ლარი ისევ თავდაღმართში დაეშვა

ლარი ისევ თავდაღმართში დაეშვა

კვირის დასაწყისიდან მოყოლებული ლარის მკვეთრად უფასურდება.  არადა, ზაფხულში ყველა ეროვნული ვალუტის გამყარებას ელოდა. არც ხელისუფლება და არც ეროვნული ბანკი ლარის მოულოდნელ ვარდნაზე კომენტარს არ აკეთებს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი კი ტურისტული სეზონის მიმდინარეობის ფონზე ლარის გამყარებას აგვისტოს მეორე ნახევრიდან ვარაუდობს. “ამას არ აქვს მყისიერი ეფექტი.  რასაკვირველია, ტურისტული სეზონი ქვეყნის ეკონომიკაზე და ვალუტაზე დადებითად აისახება, მაგრამ ასე მცირე დროში არ მოხდება. ტურისტი რომ შემოვა და ქვეყანაში უცხოურ ვალუტას ტოვებს, არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს ეროვნული ვალუტა გამყარდეს”, - განაცხადა ბაირახტარმა.

იგი აღნიშნავს, რომ ობიექტურ ფაქტორებს ემატება ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური გუნდის შეუთანხმებელი ქმედება. “როდესაც ეროვნულ ბანკს შეეძლო მოეხდინა გარკვეული ინტერვენციები (ანუ ბაზარზე სანამ შეინიშნებოდა მცირედი რყევა), ის ამას არ აკეთებდა. როდესაც სავალუტო ბაზარზე მოხდა შოკი მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ეროვნულმა ბანკმა საჭირო ინტერვენციების განხორციელება, რაც უკვე რეალურად შედეგს აღარ იძლეოდა”, - დასძენს ბაირახტარი.

ლარის გაუფასურებას მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური ფაქტორებით ხსნის ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე და მიიჩნევს, რომ ამის დამტკიცება “ბლუმბერგზე” ერთი თვის ვაჭრობის ინფორმაციის გასაჯაროებითაც იქნება შესაძლებელი.

“ამ ეტაპზე ლარის გაუფასურების არავითარი ობიექტური ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. არ ვეთანხმები იმას, რომ კურსის ასეთი ცვლილება ფუნდამენტურმა ფაქტორებმა განაპირობა. თუ ჩვენ ვტყუით, გამოაქვეყოს ეროვნულმა ბანკმა “ბლუმბერგზე” წინა თვის ვაჭრობის ინფორმაცია, კონკრეტულ ბანკებს ნუ დაასახელებს და ვნახავთ რამდენად რეალური იყო ეროვნული ბანკის ქმედება.  შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ერთ-ერთ მსხვილ კომერციულ ბანკს პირდაპირი ალიანსი აქვს ეროვნულ ბანკთან”, - ამბობს ვაჟა კაპანაძემ.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია კი სავალუტო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს გაცილებით ოპტიმისტურად უყურებს და ვარაუდობს, რომ ლარი გამყარებას რამდენიმე დღეში დაიწყებს და კურსი დოლართან მიმართებაში 2.25 ლარამდე ჩამოვა.

“რამდენიმე დღეში აუცილებლად გამყარდება - 2,25-მდე ჩამოვა.  სექტემბერში როგორ იქნება ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, კიდევ დაეცემა იმ შემთხვევაში თუ პრივატიზაციის თანხა არ შემოვა. თუკი უცხოური ვალუტის შემოდინება იქნება, მაგალითად, გაიყიდება გარდაბნის ელექტროსადგური, მაშინ, შესაძლოა, კურსი გამყარდეს.  ამაზე გავლენას ახდენს ისიც, რომ საბერძნეთიდან ფულის გამოგზავნის შეზღუდვის მოხსნა ჯერ არ მომხდარა”, - აღნიშნავს ჯგერენაია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში კი განმარტავენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ფონდის მიერ მოცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომელიც სტაბილური კურსის უზრუნველყოფას შეუწყობდა ხელს, ჯერ კიდევ არ სრულდება.  იმ დადებითი შეფასებების უკან, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ, დგას არაერთი შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომელიც ეკონომიკურ პროცესებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

