მომხმარებელი ლუდისა და სიგარეტისთვის თანხას ვეღარ იმეტებს

მომხმარებელი ლუდისა და სიგარეტისთვის თანხას ვეღარ იმეტებს

სხვადასხვა პროდუქტის გაძვირების გამო, ოჯახის ხარჯი საგრძნობლად გაიზარდა. ამიტომაც ადამიანებს აღარ რჩებათ შედარებით ნაკლებად მოხმარებად საგნებსა და პროდუქტებზე დასახარჯი თანხა. სწორედ ასეთ ნუსხაშია თამბაქო და ალკოჰოლური სასმელი, რომელიც წელს მკვეთრად გაძვირდა. შესაბამისად, მომხმარებლებმა ამ მიმართულებით ხარჯი საკმაოდ შეზღუდეს და ორივე პროდუქტის ყიდვას მოუკლეს.

თამბაქო ბოლო პერიოდში კიდევ 20 თეთრით გაძვირდა. როგორც სავაჭრო ობიექტებში აცხადებენ, სიგარეტზე ფასი შემომტანმა კომპანიებმა გაზარდეს. შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ყველა სახის ფილტრიან სიგარეტზე აქციზის განაკვეთმა 0,15 ლარით, ხოლო უფილტრო თამბაქოზე 0.05 ლარით მოიმატა, 2015 წლის 1-ლი იანვარიდან შევიდა ძალაში. 1-ლი ივლისიდან კი საქართველოში ადვალური ტიპის გადასახადი შემოვიდა, რაც დამატებით თითო კოლოფი სიგარეტის ღირებულების 5%-ით დაბეგვრას გულისხმობს. საბოლოო ჯამში, 2-ლარიანი სიგარეტი, ახალი გადასახადების გამოისობით, დამატებით კიდევ 20 თეთრით გაძვირდა.

ჩვეულებრივი მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ლუდისა და თამბაქოს მოხმარებას მოუკლეს. ეს განსაკუთრებით ლუდის შემთხვევაში იგრძნობა. სიგარეტის მწეველებმა კი იაფიანი პროდუქტის შეძენა დაიწყეს. ასე რომ, ამ მხრივ სავაჭრო ობიექტებს მნიშვნელოვანი ზარალი არ განუცდიათ. როგორც თამბაქოს ჯიხურის მოვაჭრეები ამბობენ, თამბაქოს ისინი ძველებური რაოდენობით ყიდიან.

„შეიძლება ერთი ან ორი კოლოფით ნაკლები გაყიდო, მაგრამ ეს არაა საგანგაშო რაოდენობა. მყავს მუდმივი კლიენტები, რომლებიც ფასის გაზრდის მიუხედავად, მათთვის სასურველ სიგარეტს მაინც ყიდულობენ. ზოგმა ესა თუ ის დასახელების სიგარეტი ჩაანაცვლა შედარებით იაფიანი პროდუქტით“, - ამბობს თამბაქოთი მოვაჭრე მაია გუდაძე.

სულ სხვა ვითარებაა ლუდის რეალიზაციის შემთხვევაში. აქ გაყიდვების შემცირებაზე ერთხმად საუბრობენ როგორც მომხმარებლები, ასევე სავაჭრო ობიექტებისა და კომპანიების ხელმძღვანელი პირები.

შპს „კასტელ ჯორჯიას“ წარმომადგენელი, აკაკი დონდუა ადასტურებს, რომ მთლიანობაში ლუდის ბაზარი აშკარად შემცირდა. აქციზის გაზრდას ლუდის გაძვირება მოჰყვა, ამან კი თავისთავად იმოქმედა ბიზნესზე.

„ფასიდან გამომდინარე, გაყიდვებმაც მოიკლო. მოგეხსენებათ, ლუდი საქართველოში არ არის ტრადიციული კულტურა. ამიტომ ქართველ კაცს შეუძლია ლუდის ნაცვლად, ღვინო დალიოს, მით უმეტეს, როდესაც ლუდი გაძვირებულია. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენთან არ არის ლუდის სმის ისეთი ტრადიცია, როგორიც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშია“, - აცხადებს დონდუა.

მისი თქმით, ლუდის რეალიზაციაზე ძალიან იმოქმედა აქციზის გაძვირებამ, მაგრამ არის კიდევ ერთი მიზეზიც. რეალიზაციაზე განსაკუთრებით იმოქმედა ჯარიმების შემოღებამ ქუჩაში ლუდის დალევაზე.

„ამ პერიოდიდან გაყიდვის მაჩვენებლის ვარდნა დაიწყო. არადა, ყველაზე უფრო პოპულარული იყო ნახევარლიტიანი შეფუთვა, რომელსაც კაცი შეიძენს, გარეთ გაიტანს და შეუძლია პირდაპირ ბოთლიდან დალიოს, ამ სეგმენტში სერიოზიული პრობლემები შეიქმნა“, - აღნიშნავს აკაკი დონდუა.

კომპანია „ყაზბეგის“ დამფუძნებელი გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ ლუდის რეალიზაციის შემცირება მოსალოდნელი იყო: „როდესაც გადასახადი იზრდება, პროდუქტის ფასიც იზრდება და მისი რეალიზაცია იკლებს - ეს აქსიომაა. ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა იმდენად დაბალია, რომ ბუნებრივია, რეალიზაცია უნდა შემცირებულიყო - ეს ეკონომიკის ანბანია. როგორც პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი, მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ნეიტრალური უნდა ვიყო“, - განუცხადა „ბიპიენს“ გოგი თოფაძემ.