დღეს კვირაა და მორიგი „მოგონებები“ უნდა წარმოგიდგინოთ. ჩვენი წერილის გმირები ცნობილი ხელოვანები იქნებიან, რომელთა ხუმრობები, ანეკდოტები, სახალისო ისტორიები და მოსწრებული გამონათქვამები ხალხში თაობიდან-თაობებში გადადის.
თავდაპირველად ორი თბილისელი კოლორიტი - ქართლოს კასრაძე და ნიაზ დიასამიძე გავისხენოთ.
ერთხელ ნიაზ დიასამიძემ თავისი მეგობრის, ალეკო ტატიშვილის დედას დაურეკა – „ატეესიდან“ გაწუხებთ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვატარებთ, ძაბვა მოიმატებს და ტელეფონები რომ არ გადაგეწვათ, სანამ მოვრჩებით, აპარატები წყლიან ვედროში ჩადეთო…
ნიაზი და ქართლოს კასრაძე წაკინკლავდნენ. უცებ ქართლოსმა ხელი ჰკრა და ნიაზი წაიქცა. მიხვდა, ქართლოსს ვერ მოერეოდა, ამიტომ წამოდგომას არ ჩქარობდა. ბოლოს ღიმილით უთხრა:
– ქართლოს, რა ლამაზი ყოფილხარ, შე ოხერო, ქვემოდან!..
ერთხელ ნიაზ დიასამიძემ ქართლოს კასრაძეს უთხრა, ბიჭო, სადაც შეხვედი, ყველაფერი დაიშალა (გულისხმობდა ანსამბლებს) და, მოდი, რა, კომპარტიაშიც შედიო.
ერთხელ ნიაზ დიასამიძე ბიჭებთან ერთად ქუჩაში იდგა. უცბად შორიახლოს გაჩერებული ნაცნობი ტაქსისტი დაინახა.
– თავისუფალი ხარ? – მიუახლოვდა ნიაზი მოწყენილ ტაქსისტს.
– კი, ნიაზ-ჯან, – გამოცოცხლდა მძღოლი.
– არსად გეჩქარება? – დააზუსტა ნიაზმა კიდევ ერთხელ.
– არა, არა, – ხელები გაასავსავა კმაყოფილმა ტაქსისტმა.
– გადმოაბრუნე მანქანა, ჭადრაკი ვითამაშოთ... – უთხრა ნიაზმა (მაშინდელ ტაქსის მანქანას კარზე, ეგრეთ წოდებული, „ჭადრაკის დაფა“ ჰქონდა მიხატული).
დილის 6 სრულდება. ნიაზი მაგარ „პახმელიაზეა“ და ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სახაშისკენ მიემართება. გზად ერთ ხელჯოხიან, ბებერ ინტრიგან მეზობელს გადაეყარა, რომელიც რძის ბიდონით დადიანის ქუჩაზე, სახაშიდან რამდენიმე მეტრში, ჩამოსასხმელი რძის საყიდლად მიდიოდა.
– საით მიიჩქარით, ყმაწვილო, ამ დილაადრიან? – ჰკითხა ინტრიგანმა, რომელსაც მშვენივრად მოეხსნებოდა, სად შეიძლებოდა წასულიყო სისხამ დილით ნიაზი.
– რადიო გამიფუჭდა და მეგობართან მივდივარ – ჰიმნის მოსასმენად (იმ დროს რადიოგადაცემები დილის 6 საათზე საბჭოთა კავშირის ჰიმნით იწყებოდა), – უპასუხა ნიაზმა, საათს დახედა, – უკაცრავად, მაგვიანდებაო, – და ნაბიჯს აუჩქარა.
ზამთრის ერთ დღეს ქართლოსი და ნიაზი ბელინსკის ქუჩას მიუყვებოდნენ. მოყინული იყო და ქარლოსს ფეხი დაუცურდა.
– ჯერ კიდევ ჰაერში ვიყავი, – ყვებოდა მერე კასრაძე, – და სანამ დავეცემოდი, ნიაზმა მოასწრო, ჩაიკუზა და ამომძახა: „დაჯე, ვილაპარაკოთო!“
ჩვენი მომდევნო სტუმარი პოეტი ირაკლი აბაშიძე იქნება.
