შოთა გულბანი: ქადაგიძის ქმედებას პროვოკაციის სუნი უდის

შოთა გულბანი: ქადაგიძის ქმედებას პროვოკაციის სუნი უდის

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ბოლო ერთ კვირაში ლარის გაუფასურება ლოგიკურია. მისი თქმით, მოსახლეობაში არსებობს მოლოდინი, რომ შემოდგომაზე ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება და ამიტომ, ისინი დოლარს ინახავენ, რაც ამერიკული ვალუტის დეფიციტს განსაზღვრავს. ქადაგიძეს თქმით, ივლისის თვეში გზავნილებიც შემცირდა, რის გამოც დოლარი უფრო დეფიციტური გახდა და მისი გაუფასურება არ უნდა გაგვიკვირდეს. ამ თემაზე სფეროს ექსპერტი, შოთა გულბანი გვესაუბრება.

- ბატონო შოთა, როგორ შეაფასებთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას?

- ქადაგიძის ქმედებას პროვოკაციის სუნი უდის. როგორ შეიძლება, კაცი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი ეროვნული ვალუტის კურსზე, შიშს და პანიკას თესავდეს ხალხში?! ეს განცხადება სწორედ ამას ემსახურებოდა და ეს ცალსახაა. ახლა, თუ ვინმეს არ სჯეროდა, რომ შემოდგომაზე ლარს რამე დაემართებოდა, ქადაგიძის განცხადების შემდეგ, შიში გაუჩნდება. ეს უპასუხისმგებლობის პიკი იყო.

- და ვარაუდი, რომ ეროვნული ვალუტა მოსახლეობაში ამ შიშის გამო დაგროვილმა დოლარმა გამოიწვია, რამდენად მართებულია?

- არ არის მართებული. ეს სერიოზულ გავლენას ვერანაირად ვერ მოახდენდა ლარის კურსზე. ლარის კურსზე სხვა ფაქტორები ახდენს გავლენას და ყველაზე კარგად სწორედ ქადაგიძემ იცის, რომელი. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში იყენებს კიდეც და ის, რომ დღეს ლარი ამ საფეხურზეა, მოსახლეობის ბრალი ნამდვილად არ არის.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- ზედამხედველობის სამსახური უნდა გამოეყოს ეროვნულ ბანკს. ეს არ იქნება სადამსჯელო სამსახური, ეს იქნება მაკონტროლირებელი ორგანო და სწორედ კონტროლი აკლია ახლა საბანკო სისტემას.