ფინანსთა სამინისტროდან მერიაში - ხათუნა ივანიშვილი მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროდან მერიაში - ხათუნა ივანიშვილი მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად დაინიშნა

დედაქალაქის მერიაში საკადრო ცვლილებებია - თბილისის მერიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად, ხათუნა ივანიშვილი დაინიშნა. for.ge-ს ეს ინფორმაცია დაუდასტურა თავად ივანიშვილმა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა. ივანიშვილთან ერთად მერიაში გადაიცვლა ნონა ყანდიაშვილმა, რომელიც კურატორობას პრეს-სამსახურს გაუწევს. ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის პირველი ფინანსისტის, ნოდარ ხადურის პიარს, ჯერ-ჯერობით უცნობია.

როგორც ცნობილია, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობიდან მაგდა პოპიაშვილი გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში პოპიაშვილს თბილისის მერთან ურთიერთობა დაეძაბა. ნარმანიასთან ერთად, პოპიაშვილს ურთიერთობა დაეძაბა რაიონის გამგებლებთან. დავით ნარმანიამ მას სამსახურეობრივ გადაცდომებზე შენიშვნები რამოდენიმეჯერ მისცა.

პოპიაშვილთან ერთად თანამდებობის დატოვება მოუწია ლელა გაბეჩავას, რომელიც პოპიაშვილის კადრი იყო და მერიაში პრეს-სამსახურს კურირებდა.for.ge-ს ინფორმაციით, პრეს-სამსახურის დატოვება მოუწევთ მათაც, ვინც აღნიშნულ თანამდებობებზე პოპიაშვილის რეკომენდაციით დაინიშნენ.

საკადრო ცვლილება ამით არ დასრულდება. For.ge-ს სამთავრობო კულუარებში დაუდასტურეს, რომ ხელისუფლება პიარის კუთხით სერიოზულ გადახალისებას იწყებს და ეს პროცესი სექტემბრისთვის დასრულებული იქნება.