აშშ-რუსეთის „ურთიერთობების გადატვირთვა“ არასდროს დაწყებულა

აშშ-რუსეთის „ურთიერთობების გადატვირთვა“ არასდროს დაწყებულა

შეერთებული შტატების ახალ „პოლიტიკური გადატვირთის“ სტრატეგიას, რომელსაც ორი ქვეყნის (აშშ-რუსეთის) ურთიერთობები უნდა შეეცვალა გზაზე სერიოზული დაბრკოლებები ხვდება და ხშირად აწყდება პოლიტიკური ხასიათის პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის მის რეალურ წინსვლას

მოსკოვი-ვაშინგტონის გამორჩეულად რთული ოცწლიანი ურთიერთობის შემდეგ, რომელმაც ისტორიულ მინიმუმს 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის ინტერვენციის დროს მიაღწია, პრეზიდენტმა ობამამ წარსულთან დამშვიდობება და დაკარგული დროის ანაზღაურება გადაწყვიტა. ობამა შეეცადა დაგროვილი სირთულეები დაჩქარებული და გამარტივებული ფორმულით „ურთიერთობის გადატვირთვით“ გადაელახა, რამაც პოლიტიკოსებს შორის თავიდანვე სკეპტიციზმი გამოიწვია.

ამ პოლიტიკის მიზანი ორ ბირთვულ სუპერ-სახელმწიფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაცია იყო. ურთიერთობების სავარაუდო გაუმჯობესებას ბიძგი უნდა მიეცა ძირითადად ორი ან სამი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტისთვის: აუცილებელი იყო START-ზე (სტრატეგიული  შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება) ხელახალი მოლაპარაკებების დაწყება და რუსეთის ანომალიური ეკონომიკისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანების ხელშეწყობა. მსო-ში წევრობა ის მიზანია, რომლის მიღწევასაც რუსეთი თხუთმეტ წელიწადზე მეტი დროა ცდილობს. START-ზე შეთანხმება მოხდა და ის 2011 წლის თებერვლიდან ამოქმედდა, მაგრამ მისი მიღწევა ძალიან რთული იყო, საჭირო გახდა უამრავი პოლიტიკური დაბრკოლების გადალახვა. მოლაპარაკებები რამდენჯერმე ჩაშლის პირას აღმოჩნდა.

მოვლენების განვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებისას ირკვევა, რომ „ურთიერთობების გადატვირთვის“ პროცესის რეალურად ამოქმედებისთვის ყველაზე არსებითი დაბრკოლება ქართული საკითხია. ოფიციალურად აშშ ევროკავშირთან და გაერო-სთან ერთად (რუსეთის, ვენესუელას და ნაურუს გამოკლებით) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ, რითაც მკვეთრად უპირისპირდებიან რუსეთის პოზიციას. ამ ტიპის პოლიტიკური წინააღმდეგობა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, მაგრამ ახლახანს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკებმა და თეთრმა სახლმა (მაიკლ მაკფოლმა) საჯაროდ აღიარეს, რომ საქართველოს საკითხზე არსებობს არა მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობა, არამედ ის ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური შესაბამისობის განხილვის საბაბია.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, პრეტენდენტმა ქვეყანამ უნდა მოაგვაროს ყველა სადავო ეკონომიკური და საბაჟო საკითხები ამ ორგანიზაციის ყველა წევრთან (თუკი მსგავსი უთანხმოება არსებობს), საკუთარი საზღვრები გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა გახადოს. ამერიკელი დიპლომატი იუწყება, რომ რუსეთმა მოითხოვა საქართველოს (რომელიც ამ ორგანიზაციის წევრია) ჩართვა მსო-ში გაწევრიანებაზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების პაკეტში, რითაც შეეცადა ოფიციალურ თბილისთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის თავის არიდება. მაკფოლის თანახმად, ვაშინგტონმა ასეთ მიდგომაზე უარი განაცხადა და მოსკოვს ქართველებთან მოლაპარაკება და ყველა სადავო საკითხის პირდაპირი გადაწყვეტა შესთავაზა. იმ შემთხვევაშიც კი, რომ თეორიულად აშშ-ს შეეძლოს ქართულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა, ის ცდილობს თავი აარიდოს დარწმუნების ნებისმიერ მცდელობას და რუსეთის მთავრობას თბილისის პირისპირ სტოვებს. აქ სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, რადგან რუსეთი დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც პრაქტიკაში შეუძლებელს ხდის საბაჟო საკითხებზე შეთანხმებას. რთულად ამოსაცნობია ის, თუ რა თამაშს თამაშობს ვაშინგტონი სინამდვილეში, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც ჩანს ის ახერხებს საქართველოს მთავრობის დარწმუნებას იმაში, რომ რუსეთთან არაფერი გადაწყდება და შეთანხმდება საქართველოს და მისი ნაციონალური ინტერესების ხარჯზე.

ქართული საკითხი ის საკვანძო დაბრკოლებაა, რის გამოც „პოლიტიკური გადატვირთვა“ მოსალოდნელ შედეგებს ვერ მოიტანს. რა თქმა უნდა პრობლემები მხოლოდ მსო-ში გაწევრიანებით არ ამოიწურება და ის სამხედრო თანამშრომლობასაც ეხება. აშშ-ს დასავლეთ-ევროპის ქვეყნებთან ერთად სურს რუსეთის დაახლოვება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან, მაგრამ ესეც შეუძლებელია საქართველოს გამო. შეერთებული შტატები და ნატო-ს წევრი-ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, რითაც განაგრძობს რუსეთის მთავრობის შემდგომ გაღიზიანებას. სიმართლე ის არის, რომ მანამ სანამ ორ გიგანტს შორის გეოპოლიტიკური უთანხმოებებია და ამ მხრივ დათმობისთვის არც ერთი მხარე მზად არ არის (ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე), პოლიტიკური გადატვირთვა ნაადრევი სიკვდილისთვისაა განწირული.