მიხეილ სააკაშვილმა პედაგოგებს გაკვეთილი ჩაუტარა. გაკვეთილი იყო ღია, იყვნენ დამსწრეებიც - პრეზიდენტის მთელი ამალა. ეს უკანასკნელი ასეთი შეხვედრების აუცილებელი ატრიბუტია, სანამ მიშა ლაპარაკობს ამალა თავს აკანტურებს და თან აკონტროლებს, რომ თავები სხვებმაც აკანტურონ, მაგალითად - პედაგოგებმა.

 

”ჩვენი ხალხი ვერ ითმენს ქედმაღლობას, ჩვენი ხალხი სულით თავისუფლია და ვერც გაწკეპვლას გაუძლებს საღეჭი რეზინის არასწორ ადგილზე გადაგდებისთვის. ჩვენი ხალხი შეძლებს განვითარდეს მხოლოდ თავისუფლების და დემოკრატიის პირობებში”, – უთხრა სააკაშვილმა პედაგოგებს და ატყდა თავების კანტური.

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართველი კაცი ვერ უძლებს გაწკეპვლას, მით უმეტეს, თუ ეს გაწკეპვლა საღეჭი რეზინის გადაგდებისთვის აქვს გამოწერილი. სამაგიეროდ, საღეჭი რეზინის გადაგდებისთვის გამოწერილი ჯარიმა ალალია და უსაყვედურო. ამ დროს ქართველ კაცს უჩნდება პროტესტის გრძნობა, მაგრამ ახსენდება რა, რომ ანალოგიური დანაშაულისთვის სინგაპურში ხალხს ცემენ, ივსება მადლიერების გრძნობით და მადლიერების გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ ქართველები ჰიბრიდული სიმინდის თესლსაც ვეგუებით.

 

სიმინდის თესლს კიდევ მივუბრუნდები... მანამდე კი, ისევ სკოლა და ისევ განათლების საკითხები. გასულ კვირაში მიშამ ბორჯომი მოიკითხა და ტაძრისელ პედაგოგებს შეხვდა.

 

მიშამ იტირა: ”თბილისის ცენტრში ფრანგული ლიცეუმი გაიხსნა, სადაც სწავლა წელიწადში რამდენიმე ათასი დოლარი ღირს და სადაც ძალიან ელიტარული ოჯახის წარმომადგენლები სწავლობენ მხოლოდ”.

 

მიშამ სხვებიც დაამშვიდა და საკუთარი თავიც დაიმშვიდა: ”ტაძრისის სკოლა ამ ლიცეუმს არაფრით ჩამოუვარდება და მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ის თბილისის ცენტრშია და იქ მხოლოდ მდიდრები დადიან”.

 

შემდეგ, მიშამ ტაძრისელები გაახარა და ევროპელებს შური აღუძრა: ”ჩვენ გვექნება უკეთესი სკოლები, ვიდრე ამსტერდამში და კოპენჰაგენში”. გვექნება... ალბათ, აქაც 2015 წელი იგულისხმება...

 

”...და დასძინა, რომ ახალი სკოლა შენდება ასევე ახალქალაქში, ვაზიანში, რომელისაც ორ კვირაში გახსნის და მოლოდინისგან ”სულ ნერწყვი ჩამოსდის”. ასევე, სკოლა გაიხსნება მელაანში, რომლის შენობასაც კედელზე საათი ექნება, რადგან, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, უყვარს საათები შენობებზე”.

 

ოოო... როგორც ჩანს, აღნიშნულ შეხვედრას მხოლოდ ფიზიკისა და სიმღერის მასწავლებლები ესწრებოდნენ, თორემ ქართულის მასწავლებელი აუცილებლად შეუსწორებდა, რომ ნერწყვი კი არ ჩამოსდის, არამედ, ნერწყვს ყლაპავს, ხოლო ჩემი მხრივ დავამატებ, რომ თუ ჩამოსვლაზეა ლაპარაკი, ჩამოსვლით, როგორც წესი, დორბლები და წვინტლები ჩამოსდით ხოლმე.

 

დიდი რომ გავიზრდები და პრეზიდენტი რომ გამოვალ, სკოლებზე კომპასებს დავამაგრებინებ, რადგან კომპასი მიყვარს. ჩემს შემცვლელს ბარომეტრი ეყვარება, ხოლო იმის შემცვლელს - ვოლტმეტრი.

