მსოფლიოს საფონდო ბაზრები მკვეთრად ეცემა - აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და რუსეთის ბირჟები ვარდნას განაგრძობენ. ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შემცირების ფონზე, რაც ლითონისა და ენერგომატარებლების ჭარბი წარმოების კრიზისს გამოიწვევს, შესაბამისად, „ბლუმბერგის“ სასაქონლო ინდექსი 16-წლიან მინიმუმამდე დაეცა.
პარალელურად, მიმდინარეობს ნავთობის ფასის დაცემა მთელ მსოფლიოში. საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე გამოაქვეყნა თავისი ანგარიში.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში ფიქსირდება ნავთობის ფასის კლების ტენდეციები.
„ნავთობის ფასის კლება განპირობებულია სხვადასხვა გარემოებებით. მათ შორის, ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ მსოფლიოში ნავთობის მიწოდება აჭარბებს მოთხოვნილებას, რის შედეგადაც ბაზარზე არის ნავთობის ჭარბი ოდენობა.
ასევე ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს ირანის ისლამური რესპუბლიკის შესაძლო სრულფასოვანი დაბრუნება მსოფლიო სანავთობო ბაზარზე მას შემდეგ, რაც სანქციები მოეხსნება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო პერიოდში ჩინეთში განვითარებული ცნობილი მოვლენები, რომელიც თავის მხრივ, არის მსოფლიოში მეორე ქვეყანა ეკონომიკისა და ნავთობის მოხმარების მიხედვით. კერძოდ, აქ საქმე ეხება ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელებას“- ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში თვლიან, რომ ნავთობის ფასის შემდგომი განვითარება მიმდინარე ეტაპზე მთლიანად დამოკიდებულია ჩინეთის ეკონომიკაში არსებულ ვითარებასთან. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ნავთობის ფასი კვლავ განაგრძობს კლებას.
როგორც ვნახეთ, ჩინეთში განვითარებული მოვლენები მყისიერად აისახა ქართულ ეროვნულ ვალუტაზე - ქართული საწვავის ფასებზე კი საგრძნობი გავლენა არ მოუხდენია და სავარაუდოდ, არც მოახდენს, რადგან ქართველ იმპორტიორებს უკვე მრავალი წელია, საკუთარი რკინის არგუმენტი გააჩნიათ - საწვავის იმპორტიორთა მტკიცებით, მათ წინასწარ, მაღალ ფასად ჰქონდათ მარაგები შეძენილი და ამიტომ, ბენზინი მნიშვნელოვნად ვერ გაიაფდა. მაშინ როცა ნავთობის ფასის ვარდნა თითქმის ყველა ქვეყაანაში აისახა საწვავის ფასზე.
ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია(აფბა), ქართული საწვავის ბაზარზე არსებული ფასების კლების ტენდენციას შეუსაბამოდ მიიჩნევს ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე დაფიქსირებული მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად.
აფბას ანალიტიკოსის პაატა ბაირახტარის შეფასებით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს და 7-წლიან მინიმუმზეა; ნიუ-იორკის ბირჟაზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ბარელის ფასი 2.23 დოლარით შემცირდა და 38.06 დოლარი შეადგინა - ნავთობის ფასის მსგავსი ვარდნა ბოლოს 2009 წელს დაფიქსირდა.
როგორც ბაირახტარი განმარტავს, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ირანისთვის მოხსნილი სანქციები.
„როგორც ირანის ნავთობის მინისტრი აცხადებს, ირანი ნებისმიერ ფასად დაიცავს თავის წილს ნავთობის ბაზარზე, ეს კი თავის მხრივ ნიშნავს მოპოვების კიდევ უფრო გაზრდას, რაც ძალაუნებურად ფასის კიდევ უფრო დაწევას გამოიწვევს. ამ ფაქტს კიდევ უფრო ამყარებს ისეთი ნავთობ გიგანტების განცხადებები, როგორებიცაა BP და Royal Dutch Shell-ი, რომლებიც ირანთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ემზადებიან.
„ოპეკის“ ქვეყნები ბაზარზე საკუთარი წილის შესანარჩუნებლად იძულებულნი არიან მოპოვება გაზარდონ, თუმცა იმის გათვალიწინებით, რომ ყველა ქვეყანას მოპოვება სხვადასხვა ფასი უჯდება, რიგ შემთხვევებში ქვეყნები ნავთობს საკუთარი ეკონომიკისთვის არახელსაყრელ ფასად ყიდიან. დღეისათვის ნავთობის ყველაზე მსხვილი მომპოვებელი საუდის არაბეთია“, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.
ცნობილია, რომ ბოლო დროს ნავთობის ფასის შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ერაყმაც, რომელმაც ნავთობის მოპოვება დღეში 4 მილიონ ბარელამდე გაზარდა.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების პარალელურად, ცვლილება მოხდა ქართული საწვავის ბაზარზეც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნავთობკომპანიებმა ფასი 3–5 თეთრით შეამცირეს.
