ირანი საქართველოსთან ტურისტული კავშირების განვითარებას გეგმავს. როგორც ირანული მედია იტყობინება, საქართველოსა და ირანის წარმომადგენლებმა შეხვედრის დროს ტურიზმის გაფართოების საკითხები განიხილეს.
კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ირანთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გუბაზ სანიკიძე თეირანში ირანის კულტურული მემკვიდრეობის, ტურიზმისა და ხალხური ნაწარმის ფონდის დირექტორს მასუდ სოლტენიფერს შეხვდა.
მასუდ სოლტენიფერმა საუბრისას ხაზი გაუსვა ირანისათვის საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას და მაღალი შეფასება მისცა ორ სახელმწიფოში ტურისტული ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივებს. მისი თქმით, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სანქციების მოხსნის შემდეგ ირანს განზრახული აქვს კიდევ უფრო გააფართოვოს თავისი კავშირები მთელ მსოფლიოსთან, მათ შორის, საქართველოსთან. მისივე თქმით, ირანი დიდი ქვეყანაა თავისი ეკონომიკური და კულტურული პოტენციალით, რომელსაც შეუძლია ხელის შეუწყოს სხვა ქვეყნების განვითარებასაც.
თავის მხრივ, გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ ქართველები სპარსულ კულტურას უძველესი დროიდანვე იცნობენ და საქართველოს გადაწყვეტილი აქვს, ირანთან კავშირები გაფართოვდეს.
„საქართველოს ისტორია 4 ათას წელზე მეტს ითვლის. საქართველოს ძალიან მდიდარი ლიტერატურული ტრადიციები აქვს - ქართული ანბანი, რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოში არსებულ 14 ანბანს შორის ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეშია შექმნილი“, - ნათქვამია ირანული გაზეთის „თეჰრან თაიმსის“ სტატიაში.
როგორც ცნობილია, 2013 წელს საქართველომ ირანელი მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ამის პარალელურად, ირანმა საქართველოს მოქალაქეებისათვის 45-დღიანი უვიზო რეჟიმი შეინარჩუნა. ირანელებმა საქართველოს მხრიდან ასეთი დამოკიდებულება იმ პერიოდში მტკივნეულად აღიქვეს. ამჯერად კი მათ მოწონებას იმსახურებს, რომ თბილისმა ირანთან სავიზო რეჟიმი შეარბილა და საქართველოში წასვლის მიზნით ირანის მოქალაქეებს შეუძლიათ ელექტრონული ვიზა მიიღონ.
ტურისტული კომპანიის „See All Georgia“-ს დამფუძნებელი და მენეჯერი მინდია წიკლაური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ირანელ ტურისტებთან ურთიერთობა პირადად მას 2010-11 წლებში გახშირებულად უწევდა. შემდეგ შეიქმნა პოლიტიკური პრობლემები, როცა ჩვენმა სახელმწიფომ უვიზო მიმოსვლა შეაჩერა ირანთან; თუმცა, ამის მიუხედავად, ირანთან კავშირები ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. არის რამდენიმე ტურისტული კომპანია, რომელიც სწორედ ირანზე მუშაობს და ირანელი ტურისტები შემოჰყავს.
„იმ პერიოდში, როცა ირანელი ტურისტები შემოგვყავდა, ექვს თვეში დაახლოებით 12 ათასი ირანელი მივიღეთ. ერთი ტურისტული კომპანიისთვის ეს დიდი რიცხვი იყო. ის, რომ ირანელებს აინტერესებთ ქართული კულტურა, ეს ზღაპარია, რადგან იმ 12 ათასი კაციდან დაახლოებით ორას კაცს თუ აინტერესებდა ჩვენი კულტურა. უამრავ პაკეტს ვთავაზობდით, ბევრი ქართველი გიდი მუშაობდა მათთან, მაგრამ მათ არ აინტერესებდათ მცხეთაში ექსკურსია. ისინი ძირითადად სხვა მიზნით შემოდიოდნენ. მართალია, ეს მიზნები ტურისტული იყო, მაგრამ არა კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის თვალსაზრისით.
ევროპულ, ამერიკულ და რუსულ ბაზრებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა მეტ-ნაკლებად მუშაობს, ირანულ ბაზარზე კი ეს არ მუშაობს. უბრალოდ, ირანში ბევრი რამ არის აკრძალული, რაც საქართველოში დაშვებულია და სწორედ ეს იყო საქართველოში მათი ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი. საკმაოდ კარგი რეკლამა ჰქონდა გაკეთებული ბათუმს, მათ უნდოდათ დასვენება, გართობა და სხვა. ირანს აქვს უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობა და შენარჩუნებული აქვს ჩვენს წელთაღრიცხვამდელი ძალიან ბევრი საინტერესო ნიმუში“,-აცხადებს მინდია წიკლაური.