 

ისე, არც საათის იდეაა ცუდი, ოღონდ ერთი პირობით - დროის ათვლას უკუღმა უნდა ახდენდეს - ”2013 წლამდე დარჩა...” ასეთი საათი ყველას გულს გაახარებს, მათ შორის იმათ გულებსაც, გასულ კვირაში სააკაშვილისგან ასეთ სიტყვებს რომ ისმენდნენ: ”ამბობენ, რამდენად გაუნათლებლები არიან, რომ ჩვენ ძირძველ სიმინდს ამერიკულით ანაცვლებენო. ეს ძირძველი ქართულიც რომ თავიდან ამერიკული იყო, არ იციან”.

 

ოოო... მართალია, ქურდების ინსტიტუტი გაუქმდა, მართალია ქალიშვილობის ინსტიტუტი დახურვის პირასაა, მაგრამ დაგინების ინსტიტუტი ჯერ კიდევ არსებობს და წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას. ჰოდა, ხალხნო და ჯამაათნო, ავდგეთ და ვუთხრათ პრეზიდენტს და მის ამალას: ”რამდენიც ვიცით, იმდენი...”

 

დაგინების იდა მე ახლა მომივიდა თავში, თორემ ლევან გაჩეჩილაძე ალბათ ყველას დაასწრებდა, დაიგინებდა და შესაწერი უკვე შეწერილი იქნება. ვიღაცას დორბლები ჩამოსდის.

 

ვიღაცას ხელები ექავება, საქმის კეთების სურვილი კლავს. ვის? ვის და - საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულმა კომისიას. სამწუხაროდ, აღნიშნული კომისია მხოლოდ კომუნიკაციების რეგულირებით არის დაკავებული, თორემ პოლიტიკურ პროცესებსაც რომ არეგულირებდეს საქართველო უბედნიერესი ქვეყანა იქნებოდა

 

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე კერძო მაუწყებლობისთვის მომდევნო 2 წლის ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტები დაამტკიცა” - იუწყებოდა ”ინტერპრესნიუსი”.

 

მოკლედ, თუ ადრე იყო ”პური და სანახაობა”, ახლა ხალხი მხოლოდ სანახაობას ითხოვს - მეტი დუტა სხირტლაძე, მეტი შორენა ბეგაშვილი, მეტი ნინა წკრიალაშვილი და მეტი ნანკა კალატოზიშვილი. ნაკლები ვარძელაშვილი, ნაკლები კირკიტაძე და ნაკლები ხაბაზი.

 

ანუ - სანახაობა, თუმცა, სანახაობაც არის და სანახაობაც. არავითარი ჰიჩკოკი, არავითარი ფორმანი, არავითარი სტოუნი. ზემეკისი - ნაწილობრივ. ”უკან მომავალში” შეიძლება, ”ფორესტ გამპი” - არა

 

”კომისია თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა სამაუწყებლო ზონების მიხედვით, უპირატესობას ანიჭებს ერთი თემატიკის სპეციალიზებულ მაუწყებლობას, ძირითადად - მუსიკალურ გადაცემებს, გასართობ თოქ-შოუებს, მხატვრულ ფილმებს, სპორტულ პროგრამებს, იუმორისტულ გადაცემებს...”

 

რავი... დღე არ გაივლის, რომ ჩემს გარშემო საზოგადოებრივი აზრის კვლევა არ ჩავატარო და ყოველი გამოკითხულისთვის მართლაც სანახაობაა პრიორიტეტი, ოღონდ, მხოლოდ ერთ სანახაობას ნატრობენ - ისტორიის სანაგვე და ნაგვიდან ამოყოფილი თავები. თავებს არ ჩამოვთვლი, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დორბლი მხოლოდ ერთ მათგანს ჩამოსდის.

