თელავში უკვე გაიხსნა რთველი 2015-ის შტაბი, მანამდე კი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, სადაც 2015 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშემწყობი ღონისძიებები განიხილეს და დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრას ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 60-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი როგორც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყურძნის სუბსიდირება კვლავ გრძელდება.
„ყურძნის საფასურს ბანკისგან უშუალოდ მევენახეები მიიღებენ და მათ ღვინის კომპანიებისთვის ლოდინი აღარ მოუწევთ“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რამაც საქართველოდან ღვინის ექსპორტის შემცირება გამოიწვია, მთავრობამ სახელმწიფოს მიერ სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფასს არეგულირებს ბაზარი, სახელმწიფო არ განსაზღვრავს ყურძნის ღირებულებას და არ ერევა ფასების რეგულაციებში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მიუხედავად რუსეთისა და უკრაინის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებისა, სწორი მარკეტინგული პოლიტიკის შედეგად, მთელ რიგ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მიმდინარე წელს, მიუხედავად აგვისტოში მომხდარი სტიქიით მიყენებული ზარალისა, შარშანდელთან შედარებით ყურძნის კარგი მოსავალია - დაახლოებით 30%-ით მეტი. ამასთან, ხელისუფლებას აქვს სრული მზაობა და დეტალურად გაწერილი გეგმა, რათა წლევანდელმა რთველმაც ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავალის რეალიზაცია-დაბინავების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნას.
,,დარგის განვითრების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და მევენახეების ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კვლავ მოხდება როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება. 2015 წლის რთველის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე - 35 თეთრის, ხოლო 1 კგ. საფერვზე - 15 თეთრის ოდენობის სუბსიდია გაიცემა. რაც მთავარია, ყურძნის ფასს დაარეგულირებს ბაზარი, სახელმწფო ამაში არ ჩაერევა. მნიშვნელოვანია, რომ რთველი 2015-ის ფარგლებში წაგებული მხარე არ არსებობდეს. მოგებული უნდა იყოს როგორც ბიზნესი და წარმოება, ასევე თითოეული მევენახე“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც მინისტრმა შტაბის გახსნის დროს აღნიშნა, მიმდინარე წელს სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა. გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღეში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.
ასევე ცნობილიაა, რომ რთველი 2015-ის ფარგლებში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის იაფი სესხის გაცემა კვლავ გაგრძელდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის მეტი კომუნიკაციის მიზნით, რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმრო ,,ალაზნის ველში“ განთავსდა და 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანის რაიონშიც იფუნქციონირებს.
,,ჩაბარებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ერთიან ელექტრონულ ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში შეეძლება“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა
ყურძნის მოსავლის წლევანდელი საპროგნოზო მაჩვენებელი 30%-ით აჭარბებს შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს - შეგახსენებთ, რომ „რთველი 2014“-ის ფარგლებში, საქართველოში 124 ათას 606 ტონა ყურძენი მოიკრიფა, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა 175,3 მილიონი ლარი შეადგინა. რთველის დაწყებიდან - 20 აგვისტოდან, ყურძნის მიღება-გადამუშავებაში 65 ღვინის კომპანია მონაწილეობდა. სულ დარეგისტრირდა 87 კომპანია.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მიერ აგროდაზღვევის პროექტის განხორციელებით და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დანერგვით მიღებულ დადებით შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება: „ხელისუფლებამ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟებისთვის 14 მლნ ლარი გამოყო. მიმდინარე წელს, სწორედ აღნიშნული სისტემის ამოქმედებამ მოსახლეობას თავიდან ააცილა მოსავლის დიდი ნაწილის დაზიანება-განადგურება“.