საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამაზ დიასამიძე უარყოფს პრესით გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ იგი ”რესპუბლიკური პარტიიდან” ახლახანს გარიცხულ მურმან დუმბაძესთან ერთად ქმნის პოლიტიკურ პარტიას. ამის შესახებ მან ”ობიექტივი.ნეტ”-თან საუბრისას განაცხადა.
”არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ ვქმნი. საქართველოში პოლიტიკური პარტიის თავიდან კეთებას არავითარი აზრი არა აქვს, რადგან ამ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიებისთვის საქმიანობის პირობები, პოლიტიკური პლურალიზმის სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძვლები არ არსებობს. ამჟამად არსებული პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი, სამწუხაროდ, სიმბოლური ინსტიტუციებია, რომლებიც მათდაუნებურად ნიღბავენ ქვეყანაში უკიდურესად ცენტრალისტურ, ავტორიტარულ პოლიტიკურ სისტემას.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პარტიების არსებობას აზრი არ აქვს. პირიქით, თავისი არსით პარტიული სისტემა ერთადერთი ქმედითი ინსტიტუციაა, ქვეყანაში ხელისუფლების ქვემოდან კონტროლის მცდელობის თვალსაზრისით. ეს ის ინსტიტუციიაა, რომლის გარეშე არჩევნები არ ტარდება და, ასე თუ ისე, არც ხელისუფლება ყალიბდება. ამიტომ პოლიტიკურ პარტიას თავისი ფუნქციობით და მის წევრს ამ პარტიაში საქმიანობით დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ხალხისა და საზოგადოების წინაშე. რიგი პარტიებისა და მათი ლიდერშიფის გამყიდველურმა საქმიანობამ დააკნინა სწორედ პარტიული სისტემა, მისი პოლიტიკური ინსტიტუცია, რაც დიდხანს არ გაგრძელდება.
ამდენად, პოლიტიკოსს, რომელსაც პარტიული საქმიანობა იტაცებს, შეუძლია, ახლის შეუქმნელად, დღეს მოქმედ რომელიმე პარტიაზე შეაჩეროს არჩევანი, ისევე, როგორც, ამ პარტიებში გაწევრიანების გარეშეც შეიძლება მათთან თანამშრომლობა.
მორიგი პარტიის შექმნა მორიგი დეკორაცია იქნება. ვიმეორებ, მე ამის გაკეთების არავითარი განზრახვა არ მქონია. ის რომ პარტიას ”ვქმნი”, წავიკითხე ”ვერსიაში”. გამოქვეყნებული მასალის ავტორს ვთხოვე გაეცა პასუხი, თუ საიდან მოიტანა ეს ინფორმაცია, მაგრამ განმარტება ვერ მივიღე. როცა ამ საკითზე სტატიის დაბეჭდვას აპირებდა, მას ეს ინფორმაცია ჩემთან უნდა გადაემოწმებინა, რაც არ გაუკეთებია - ჩემი ტელეფონი მუდამ ჩართულია, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით არავინ შემხმიანებია. ამიტომ მას გარდაუვალი უსიამოვნება ელის.
ის, რაც დაიწერა არის პროვოკაცია, ეს ვიღაცის მითითებით გაკეთდა და თუ რატომ, მე ეს ვიცი. საერთოდ, უამრავი რამ იწერება, რასაც ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ამ კონკრეტული ინფორმაციის შესახებ ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, რამაც შემაწუხა, უბრალოდ მომბეზრდა, რადგან ეს იმდენად ჰაერიდან მოტანილი ინფორმაციაა, რომ მსგავსი აზრი გონებაშიც არ გამივლია”, - გვითხრა თამაზ დიასამიძემ და ჩვენს კითხვაზე, ახალი პარტიის გაკეთებას თუ არ აპირებთ, აქამდე არსებულ რომელიმე პოლიტიკურ ძალაში ხომ არ გეგმავთ გაერთიანებას? მოგვიგო, რომ არც ერთ პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ თამაზ დიასამიძე, "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო უმრავლესობის უპარტიო წევრი, მისი შემადგენლობიდან გასული წლის ოქტომბერში, გარიცხის წესით გაიყვანეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასე ახსნა - ”ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენი გზები გაიყო. თამაზ დიასამიძე მხარს არ უჭერდა ისეთ საკითხებს, რომელიც ჩვენი აზრით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ადამიანები, რომლებსაც ჩვენი გუნდისგან განსხვავებული ხედვები აქვთ, ჩვენს რიგებში აღარ იქნებიან. თამაზ დიასამიძეს ბოლო პერიოდში თავადაც არ ჰქონდა ფრაქციასთან თანამშრომლობის სურვილი და გამომდინარე აქედან, ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, მან ”ნაციონალური მოძრაობის” შემადგენლობა დატოვოს”, - განუცხადა ჟურნალისტებს ცისკარიშვილმა.
თამაზ დიასამიძემ კონსტიტუციის პროექტის გამო გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო - პირველ და მეორე მოსმენაზე ხმა არ მისცა, ხოლო მესამე მოსმენისას ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა, რასაც ასე ხსნის - ”კონსტიტუციური კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი, ანუ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, ვერ პასუხობს ქვეყნის მომავალ განვითარების მოთხოვნებს და ვერ უზრუნველყოფს მისი საშუალო და გრძელვადიან შიდაპოლიტიკურ სტაბილურობასა და პროგრესს”.
სააგენტო ”პირველის” ცნობით, კონსტიტუცია არ იყო პირველი კანონპროექტი, რომლის წინააღმდეგაც დიასამიძე გამოვიდა - მანამდე მან ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის შესახებ ინიცირებული კანონპროექტიც დაიწუნა, უფრო ადრე კი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი გააკრიტიკა.
თამაზ დიასამიძის განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, მას არავითარი ურთიერთობა აღარ ჰქონია "ნაციონალურ" საპარლამენტო უმრავლესობასთან, მასში სიმბოლურად ირიცხებოდა და შეგუებული იყო იმ ფაქტს, რომ მის მიმართ გარიცხვის მეთოდს გამოიყენებდნენ. თუმცა, 2010 წლის ბოლოს ისედაც აპირებდა უმრავლესობიდან გასვლას. ამბობს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებამ ეს უბრალოდ, დააჩქარა.