საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველოში ჩინური ინვესტიციები და პროდუქციის იმპორტი გაიზრდება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთიდან გაიაფებული იმპორტი ძირითადად ჩაანაცვლებს იმპორტს თურქეთიდან. 2014 წლის მდგომარეობით, იმპორტის კუთხით, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო (მთლიანი იმპორტის 20.1% თურქეთზე მოდიოდა), რიგით მეორე პარტნიორი კი ჩინეთი გახლდათ (მთლიანი იმპორტის 8.6%).
თუმცა მანამდე, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობის შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოსალოდნელია საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის ზრდა.
აღსანიშნავია, რომ 2008 წელს ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა ახალ ზელანდიასთან, რასაც ჩინეთიდან ახალ ზელანდიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა მოჰყვა.
საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში, სულ რაღაც 2-3 წელიწადში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 9.0%-ით, ანუ 2.1 მლნ. აშშ დოლარით გაიზრდება. ეს მაშინ, როცა 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოდან ჩინეთში განხორციელებული ექსპორტის 75%-ს (67.4 მლნ. აშშ დოლარი) სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტი შეადგენდა.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ასევე, მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება ღვინისა (28.5%) და უალკოჰოლო სასმელების (36.7%) ექსპორტი, მცირედით გაიზრდება სპილენძისა და ალუმინის ჯართის ექსპორტი (3.3%). პარალელურად, ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი გაიზრდება 1.7%-ით (12.4 მლნ. აშშ დოლარით).
როგორც პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფში (PMCG-ში) განმარტავენ, კვლევის მეთოდმა არ გაითვალისწინა შესაძლო ეფექტები იმ პროდუქტებზე, რომელთა ექსპორტიც ჩინეთში აქამდე არ განხორციელებულა და რომელთა საექსპორტო პოტენციალზეც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ხელშეკრულების გაფორმებამ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნებისმიერი ახალი სავაჭრო რეჟიმის დამყარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, ეს აქტუალურია ჩინეთთან, რადგან ჩინეთი მზარდი დომინანტური საბაზრო მოთამაშეა თანამედროვე მსოფლიოში და ჩინეთისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპასთან სწორი საკომუნიკაციო ლოჯისტიკური ქსელის სისტემის აწყობა. ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველო ამ ლოჯისტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი ბუნებრივი კომპონენტია, ჩვენი სტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე.
ამავდროულად, ექსპერტის თქმით, საქართველომ შარშან გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან და, ამ თვალსაზრისით, ჩვენ მეტი შესაძლებლობა გვეძლევა.
აქ მხოლოდ ჩინეთთან საქონელთბრუნვაზე არ არის საუბარი; საქართველო არ მოიაზრება მხოლოდ, როგორც საქონლის გამტარი დერეფანი, არამედ ჩვენ ვართ გარკვეული ფინანსური საინვესტიციო რესურსების მობილიზებისა და საინვესტიციო პროექტების განხორციელების ცენტრი, რომელიც სასარგებლო იქნება, როგორც ჩინურ-ევროპული, ისე ჩინურ-ქართული და ქართულ-ევროპული ურთიერთობისთვის.
ამიტომ სხვადასხვა რეგიონიდან საქართველოში მაქსიმალურად უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები, რაც საქართველოს საფინანსო-საინვესტიციო-სასაქონლო ჰაბად გადააქცევს რეგიონალური და საერთაშორისო მასშტაბით.
„რა შეიძლება შევთავაზოთ ჩინელებს? ჩინეთი საქონელტევადი ქვეყანაა, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო წლებში მკვეთრად აგრესიული საექსპორტო პოლიტიკა აქვს. ბოლო პერიოდის ჩინური ვალუტის ხელოვნური გაუფასურებაც სწორედ ამაზეა ორიენტირებული, რომ ჩინური ექსპორტი გაიზარდოს.
