სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა დაავადებები აქტიურდება. ზამთარმა და გრიპის სეზონმა როგორც იქნა ჩაიარა, მაგრამ ახლა საზაფხულო პრობლემები იწყება. სულ რაღაც ერთ თვეში ლეიშმანიოზით დაავადების საფრთხე მკვეთრად გაიზრდება. ის კი არა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლეიშმანიოზით უკვე 2 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ სეზონური დაავადება ვადაზე ადრე გააქტიურდა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვი და 62 წლის მამაკაცია. მათი გარდაცვალების მიზეზად ექიმები დაგვიანებულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ასახელებენ.
მედიკოსების განმარტებით, ლეიშმანიოზით სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები ავადდებიან, თუმცა, მათივე თქმით, დაავადება, ძირითადად, 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში იჩენს თავს.
ლეიშმანიოზი ზაფხულის, და არა მარტო ამ სეზონის, ერთ-ერთ გავრცელებული დაავადებაა. დაავადების ინკუბაციის პერიოდი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება და მისი გამოვლენა შეიძლება რამდენიმე თვის ან ერთი წლის შემდეგაც მოხდეს. მაგალითად, ადამიანი, თუკი ლეიშმანიოზით ზაფხულში დაინფიცირდა, მას გარეგანი ნიშნები მხოლოდ შემოდგომაზე გამოუვლინდება. ამიტომაც, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ზაფხულში ბავშვები შებინდებისას გარეთ გაყვანას მოვარიდოთ, რადგან მწერები, რომელთაც გადააქვთ ლეიშმანიოზი, ინტენსიურები შებინდების პერიოდში არიან.
უკანასკნელ ათწლეულში ვისცერული ლეიშმანიოზის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. 1990 წელს ლეიშმანიოზის მხოლოდ 12 შემთხვევა აღინიშნა, 2003-ში უკვე - 125, ხოლო 2009 წელს 169 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 138 მოზარდი იყო.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ადამიანი დაავადდა ლეიშმანიოზით 2010 წელს, უცნობია. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მხოლოდ 9 თვის მონაცემებია განთავსებული. ამ 9 თვის განმავლობაში კი ლეიშმანიოზის სულ 111 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 85 მოზარდი იყო. მიმდინარე წელს კი ლეიშმანიოზის სულ 46 შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში ლეიშმანიოზი, ძირითადად, ფიქსირდება მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, მცხეთის, თეთრწყაროს, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, დმანისის რაიონებში, ბოლო პერიოდში - რუსთავსა და თბილისშიც. ცენტრში ლეიშმანიოზის შემთხვევების მკვეთრ მატებას დაავადების ძირითადი რეზერვუარის - მაწანწალა ცხოველების რაოდენობის ზრდას უკავშირებენ.
დედაქალაქში ლეიშმანიოზის კერად მთაწმინდა, კრწანისი და ნაძალადევი ითვლება. დაავადებულთა უმრავლესობა 4 წლამდე ასაკის ბავშვია. დაავადების მწვავე ფორმას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, მძიმე ინტოქსიკაცია, ცვლილებები სისხლში. ავადმყოფობის ხანგრძლივობა 3-6 თვემდეა.
აღსანიშნავია, რომ ლეიშმანიოზის მატების ტენდენცია მთელ სამხრეთ ევროპაშიც აღინიშნება. ამას სპეციალისტები გლობალურ დათბობას უკავშირებენ. ბოლო პერიოდში განვითარებული სტიქიური პროცესების ფონზე, სპეციალისტები საქართველოში გადაშენებული ან ახალი დაავადებების აღმოცენების საშიშროებაზე საუბრობენ.
“ლეიშმანიოზი მწერების გამოღვიძების შემდეგ აქტიურდება, რაც ორ კვირაშია მოსალოდნელი. დაავადება მაწანწალა ძაღლებით ვრცელდება. მწერებს მათზე კბენის შემდეგ ლეიშმანიოზი ადამიანზე გადააქვთ. აღნიშნული დაავადების თავიდან ასაცილებლად მზის ჩასვლამდე ნახევარი საათით ადრე ბავშვები გრძელი ტანსაცმლით უნდა ვატაროთ”, - აღნიშნავენ ექსპერტები.