სავალდებულო დაზღვევა - უფრო გარანტირებული ინსტიტუტი

სავალდებულო დაზღვევა - უფრო გარანტირებული ინსტიტუტი

საქართველოში თანდათან აქტუალური ხდება საუბარი სავალდებულო დაზღვევის შესახებ. სპეციალისტების მტიკეციბით, თუკი ქვეყანაში ეს სისტემა რაღაც ფორმით არ ამოქმედდა, მხოლოდ სახელმწიფოს იმედად სტიქიებთან გამკლავება შეუძლებელი იქნება.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც უძრავი ქონების სავალდებულო დაზღვევის სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს. დაზღვევის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, დევი ხეჩინაშვილის აზრით,  სტიქიისგან დაზღვევის პროგრამასა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის მიზნით, მნიშვნელოვანი წამახალისებელი როლი სწორედ სახელმწიფოს ეკისრება.

„13 ივნისის სტიქიამ ცხადყო, რომ აუცილებელია უძრავი ქონების დაზღვევა, რომელიც მოსალოდნელი კატასტროფული მოვლენების შედეგად დამდგარ ზარალს აანაზღაურებს. ჩემი აზრით, ურბანული დაზღვევით უნდა დავიწყოთ. როდესაც სტიქიაზეა საუბარი, სადმე სოფელში მომხდარი სტიქიური უბედურებით გამოწვეულ ზარალს ადგილობრივი ბიუჯეტი და შემოწირულობები გასწვდება, მაგრამ დიდ ქალაქებში ეს გამორიცხულია“, - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.

განვითარებულ ქვეყნებში 60-70 წელია, რაც სავალდებულო დაზღვევის სისტემა მოქმედებს, თუმცა არაერთმა კვლევამ ცხადყო, რომ სავალდებულო სტატუსის მოხსნის შემთხვევაში, როცა საქმე ჯიბიდან ფულის ამოღებაზე მიდგება, პრიორიტეტი დაბალია. ამიტომ სტატუსს - სავალდებულო სადაზღვევო სისტემას ტოვებენ.

„საქართველო სტიქიური მოვლენებისგან დაცული არ არის, ამიტომ აუცილებელია ქონების დაზღვევა. საჭიროა სწორად, მშვიდად, თანმიმდევრობით მოხდეს ამ სისტემის აუცილებლობის გააზრება და ამოქმედება. იქამდე კი, მოქალაქეებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება. სისტემა გამართულად უნდა მუშაობდეს, რომ ადამიანს დაუცველობის გრძნობა არ გაუჩნდეს. მსგავსი სისტემა უკვე წლებია, მოქმედებს განვითარებულ ქვეყნებში, დროა ჩვენც დავიწყოთ ამაზე ფიქრი და ეს სისტემა ავამოქმდოთ“,- განუცხადა დევი ხეჩინაშვილმა „ბიპიენს“.

13 ივნისის სტიქიის შედეგად სადაზღვევო კომპანიების მიერ ასანაზღაურებელმა ზარალმა ამ ეტაპზე 4 მილიონ 239. 722 ლარი შეადგინა. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სადაზღვევო ასოციაციის ინფორმაციით, კერძო პირთა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზარალი შეადგენს 551.511 ლარს და აქედან ანაზღაურებულია 70%. იურიდულ პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზარალი კი შეადგენს 662.104 ლარს. რაც შეეხება კერძო თუ იურიდიულ პირთა ქონების ზარალს, იურიდიულ პირებზე ზარალი 2.790.940 ლარია, ხოლო კერძო პირებზე – 235.126 ლარი.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მოსახლეობას დაზღვევის სახეობების მხოლოდ ნაწილი აქვს ათვისებული. 2015 წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით, ყველაზე დიდი წილი (58,1 პროცენტი) ჯანდაცვის დაზღვევაზე მოდის; შემდეგ მოდის ტრანსპორტის საშუალებების დაზღვევა (13,7 პროცენტი), ქონების დაზღვევა (დაახლოებით, 10 პროცენტი), სიცოცხლის დაზღვევა (7 პროცენტი), სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (2,35 პროცენტი). ყველა სხვა სახეობა 2 პროცენტამდე ფარგლებშია და ბაზრის, ფაქტობრივად, მინიმალურ ადგილს იკავებს.

ამასთან, ხშირად კერძო პირები ავტომობილებსა და ქონებას მხოლოდ იპოთეკური სესხის აღების დროს აზღვევენ ხოლმე, საფინანსო ინსტიტუტების, ფაქტობრივად, სავალდებულო შემოთავაზებით.

„საქართველო არის სრულიად გამორჩეული ქვეყანა განვითარებადი მსოფლიოს რუკაზე, სადაც არ მოქმედებს არცერთი სავალდებულო დაზღვევა. ჩვენი მთავრობა ჯერჯერობით არ იყენებს რისკის მართვის ამ ინსტრუმენტს, ეს უნდა გადავლახოთ და არ უნდა გვეშინოდეს ამის. რასაკვირველია, ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველო არის სიღარიბესთან ახლოს მყოფი ქვეყანა, მაგრამ გვესმის ისიც, რომ მნიშვნელოვანმა მოვლენებმა, შეიძლება ეკონომიკა დაასუსტოს, ზრდა შეამციროს, რაც აუცილებლად ისევ ჩვენი გადასახდელი ხდება.

მაგალითად, 90-იანი წლების დასაწყისის რაჭის მიწისძვრა რომ ყოფილიყო 150 კილომეტრით აქეთ, ისეთი ზარალი დადგებოდა მთელ ქვეყანაში, რომ შეიძლება დღესაც კი ეკონომიკური ზრდა გვქონოდა იმაზე ნაკლები ვიდრე ამჟამად გვაქვს.

ყველა ნორმალურ ქვეყანაში რაღაცა ნაწილი მაინც რჩება დაუზღვეველი, მაგრამ საერთო ზარალში დაუზღვეველი ნაწილი შეიძლება იყოს 10-15% და არა 97%, როგორც საქართველოშია“, _ აცხადებს ხეჩინაშვილი.