“ეროვნული წარმოების დამუხრუჭება, მწარმოებელთა და მომხმარებლთა შემოსავლების გაუფასურება, საკრედიტო წნეხის გაუსაძლისი დამძიმება, ეკონომიკის ზრდის შეფერხება, დეფიციტების ზრდა - ეს იმ შედეგების არასრული ნუსხაა, რომელიც სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობას მოჰყვა და მომავალშიც მოჰყვება, თუკი არსებული რეალობა არ შეიცვლება”, - განმარტავენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, ქადაგიძის უწყებამ არ აამოქმედა მსესხებლებისათვის სესხისა და კაპიტალის გრძელვადიანი ღირებულების ადეკვატურობის პრინციპი და გადახდებისა და შემოსავლის პარიტეტის პრინციპი. შესაბამისად, საბანკო სექტორში იქნება უმძიმესი ვითარება. კერძოდ, კომერციული ბანკები, სებ-ის მოთხოვნების შესაბამისად, ხელმძღვანელობენ რა რისკების გათვლის არსებული მექანიზმით, სათანადოდ ვერ აფინანსებენ ეროვნულ წარმოებას.

“მისმა პოლიტიკამ სავალუტო რისკები მთლიანად გადაიტანა მსესხებლებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ არიან კარგად გაცნობიერებულნი ფინანსურ საკითხებში. ეროვნულმა ბანკმა ასეთი მოქალაქეები, პრაქტიკულად, გაწირა, დააყენა მძიმე სავალუტო რისკის წინაშე, რამაც თავი გასული წლის ნოემბრიდან იჩინა და დღემდე მოქალაქეები 30%-ით გაძვირებულ სესხებს იხდიან”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

სავალუტო ფონდის შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე ადაპტირებული პრაქტიკა, პოზიტიური შედეგის მომტანი არის მხოლოდ სტაბილური გაცვლითი კურსის პირობებში, რაც ლარის დღევანდელ მდგომარებას არ შეესაბამება. შესაბამისად, ლარის ჭარბი მიწოდების მიმდინარე პოლიტიკა დღეისათვის აუცილებლად უნდა გადაიხედოს, რადგან ეს ლარის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

აფბა-ს პრეზიდენტის ნოდარ ჭიჭინაძის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადება, არასწორი და გადაჭარბებული იყო.

"ამ ფონზე სრულიად გაუგებარი და არაადეკვატურია პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება და ამის საფუძვლად SAFEGUARD-ის და FSAP-ის დოკუმენტების გამოყენება, ვინაიდან პირველ მათგანი საერთოდ არ ეხება საბანკო ზედამხედველობას და არეგულირებს ეროვნილი ბანკის შიდა აქტივობების ანგარიშგების პრინციპებს, ხოლო FSSAP-ი საბანკო ზედამხედველობის ნაწილში მთლიანად ეფუძნება ევროპის სისტემური რისკების საბჭოს (ESRB) მოთხოვნებს, რომლებიც არ გულისხმობს მაკროპრუდენტული პოლიტიკის აუცილებლად ეროვნული ბანკის ხელში არსებობას. მთავარი პრინციპი ამ შემთხვევაში არის საზედამხედველო ორგანოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება, რაც კანონპროექტით სწორედ რომ გათვალისწინებულია. ამდენად ვეტოს ავტორების არგუმენტების საწინააღმდეგოდ ვალდებული ვართ განვაცხადოთ, რომ ამ პრინციპების დაუცველობა ევროკავშირის საბანკო ზედამხედველობის ჩარჩოს შესახებ მოთხოვნებს პირიქით დაგვაშორებს",”, - განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.