ერთხელ ირაკლი აბაშიძე „ცეკაში“ ნაცნობს ეძებდა, დერეფანში მიდიოდა და ერთი კაბინეტის კარზე წარწერას მიაქცია ყურადღება. აბრაზე ეწერა: „ადამიანი“ – ერთ-ერთი ინსტრუქტორის, სომეხი ეროვნების პიროვნების ოთახი იყო – ალექსანდრე ადამიანის. ირაკლი აბაშიძემ გაოცებული სახე მიიღო და თქვა: ხედავთ, თურმე, „ცეკაშიც“ ნამუშევარან ადამიანებიო!
თბილისის „დინამოს“ კრიზისული პერიოდი ჰქონდა. ირაკლი აბაშიძეს მაშინ უხუმრია: აღარ შეუძლია ამ „დინამოს“ და, რამდენიც უნდა იძახონ ტრიბუნებმა – „დინამო“, „დინამო“! მაინც არაფერი გამოვა. ჩემმა ცოლმა რომ იმეოროს – „ირაკლი, ირაკლი,“ – შემიძლია ახლა რამეო?!
გავიდა ხანი და მაღალჩინოსანმა, თან, ერთობ მოხდენილმა ქალბატონმა, ამ ხუმრობით აღფრთოვანება გამოთქვა. ბატონმა ირაკლიმ კომპლიმენტი მოისმინა და სერიოზული სახით მიუგო: მაგი, ჩემო ძვირფასო, ჩემს ცოლზე ვთქვი, თორემ, შენ კი დაგირტყამდი ერთ პენალტსო.
პოეტ ირაკლი აბაშიძეს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, საავადმყოფოში წასვლის წინაც კი არ დაუკარგავს იუმორის გრძნობა – ხალისით შეუკრავს ფეხსაცმელები და შვილებისთვის უთქვამს: ეს სიკვდილიც რომ მოთავებული იყოს, ღმერთივით ვიქნებოდიო.
მოგონებების ესტაფეტას ბატონ ეროსი მანჯგალაძესთან გადავალთ.
ეროსი მანჯგალაძის იუმორს, იმპროვიზაციის უნარსა და ფანტაზიას ყველა იცნობდა, მით უფრო მიხეილ თუმანიშვილი. ამიტომაც, არასოდეს საყვედურობდა, თუკი ეროსის, მისდა უნებურად, პერსონაჟის ტექსტის გარდა, სხვა სიტყვებიც წამოსცდებოდა.
„ერთხელ, – იგონებდა ბატონი მიხეილი, – „ესმერალდას“ წარმოდგენის დროს შუქი გამოირთო. გაისუსნენ სცენაზე მსახიობები, დარბაზში – მაყურებელი. ამ სიჩუმეში ვანიჩკა საყვარელიძე ეუბნება: განვაგრძოთ, განვაგრძოთო. ეროსის ხმა მოგეხსენებათ... მანაც ჩუმად უპასუხა, მაგრამ მთელმა დარბაზმა გაიგონა: „რადიო ხარ, შე შობელძაღლო?!“ – მაყურებელმა ხარხარი ატეხა“.
თამაზ ქვარიანმა თავის ქორწილში მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრის მსახიობები დაპატიჟა. პირველ დღეს ახალგაზრდობამ მოიყარა თავი. სუფრას ეროსი მანჯგალაძე თამადობდა. მეორე დღეს „ძველგაზრდობის“ თამადა აკაკი ხორავა იყო. ქორწილის დამთავრებისას, ეროსიმ სადღეგრძელოს თქმის უფლება სთხოვა.
– ორი „ტაიმისგან“ შემდგარმა შეხვედრამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული თამადა. როგორც წესია, ამისთვის აუცილებლად „დამატებითი“ ქორწილი უნდა დაინიშნოს. შესვლა თავისუფალია და გთხოვთ, მობრძანდეთო.
თამაზმა ეროსის სიყვარულითა და მისი განცხადების წყალობით, მესამე დღეს „დამატებითი ქორწილი“ დანიშნა.
დღევანდელი მოგონებების ბოლო სტუმარი კი ცნობილი მეცნიერი, ბატონი ნიკო მუსხელიშვილი იქნება.
ნიკო მუსხელიშვილისთვის უსაყვედურიათ:
– ძალიან ბევრ სიგარეტს ეწევით, ბატონო ნიკო!
მეცნიერს პასუხის გაცემისას გაულექსია:
„თუმცა მართლაც ბლომად ვიღებ ნიკოტინს,
ნიკოტინი ვერას აკლებს ნიკოს ტვინს.”