კრემლის საომარი რიტორიკა რუსებსაც ყელში ამოუვიდათ

კრემლის საომარი რიტორიკა რუსებსაც ყელში ამოუვიდათ

[მერაბ ბრეგაძე]

რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა მარიონეტების „გეგმიური“ მონახულება ცხინვალიდან დაიწყო. როკის გვირაბთან მას ოსური ლუდით და მწვადებით დახვდნენ. კოკოითმა ლავროვი „ღირსების ორდენითაც“ დააჯილდოვა.

მხარეები ერთმანეთის მისამართით მაამებლურ ტირადებს არ იშურებდნენ. რა თქმა უნდა, ყველა გამოსვლას თან სდევდა ლეგენდა „ქართული საფრთხის“ შესახებ. ლავროვი თბილისს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ სეპარატისტებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს. კოკოითი იქვე უდასტურებს, რომ მზად არის ასეთ შეთანხმებაზე ხელი მოაწეროს.

ლავროვის ჩვეულ „დიპლომატიურ უნამუსობას“ კი საზღვარი არ გააჩნია. რუსთა მთავარი ელჩი აცხადებს, რომ „მოსკოვი ქართული მხარისგან მოსალოდნელი სამხედრო პროვოკაციებისთვის მზად არის“. ამას ამბობს იმ ქვეყნის მინისტრი, რომელსაც მეზობელი სახელმწიფოს ოცი პროცენტი ოკუპირებული და „აღიარებული“ აქვს.    

რაც შეეხება „აღიარებას“, მარიონეტებს ამ მხრივ „სოციალისტური შეჯიბრი“ აქვთ გაჩაღებული. ლავროვთან შეხვედრისას, კოკოითი ირწმუნება, რომ „სამხრეთ ოსეთის აღიარებას“ კიდევ ერთი სახელმწიფო აპირებს. თუმცა პოტენციურ „ამღიარებელს“ არ აკონკრეტებს. უფრო შორს მიდის აფხაზთა „საგარეო მინისტრი“ მაქსიმ ღვინჯია, რომლის თქმითაც, „აღიარების“ რიგში სამი სახელმწიფო დგას, ოღონდ არააფრიკული ქვეყნები.  

მარიონეტების „მთავარი ამღიარებელი“ კი ცხინვალის შემდეგ სოხუმში ჩადის. მანამდე, რუსულ–ოსური მედია ლავროვის ცხინვალში ვიზიტის დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. 

„ლავროვის ცხინვალში ვიზიტისას რუსეთსა და ცხინვალის ხელისუფლებას შორის ხელი რამდენიმე ორმხრივ შეთანხმებას მოეწერა , - ამის შესახებ „როსბალტი“ იუწყება.

საინფორმაციო-კულტურული ცენტრების დაარსებისა და პირობების შესახებ შეთანხმებას ხელი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა მოაწერეს. მათ ასევე გაცვალეს ნოტები, რომლის თანახმადაც ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლა.

ჯიოევმა და ლავროვმა ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის პრინციპებსა და პირობებზე ტრანსპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ასევე, გაფორმდა შეთანხმება საავიაციო ძიებისა და გადარჩენის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე.

„სერგეი ლავროვმა ცხინვალში ყოფნისას მე-4 რუსული სამხედრო ბაზა მოინახულა“, - იუწყება  სააგენტო "რესი". რუსეთის პირველმა დიპლომატმა რუსი სამხედროების ცხოვრებისა და პირობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. მინისტრი ასევე დაინტერესდა რუსეთის საელჩოს მშენებლობის მიმდინარეობით და მიკრორაიონი „მასკოვსკიც“ დაათვალიერა.

ლავროვმა ყვავილებით შეამკო ქართულ-რუსული ომის დროს დაღუპულთა მემორიალიც. მისი თქმით, „საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმისგან ყველაფერია მოსალოდნელი“:

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ საქართველოს მხრიდან სამხედრო პროვოკაციებს, რადგან ამჟამინდელი რეჟიმისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უზრუნველვყოთ სამხრეთ ოსეთის საზღვრების უსაფრთხოება და მზად ვიყოთ, თუ ვინმე 2008 წლის აგვისტოს მსგავსი დანაშაულის ჩადენას კვლავ მოისურვებს“.

„საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება უნდა აიღოს“, - აცხადებს ლავროვი.

„ოსინფორმის“ ცნობით, ედუარდ კოკოითთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის მიზანია, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მშვიდობიანად და კარგად ცხოვრობდეს:

„ჩვენ მათ ამაში აუცილებლად დავეხმარებით. რუსული მხარე აფასებს სამხრეთ ოსეთის მიერ მემორანდუმის მიღებას ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით. ასეთივე მემორანდუმს აფხაზეთის ხელმძღვანელობაც ამზადებს და ეჭვი არ მეპარება, რომ ქართული მხარე ულაპარაკოდ დათანხმდება ძალის გამოუყენებლობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში“.

მისივე თქმით, რუსეთს ცხინვალში მიმდინარე პროცესები ძალიან აწუხებს და ცდილობს „ქართული აგრესიის“ ნაკვალევის აღმოფხვრაში ადგილობრივ ხელისუფლებას მაქსიმალიურად დაეხმაროს:

„პრაქტიკულად ბოლომდე შესრულებულია 2008-2010 წლების კომპლექსური გეგმა სახელმწიფოს აღდგენასთან დაკავშირებით. განსაზღვრულია მიმდინარე წლის საინვესტიციო პროგრამაც. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტისთვის პირდაპირი დახმარება იგეგმება“.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ოსური სტუმართმოყვარეობით აღფრთოვანება გამოხატა.

ცხინვალში სერგეი ლავროვს მისი მოადგილე გრიგორი კარასინი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაური თეიმურაზ მამსუროვი, რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს დეპარტამენტის დირექტორი ანდრეი კელინი და რუსეთის ელჩი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ელბრუს კარგიევი ახლდნენ.

ამ ფონზე კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემლის საგარეო მინისტრის ცხინვალში ვიზიტმა რუსები აღაშფოთა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლავროვმა მორიგი ანტიქართული განცხადებებები გააკეთა. რუსული დიპლომატიის მამა პირდაპირ ამბობს, რომ „მოსკოვი საქართველოსთან ომისთვის მზად არის“.

ეს თემა ფართოდ გაშუქდა რუსულ მედიაში. ცოტა ხნის წინ, რუსებს ანტიქართული განცხადებები საკმაოდ მოსწონდათ. თუმცა, როგორც ჩანს, მათაც ყელში ამოუვიდათ თავიანთი ხელისუფლების პერმანენტული საომარი რიტორიკა.

ინტერნეტპორტალ „რამბლერზე“ ლავროვის აგრესიულ განცხადებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საღამოს 8 საათისთვის, ამ თემატიკაზე  3500–ზე  მეტი კომენტარი იყო გაკეთებული.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კომენტარების ავტორთა უმეტესობა ლავროვის განცხადებას უარყოფითად აფასებს. უბრალო ადამიანები, საქართველოს მიმართ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ.

თუმცა, ბევრი თბილისსაც ადანაშულებს. განსაკუთრებული რისხვა პრეზიდენტ სააკაშვილს დაატყდა. საქართველოს და ქართველებს კი თბილად იხსენიებენ.

„ქართველებთან ჩვენ ყოველთვის მშვიდად ვცხოვრობდით. ისინი ქრისტიანები არიან. არ ჰგვანან არც ჩეჩნებს და არც ინგუშებს. ამიტომ მათთან ომი არ ღირს“, – აცხადებენ რუსი მოქალაქეები.