 

”კვლევის შედეგად არაპრიორიტეტულად განისაზღვრა მხოლოდ სათემო მაუწყებლობა, ვინაიდან სათემო სამაუწყებლო არხის არსებობა გამართლებულად არ მიიჩნიეს არც ერთ, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამაუწყებლო ზონებშიც” - რიხით დაასკვნეს კომისიის წევრებმა და რამდენიმე მათგანმა, ყველაზე ცნობისმოყვარეებმა, მხოლოდ ამის შემდეგ იკითხეს, სათემო მაუწყებლობა რას ნიშნავსო. რას ნიშნავს ბატონებო და, მიშა სასირეთელებს რომ ეტყვის, თქვენი სკოლა ბევრად უკეთესია ვიდრე ამსტერდამის ნებისმიერი სკოლაო, სასირეთის რადიოში ვინმე გამოვა და იტყვის, რომ ეს არის ტყუილი და მაშინ სასირეთელები მიხვდებიან, რომ ”სირს”, რომელიც ძველქართულად ”ჩიტს” ნიშნავს, პრეზიდენტი სულ სხვა მნიშვნელობას ანიჭებს და მისთვის საქართველო ერთი დიდი სასირეთია.

 

ასეთი სათაური მომხვდა თვალში - პავლე კუბლაშვილი: ”ვინ რა რაოდენობის მანდატს აიღებს, ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს”.

 

ოოო... მაყურებელმა უკვე განსაზღვრა, რომ ”შუაღამის ექსპრესს” ”მაიტა ნასოსი” სჯობს, ახლა კი ჯერი ამომრჩეველზეა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს. დიახ, ამომრჩეველმა - მხოლობით რიცხვში, რადგან საქართველოში მხოლოდ ერთი ამომრჩეველია. ამ ამომრჩევლის თვალების შემოფეთებაზეა, ქვეშ რომ იფსავენ არა მხოლოდ ე.წ. ოპოზიციონერი დეპუტატები, არამედ ე.წ. სკანდალური და მეამბოხე მწერლები, რომლებიც, როგორც მწერლები, ასევე ეგრეთ წოდებულები არიან.

 

გურამ ჩახვაძე უკვე მიმავიწყდა და ზაზა ბურჭულაძე მახსენდება... მიშამ ჭკუა დაგარიგა, ბიჭო?! ადექი და, შორს გააგზავნე - სამ, ექვს, ცხრა და თორმეტ ასოზე. გააგზავნე სამხატვრო გამოფენაზე, ოღონდ - რუსულად. აი, ასე: ”იძი ნა ხუდოჟესტვენნუიუ ვისტავკუ, საპლიაკ”. ეგ იქნებოდა კაცური. ეგეთი შანსი აღარც მოგეცემა და იმასაც ვხვდები, რომ იძინებ თუ იღვიძებ მხოლოდ იმაზე ოცნებობ, რომ ეგეთი შანსი აღარც მოგეცეს.

 

მიშას უყვარს ჭკუის დარიგება, უყვარს კედლის საათები და უყვარს, როდესაც ვინმეს იწყალებს. ვინმე რომ შეიწყალო, ამისათვის ჯერ უნდა დაიჭირო და კედლები ახეხინო. უკვე ვხვდები, რატომაც არის საქართველოში ამდენი პატიმარი - მიშას უყვარს, როდესაც იწყალებს. გასულ კვირაში 266 პატიმარი შეიწყალა. სააკაშვილი ყველას დაიჭერს და ყველას შეიწყალებს. ”მიხეილ მოწყალე” - ასეთი სახელით შევა ისტორიაში მიხეილ სააკაშვილი. დაიდგმება ძეგლიც - ელექტრომობილის საჭესთან მჯდომი მიხეილ სააკაშვილი ხელს აწერს შეწყალების ბრძანებას, მეორე ხელში კი ხელბორკილს ათამაშებს.

 

მიხეილ... შეიწყალე საქართველო და გადადექი. გადადექი და ნუ ათამაშებ. აკი, ჰილარი დეიდამაც იგივე შემოგითვალა, ვაჟკაც!

 

სხვათა შორის, იმ 266 შეწყალებულიდან არც ერთი იყო არასრულწლოვანი. ფსიქოლოგების ენაზე ამას ჰქვია ”შურისძიება საკუთარ ბავშვობაზე”.

 

22 აპრილი - ეს დღე განსაკუთრებით უყვარდა მიშას ბავშვობაში. ამ დღეს დაიბადა ლენინი. ახლა, ეს დღე განსაკუთრებით უყვარს გოგა ხაჩიძეს, რადგან ამ დღეს ”დედამიწის დღე” აღინიშნება.