თუმცა აფბას კითხვები უჩნდება, რამდენად ადეკვატურია ეს შემცირება გარე ფაქტორების გათვალისწინებით.
აფბას ანალიზის თანახმად, მარტო ბოლო ერთი თვის მანძილზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 22,44%-ით შემცირდა, საქართველოში კი ეს შემცირება 2.5%-ს არ აღემატება.
„ნავთობის ფასი ბოლო 2 თვეა დაღმავალ ტრენდს ინარჩუნებს, უფრო დეტალურად კი ივლისის თვეში ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 23.3%-ით იყო შემცირებული ივნისის თვესთან შედარებით, მსგავსი შემცირების მიუხედავად, საქართველოში ივლისის თვეში არცერთ კომპანიას არ შეუმცირებია ფასები. მაგალითისთვის ამერიკაში ერთი ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი უკვე ჩამოვიდა 0.62 ცენტზე, რაც დღევანდელი კურსით 1.46 ლარს უდრის.
რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი დევალვაციაც, მაგრამ ამ ფაქტის მიუხედავად, ქართული საწვავის ფასი მაინც არ გამოდის ადეკვატური, იმდენად რამდენადაც, ლარი ბოლო 2 თვეში გაუფასურდა 5.08%–ით, მსოფლიო ბაზარზე კი ნავთობის ფასი ბოლო 3 თვის მანძილზე 45.74 %–ით შემცირდა“, - აცხადებს აფბას ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტაავენ, რომ ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება ასევე ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასების შემცირება Platt s-ის მიხედვით, რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი.
კერძოდ, დღეისათვის ბენზინის საერთაშორისო ფასი Platt s-ის მიხედვით შეადგენს 481,75 დოლარს/ტონაზე, ხოლო 10PPM დიზელის საწვავის ფასი - 431.00 დოლარს/ტონაზე.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი თვლის, რომ აღნიშნული ტენდენციიდან გამომდინარე აგვისტოს თვეში საქართველოს საცალო ქსელში მოხდა საწვავის ფასის კლება 5 თეთრით/ლიტრზე. კერძოდ, დღეისათვის ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერის ტიპის ბენზინი - 2.12-2.15 ლარი; პრემიუმის ტიპის ბენზინი - 2,04-2,10 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,88-2,04 ლარი; დიზელი ლ-62 -1,85-1,87 ლარი; ევრო დიზელი - 1,99-2,02 ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 10-15 თეთრით ნაკლებია ბრენდირებულ გასამართ სადგურებთან შედარებით.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, საქართველოში საწვავის საცალო ფასი დამოკიდებულია 2 ძირითად ფაქტორზე: ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი Platt s-ის მიხედვით და ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში თვლიან რომ რაკი ლარი ბოლო პერიოდში მკვეთრად უფასურდება დოლართან მიმართებაში, ეს პირდაპირ მოქმედებს საწვავის ფასის ღირებულებაზე. შესაბამისად, ამ ფაქტორიდან გამომდინარე ვერ ხდება საწვავზე ფასის უფრო მეტად შემცირება.
„Platt s-ის მიხედვით საერთაშორისო ფასის კლების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, კომპანიების მხრიდან ახალი იმპორტების განხორციელების შემდეგ, ლარის სტაბილურობისა და გამყარების პირობებში საწვავის ფასის შემცირება მომავალშიც გაგრძელდება“, - მიიჩნევენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
როდესაც ბაზარზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ეჭვები და კითხვები ჩნდება, ბუნებრივია, პროცესში კონკურენციის სააგენტო უნდა ჩაერთოს და გაარკვიოს ირღვევა თუ არა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. ჯერჯერობით კონკურებციის სააგენტო დუმს, თუმცა მის ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია გასულ წლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. სადაც ნათქვამია, რომ 2014 წლის 12 ნოემბერს კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, ნავთი) სასაქონლო ბაზრის მოკვლევა.
„მოკვლევის შედეგად გამოვლინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის ფაქტი, რაზეც შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს - შპს „ლუკოილ ჯორჯია“-ს, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“-ს, შპს „რომპეტროლ საქართველო“-ს, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმ“-ს, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“-ს, შპს „ბინული 1“-ს, შპს „ი თი აი“-ს და შპს „L ოილ“-ს დაეკისრათ ჯარიმა - ჯამში 55 მილონამდე ლარის ოდენობით“,- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.
როგორც ჩანს ნავთობპროდუქტების ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზს სააგენტო მომავალი წლისთვის შემოგვთავაზებს და თუ კანონი დაირღვა, ნავთობკომპანიებსაც დააჯარიმებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ბენზინის ფასები შემცირდა „სოკარის“, „ვისოლის“ და „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე.
საწვავი „გალფის“ ქსელშიც გაიაფდა. დიზელის პროდუქტებზე G-Force ევრო დიზელი და ევრო დიზელის ფასი 5 თეთრით შემცირდა - მიმდინარე ფასები - G-Force ევრო დიზელზე - 2,02 ლარს, ხოლო ევრო დიზელზე - 1,86 ლარს შეადგენს.