„თელასი“ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას ითხოვს. ამ ეტაპზე სემეკში საჯარო განხილვა სამომხმარებლო ტარიფში შემავალ ორ კომპონენტს - საოპერაციო დანახარჯებსა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტს ეხება.
განხილვაზე სემეკმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის თანახმად, 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, კომპანია „თელასს“ სავარაუდო შესყიდვის ფასი განუსაზღვრა 11,173 თეთრი კვტ.სთ-ზე. ამ დრომდე შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასი არის 5,480 თეთრი კვტ-სტ-ზე.
„თელასი“ სემეკის შთავაზებით, როგორც ჩანს, კმაყოფილი არ არის - „თელასის“ კომერციული დირექტორის მოადგილე, მიხეილ ანთაძე აცხადებს, რომ სემეკ-ის მიერ წარმოდგენილ შესასყიდ საპროგნოზო ტარიფთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.
„სემეკ-მა წარმოადგინა საკუთარი გათვლა, შემოთავაზებულ იქნა ე.წ. 16-თვიანი ტარიფი 11.173 თეთრის ოდენობით 1 კვტ.სთ-ზე. ჩვენ გამოვთქვით შენიშვნები ამ ტარიფთან დაკავშირებით. საქმე ეხება „ხრამი 1“ და „ხრამი 2“-იდან მისაღები ელექტროენერგიის მოცულობებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული და ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი იქნება რეალური და სამართლიანი“, - განაცხადა ანთაძემ.
მთლიანობაში რამდენი თეთრით ითხოვს თელასი ტარიფის გაზრდას, ამ ეტაპზე უცნობია როგორც „თელასის“ წარმომადგენელი აცხადებს, სატარიფო განაცხადით, „თელასს“ არ მოუთხოვია კონკრეტულად 6 ან 8 თეთრით ტარიფის ზრდა ან შემცირება და წარმოდგენილი ციფრები მარეგულირებელი კომისიის მიერაა დაანგარიშებული.
კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სამომხმარებლო ტარიფზე შესყიდვის ფასის ცვლილებამ, ანთაძემ აღნიშნა, რომ ამას ვერ იტყვის, რადგან გასათვალისწინებელი და დასათვლელია ტარიფის მეორე უმნიშვნელოვანესი კომპონენტი - „თელასის“ განაწილების ტარიფი, რომელსაც ასევე კომისია ითვლის.
განხილვას ესწრებიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც „თელასის“ და სემეკის პოლიტიკას აკრიტიკებენ. მაგალითად, „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია დარწმუნებულია, რომ „თელასი“ ტარიფის 6 თეთრით გაზრდას ითხოვს.
„ქართული დასის“ ლიდერი ასევე დაინტერესდა, თუ რა მოცულობის სოციალურ გაზს იღებს საქართველო აზერბაიჯანისგან იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის ენერგომატარებლებს ვატარებთ. ბაღათურია დარწმუნებულია, რომ ეს სოციალური გაზი უნდა აისახოს თბოელექტროსადგურების ტარიფებში, რაზეც სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ უპასუხა, რომ თბოელექტროსადგურების ტარიფები კომისიამ რამდენიმე კვირის წინ უკვე დაადგინა და თუ ვინმე უკმაყოფილოა ამ ტარიფებით, შუძლია, სასამართლოში გაასაჩივროს.
თელასის ტარიფის განხილვა კვლავ გაგრძელდება, სემეკ-ის წევრი გოჩა შონია ფიქრობს, რომ „თელასის“ სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საბოლოო ვადამდე - 18 დეკემბრამდე გაცილებით ადრე იქნება მიღებული.
„ძირითადი კომპონენტი, რომლითაც ითხოვდა „თელასი“ ტარიფის კორექტირებას, ეს იყო შესყიდვის კომპონენტის გაძვირება. ამიტომ მასზე ბევრადაა დამოკიდებული სამომხმარებლო ტარიფის საბოლოო განაკვეთი“, - განაცხადა შონიამ.
„თელასმა“ განაცხადი სემეკში ზაფხულის დასაწყისში შეიტანა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ენერგოგამანაწილებელი კომპანია ტარიფის გადახედვის საფუძვლად ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, შესასყიდი ელექტროენერგიის და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებდა.
როგორც ცნობილია, კომპანია განაცხადში აფიქსირებს, რომ აქვს გარკვეული ფინანსური ზარალი ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით და ითხოვს ამ ღირებულების კომპენსაციას.