 

”დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება, რომელიც ველოსიპედების და ეკოტრანსპორტით მსვლელობას გულისხმობდა, წვიმის გამო გადაიდო. გარემოს დაცვის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები ”მწვანე კლუბი”, ”ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი” და ”მწვანეთა მოძრაობა” სხვა სახის აქციას გამართვენ” - მაცნობა შეფიცულმა სააგენტომ, რომლის წყალობითაც ვიცოდი, რომ მსვლელობაში მონაწილეობა უნდა მიეღო გოგა ხაჩიძეს - ბუნების მინისტრს. მაგრამ, როგორც უკვე ვიცით, აქცია არ გაიმართა - მწვანეებს არ უყვართ წვიმა, რადგან წვიმას არ უყვარს მწვანე. წვიმა რეცხავს მწვანე საღებავს და საგნებს რეალურ ფერებში გვიჩვენებს, მწვანე ფერის ქვეშ კი, როგორც წესი, ყოველთვის წითელი ფერი იმალება.

 

ასეა თუ ისე, ველოსიპედებიანი მსვლელობა არ შედგა, თუმცა, თავისუფლად შეეძლოთ, მოეწყოთ მსვლელობა ქოლგებით. დამეთანხმებით, ლამაზი სანახაობა იქნებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების 2025 წარმომადგენელი, ქოლგებით ხელში, რომლებსაც წინ მიუძღვის მთავრობის ერთი წარმომადგენელი დოლით ხელში.

 

მერე, სააგენტო იუწყებოდა ორგანიზაციები ალტერნატიულ აქციას გამართავენო - სოფელ შავშებში ჩავლენ, სადაც დევნილ ბავშვებთან ერთად 100 ხეს დარგავენ და სკვერს მოაწყობენ. სკვერს კი დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ლოგოს ფორმა ექნება. იფ... მოკლედ, ფანტაზიის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან. ისა... უროლოგიის საერთაშორისო დღე როდის იქნება, ხეები რომ დარგონ და ფორმაც იმ დღის შესაბამისი რომ მისცენ?

 

ეგ დღე როდის არის, არ ვიცი, მაგრამ 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. სააგენტო იუწყებოდა, დედაენის ბაღში წიგნის გამოფენა გაიმართა, რომელიც დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ დაათვალიერაო.

 

ბავშვობაში წიგნებს ათვალიერებდნენ, ახლა - წიგნის გამოფენებს ათვალიერებდნენ. ალბათ, ჯობდა, რომ დათვალიერების ნაცვლად - წაეკითხათ, თუმცა ბევრს ვიცნობ ისეთს, ყველაფერი რომ წაუკითხავთ და მაინც ვერაფერი გაუგიათ.

 

წაკითხვა არ არის მთავარი, მთავარი გაგებაა.

 

ერთი ნიუსიც და, გავიქეცი: ”ქართული პარტია” ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას მხოლოდ ორი პირობით დათანხმდება. როგორც "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბურჯანაძემ უნდა აღიაროს, რომ 7 ნოემბერს ხალხზე განხორციელდა ძალადობა სააკაშვილის რეჟიმის მიერ და 5 იანვრის არჩევნები გაყალბდა. შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ბადრი ბიწაძესთან დაპირისპირების ფონზე თანამშრომლობა შედგეს, გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ”დიდი ხანია ”ქართული პარტია” გამოდის საერთო სამოქალაქო თანხმობის ინიციატივით და ამაში პრობლემას ვერ ხედავს”.

 

გაიგეთ რამე? მე - ვერა. ვერამ? ვერამაც ვერა. ნინომ? არ ვიცი... ალბათ, ნინოსაც ექნება ერთი პირობა - გაჩეჩილაძემ უნდა აღიაროს, რომ მიუნჰენის აეროპორტში ბადრიმ ცემა ლევანი.

 

ხოლო ლევანი ამას არასოდეს აღიარებს.

 

რომც აღიაროს, მაინც არავინ დაიჯერებს.

 

თ.მ. (თვითონ მოგვერიდონ) - მოერიდე მაგათ.

- ერთი მაგათი...

- მე მითქვამს...

- რას იზამენ, დანის არ მეშინია.

(გურამ რჩეულიშვილი, ”ნათელა”)