ამის მიუხედავად, ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი თვლის, რომ ირანული ბაზრის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან ირანი აქვეა, მაგრამ იგი, რიცხოვნობის თვალსაზრისით, შორეული ჩინეთის ბაზარს ვერ გაუტოლდება. ჩინური ბაზარი ჩვენთვის მიუწვდომელი იქნება კიდევ უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში.
ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ირანი სერიოზული მოთამაშეა ჩვენს რეგიონში. მართალია, ჩვენ, როგორც ამერიკის სტრატეგიულმა მოკავშირეებმა, თავის დროზე ირანისთვის დაწესებული სანქციები გავიზიარეთ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ ამჯერად ეს ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს.
უფრო მეტიც, თუკი საერთაშორისო პოლიტიკურმა კონიუნქტურამ ხელი არ შეუშალა და რაიმე არსებითად არ შეიცვალა, ირანული ბაზარი მზარდი და პერსპექტიულია. ასე რომ, ყველა მეზობელთან უნდა ვეცადოთ აქტიური ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებას, იმის მიუხედავად, რა პოლიტიკური კონიუნქტურაა მსოფლიოში და რა ტიპის რეჟიმებია ამ ქვეყნებში, დაწყებული თურქეთიდან, დამთავრებული რუსეთით; რადგან ჩვენ, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვართ, ვერ დავალაგეთ ურთიერთობა ზოგიერთ მეზობელთან, ტერიტორიების 20 % დაკარგული გვაქვს და იმისთვის, რომ მასშტაბური მიგრაცია ჩვენი ქვეყნიდან შევაჩეროთ, აუცილებელია ყველა მეზობელთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ინტენსივიზაცია და, განსაკუთრებით, ირანთან, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენთვის ახალი ფაქტორია.
„ჩვენ გვქონდა დიპლომატიური მხარდაჭერა ირანისგან, როცა საქართველო საერთაშორისო არენაზე გამოვიდა. გარდა ამისა, შედგა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ირანში და ირანის პრეზიდენტისა საქართველში, ირანმა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა. შემდეგ, ერთი პერიოდი, მე ვფიქრობ, აშშ-სთან შეთანხმებით, სააკაშვილმა გამოაცოცხლა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან და ამან ჩვენს ქვეყანას გარკვეული სარგებელი მოუტანა. ჩემი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული, როცა ირანი და იმ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოები საუკუნეების განმავლობაში სერიოზულ როლს ასრულებდნენ საქართველოსთან მიმართებით. ეს ურთიერთობა ზოგჯერ შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი დაპყრობითი სტრატეგიით ვლინდებოდა; მაგრამ ირანის ფაქტორი მაინც მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით, მე-17-18 საუკუნეში, როცა ირანული ექსპანსია და კულტურული ურთიერთობები ერთმანეთს გადაეჯაჭვა.
დღეს უკვე ახალი ეპოქაა და სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენს ირანის სახელმწიფო მოწყობის თავისებური ხასიათი. მსოფლიოში დამკვიდრებული დემოკრატიის ნორმების გაანალიზების შედეგად ჩვენ აღმოვაჩენთ ბევრ პრობლემას. ამ თვალთახედვით, ჩვენ მოგვიწევს ირანთან ურთიერთობა, რა ფორმითაც არ უნდა არსებობდეს იგი. ჩვენ ირანელ ხალხთან უნდა გვქონდეს გაწონასწორებული ორმხრივ სასარგებლო ურთიერთობები“,-აღნიშნა ვაჟა ბერიძემ და განმარტა, რომ დასავლეთმა მიაღწია იმას, რომ ირანი აღარ წარმოადგენს საფრთხეს დანარჩენი მსოფლიოსთვის და არ აწარმოებს ატომურ იარაღს. აქედან გამომდინარე, ირანის წიაღისეულის დასავლეთის ბაზრებზე გასატანად და ცივილიზებულ სამყაროში ირანის სასურველი ადგილის დასამკვიდრებლად ჩვენც შეგვიძლია ხიდის როლი შევასრულოთ, რაც ორმხრივ სასარგებლო იქნება.