საქართველოში დენის ტარიფების ზრდის თემას რუსული მედია სემეკში „თელასის“ განაცხადის შეტანისთანავე გამოეხმაურა - რუსული „კომერსანტი“ წერდა რომ რუსული „ინტერ რაოს“ მფლობელობაში მყოფი კომპანია „თელასი“ ხელისუფლებას ტარიფის მკვეთრ ზრდას სთხოვდა.
ამასთან, რუსული „კომერსანტი“ საქართველოში შექმნილ ვითარებას ადარებდა სომხეთში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ტარიფის ზრდამ სახალხო მღელვარება გამოიწვია, რის შედეგადაც ხელისუფლებამ ტარიფის ბიუჯეტის ხარჯზე კომპენსირების გადაწყვეტილება მიიღო, რუსულმა ენერგოკომპანიამ კი სომხეთის ბაზრის დატოვებაზე დაიწყო ფიქრი.
როგორც ცნობილია, „თელასი“ კონკრეტულ ციფრს არ ასახელებს, რამდენთეთრიან ზრდაზეა ლაპარაკი, თუმცა რუსული „კომერსანტისთვის“ ჯერ კიდევ ივნისსი იყო ცნობილი, რომ „თელასი“ ფასების ზრდას ერთ კილოვატსაათზე 4-5 თეთრით ითხოვდა მომხმარებელთა ყველა კატეგორიისთვის. ამდენად, უცნობია აქვს თუ არა პოლიტიკური დატვირთვა „თელასის“ განაცხადს და ამით ვინმე ცდილობს თუ არა, მოსკოვში ქულების ჩაწერას, თუმცა ამ თემის ირგვლივ კითხვები ლოგიკურად ჩნდება.
ენერგეტიკოსთა განმარტებით, 1998 წლიდან 2008 წლამდე ამერიკული „ეი-ი-ეს“-ის სამომხმარებლო ტარიფში გათვალისწინებული იყო „თელასის“ მიერ გაწეული კაპიტალური დანახარჯების კომპონენტი, რომელიც, კომპანიის გაყიდვის შემდეგ „რაო ეეს“-ის ტარიფშიც გადავიდა. წესით, 2008 წლის ბოლოდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი უნდა შემცირებულიყო, თუმცა 2007 წელს საქართველოს ხელისუფლებასა და „რაო-თელასის“ ხელმძღვანელობას შორის დადებული მემორანდუმით თამაშის წესები შეიცვალა და ექსპერტების შეფასებით, რომ არა ეს მემორანდუმი, 2008 წლიდან ტარიფი გაიაფდებოდა.
როგორც ცნობილია, მემორანდუმი 2015 წლამდე პერიოდს მოიცავს, სადაც ყოველგვარი გათვლებისა და გაანგარიშების გარეშე პირდაპირ, წერია, რომ დადგენილ ტარიფში 7,89 თეთრი „თელასის“ წილია და რომ 2015 წლამდე უნდა შენარჩუნდეს ეს ტარიფი.
ექსპერტები მაშინვე ეჭვობენ, რომ შემდეგ ამ მემორანდუმში დამატებითი ცვლილებები შევიდა, სადაც ჩაიწერა, რომ „რაო ეესის“ მიერ განსახორციელებელი ინვესტიცია 60 მილიონამდე გაიზრდებოდა, ტარიფი კი შენარჩუნდებოდა 2025 წლამდე - ბუნებრივია, ეს მხოლოდ ვარაუდები გახლდათ, რადგან მემორანდუმი გასაიდუმლოებული იყო - ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. ამჟამად კვლავ უცნობია გადაიხედა თუ არა ხელისუფლებასა და „თელასს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი და შევიდა თუ არა მასში ცვლილებები.
ერთი რამ ცხადია, 2015 წლისთვის „თელასი“ ტარიფის ცვლილებაზე განაცხადს ყველა შემთხვევაში შეიტანდა სემეკში, ვალუტის კურსის ცვლილებაც რომ არ მომხდარიყო, რადგან ეს ჩაწერილი იყო იმ მემორანდუმში, რომლის ირგვლივაც წინა ხელისუფლების დროს რამდენჯერმე აგორდა სკანდალი. ასევე უცნობია, არის თუ არა საქართველოს ხელში დარჩენილი ბერკეტები, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის სამართლიანი ტარიფები დადგინდეს.