საქართველოსთვის რთული იქნება ჩინურ ბაზარზე პროდუქციის შეტანა, რადგან პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, თავად ჩინური ბაზარი უკვე გაჯერებულია, თუმცა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა მინერალური წყალი, ღვინო და ღვინომასალები, შესაძლებელია გავიტანოთ. უხეშად რომ ვთქვათ, ყველაფერს არ უნდა მივედ-მოვედოთ და ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები მკვეთრად განსაზღვრულ ჩარჩოში რამდენიმე მიმართულებით განვავითაროთ, რომლის აწევის საშუალებაც გვექნება და ჩინური ბაზრისთვისაც საინტერესო იქნება.
ჩემი ოპონენტებისგან განსხვავებით, შიშით არ ვუყურებ ჩინეთის თემას. თუკი კონკურენცია ორ სტრატეგიულ პარტნიორს-თურქეთსა და ჩინეთს შორის საქართველოს ბაზარზე შედგება, ეს მისასალმებელი იქნება. ქართველი მომხმარებელი ამით მეტ სარგებელს მიიღებს. კონკრეტული ინვესტიციები კი დამოკიდებულია იმაზე, თავად ჩინეთისთვის საქართველო რამდენად ჩაჯდება სტრატეგიულ ნიშნულში.
მაინც მგონია, რომ რამდენიმე მიმართულება იქნება ჩინეთისთვის საინტერესო-ლოჯისტიკური ცენტრები, შავი ზღვისპირეთში ფინანსური ლოჯისტიკური სერვისების განვითარება და ენერგეტიკული პროექტები“,-აცხადებს ლევან კალანდაძე და განმარტავს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენი პოლიტიკოსების მხრიდან ჩინეთთან უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და გამორიცხული არ არის, ჩინურ-ქართული ერთობლივი საინვესტიციო პროექტების ღირებულებამ არაერთ ათეულ მილიონ დოლარს მიაღწიოს.
ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი რამაზ აბესაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, ჩვენს მთავრობას რა ჩანაფიქრი აქვს ჩინეთთან მიმართებით, თუმცა დადებითი მოვლენაა არა მარტო ჩინეთთან საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება, არამედ -ყველა ქვეყანასთან ექსპორტის გადიდება.
ჩაანაცვლებს თუ არ ჩინური ბაზარი თურქულს, რამაზ აბესაძე თვლის, რომ პროცესებს უნდა დავუკვირდეთ, გააჩნია პროდუქციას, მის ფასს და ამის მიხედვით, შეიძლება, ჩინურმა ბაზარმა თურქული ბაზარი, ან სხვა ქვეყნის ბაზარი ჩაანაცვლოს, ან საერთოდაც, არცერთი ბაზარი არ ჩაანაცვლოს.
„ჩინური ეკონომიკა მრავალფეროვანია. აქვს ისეთი პროდუქცია, რომელიც მაღალ სტანდარტებს არ პასუხობს, მაგრამ იაფია. ასევე, აქვს მაღალსტანდარტიანი პროდუქციაც. ამდენად, ჩვენი ბაზრის გადასაწყვეტია, რისი მოთხოვნა იქნება ჩვენი მხრიდან. ეს მოთხოვნა-მიწოდების პრობლემაა“,-აცხადებს რამაზ აბესაძე.
ცნობისთვის, 2014 წელს ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები იყო გამომთვლელი მანქანები (6%), შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციები (4%), სატელეფონო აპარატები (3%), ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან (3%) და მაცივრები, საყინულეები (3%).
საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ ყველაზე მეტად გაიზრდება შემდეგი პროდუქტების იმპორტი: კარები და მათი ჩარჩოები, გაყინული ქათმის ნაწილები, გაპრიალებული გრანიტი და პლასტმასის სამშენებლო დეტალები.
გარდა ამისა, საქართველო-ჩინეთს შორის საგარეო ეკონომიკური თანამშრომლობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხითაც მნიშვნელოვანია. მით უფრო, რომ 2014 წლის მდგომარეობით, ჩინეთი რიგით მესამე უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში და ინვესტიციების მოცულობა 217.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.