დაბინძურებული ზღვა და დანაგვიანებული სანაპირო

დაბინძურებული ზღვა და დანაგვიანებული სანაპირო

ურეკში, შეკვეთილში, გრიგოლეთში ზღვას დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენები გამოაქვს. დამსვენებლები ჩივიან, რომ იგივე მდგომარეობაა ციხისძირის სანაპიროზეც. ამავე დროს დანაგვიანებულია პლაჟები. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ სიტუაციაში გარკვევას უკვე პარლამენტის წევრებიც ითხოვენ.

შეკეთილში, კაპროვანის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე, ნონა საბაძე ყვება, რომ ბოლო დღეებია ზღვა თურქული წარწერებისა და ეტიკეტების მქონე პამპერსებს, ნემსებს, ბოთლებსა და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს რიყავს. მისივე ინფორმაციით, შექმნილი დისკომფორტის გამო, დამსვენებლები ზღვაში შესვლას ვერ ახერხებენ და შეკვეთილს ტოვებენ. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ზღვას თურქული გემიდან შეგნებულად ანაგვიანებენ, რათა ტურისტებმა შეკვეთილის ნაცვლად, თურქეთში დაისვენონ.

“ნაშუადღევს ზღვიდან “ნაგვის ტალღა” მოდის. ზღვას გამოაქვს პამპერსები, ნემსები, ძველი ბოთლები. ოზურგეთის დასუფთავების სამსახურს ყოველდღე ზღვიდან გამოტანილი ნაგვით სავსე დიდი მანქანა გააქვთ. ზღვაში ჭუჭყი, ნაგავი, ქაღალდი ტრიალებდა. ყველაფერს თურქული წარწერები და ეტიკეტები აქვს, რაც საქართველოში არ იყიდება. როგორც ჩანს, თურქეთის ნაგავია”, - აღნიშნა ნონა საბაძემ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკურორტო ზონების დაბინძურებას არც ქართველი დამსვენებელი აკლებს. ქვეყნის ყველა რეგიონში ტურისტულ ადგილებში ნაგვის, სანაგვე ყუთებისა და საპირფარეშოების დასუფთავების პრობლემაა.

ტურისტულ სეზონზე დანაგვიანებული პლაჟების გამო დეპუტატები პასუხისმგებლობას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აკისრებენ. ამასთან, როგორც უმრავლესობის დეპუტატებმა აღნიშნეს, ტურისტული სეზონისთვის მომზადების საკითხში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ცენტრალური ხელისუფლებაც უნდა იყოს ჩართული.

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აღიარებს, რომ გარემოს დაბინძურების პრობლემა არა მარტო შავი ზღვის სანაპიროზე, არამედ მთელ საქართველოშია, მათ შორის, ისეთ ტურისტულ ქალაქშიც, როგორიც მესტიაა. ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგოდ რეგულაციები შემოღებულია და ჯარიმებია დაწესებული, თუმცა, კანონის სათანადოდ აღსრულება არ ხდება, შესაბამისად, პრობლემაც გადაუჭრელი რჩება.

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი კი დანაგვიანებული სანაპიროს გამო უპირველეს ყოვლისა თავად დამსვენებლების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, არსებობს კანონი, რომლის დაცვის ვალდებულებაც ყველა მოქალაქეს აქვს და რომლის მიხედვითაც გარემოს დაბინძურების გამო ჯარიმებია დაწესებული.

მეორე მხრივ, ქუცნაშვილი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მოვალეობაზე ამახვილებს ყურადღებას.

რაც შეეხება სანაპიროზე ურნების არარსებობას, მისი თქმით, ურნები დამსვენებელთან ახლოს არ უნდა იყოს განთავსებული. „თუ მყარი ნარჩენების შეგროვების ადგილები, ურნები იქნება დამსვენებლის გვერდით, ეს ანტისანიტარიის კიდევ ერთი ზონა იქნება. ურნები უნდა იყოს, მაგრამ არა ახლოს. ჩვენთან არ ხდება ნაგვის დახარისხება - ერთად ყრიან პლასტმასს, შუშას, ქაღალდს და ა.შ. - დახარისხება რახან არ ხდება ერთად ამის ჩაყრა არის საშიში“, - აცხადებს ქუცნაშვილი “კომერსანტთან” საუბრისას.