რუსეთში ქართულ ღვინოს ისევ უკირკიტებენ

რუსეთში ქართულ ღვინოს ისევ უკირკიტებენ

წლევანდელი წელი მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, მაგრამ პერსპექტივა, შესაძლოა, უარესი იყოს. რუსეთის მთავარ სანიტარულ უწყებაში აცხადებენ, რომ ქართველი მეღვინეები სისტემატურად არღვევენ ტექნოლოგიებს, ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები კი, არასაკმარისად აკონტროლებენ გამოშვებულ პროდუქციას.

იანვარ-ივლისში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ითაა შემცირებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არასტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის მკვეთრმა კლებამ, გავლენა იქონია ექსპორტის 7 თვის მონაცემებზე კერძოდ, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთსა ღვინის ექსპორტი 59%-ითაა შემცირებული, ხოლო უკრაინაში - 62%-ით.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ წინა თვეებთან შედარებით, ექსპორტის კლების მაჩვენებელი შემცირებულია: იანვარში კლების მაჩვენებელი იყო - 87%, 6 თვის მონაცემებით - 49%, ივლისის მდგომარეობით კი 46%-მდე დაიწია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 16 810 187 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხაში 47 589 654 აშშ დოლარს შეადგენს. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა განვლილ 7 თვეში - 70,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 8 477 635 ბოთლი, ყაზახეთი -2 533 596, უკრაინა - 1 510 404, ჩინეთი - 984 221 და პოლონეთი - 921 828.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ იანვარში ღვინის ექსპორტი სულ 16 ქვეყანაში განხორციელდა, პირველი კვარტლის მონაცემებით - 25 ქვეყანაში, 6 თვის მდგომარეობით - 33 ქვეყანაში, ხოლო ივლისის მონაცემებით კი საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია 35-მდე გაიზარდა.

2015 წლის 7 თვის ექსპორტის მაჩვენებელი (16 810 187 ბოთლი) აღემატება გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, 2014 წლის გამონაკლისით. მაგალითად, 2012 წელის იანვარ-ივლისში ექსპორტირებული იყო 11 241 028 და 2013 წ. ანალოგიურ პერიოდში - 16 124 643 ბოთლი ღვინო. კლება არის 2014 წელთან შედარებით (31 376 279 ბოთლი), რაც განპირობებულია მრავალწლიანი ემბარგოს გაუქმების შემდეგ, 2014 წელს რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტის პიკური მაჩვენებლით, რამაც გავლენა იქონია ექსპორტის ჯამურ სტატისტიკაზე.

ერთი სიტყვით, ღივნის ექსპორტის თვალსაზრისით წლევანდელი წელი მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, მაგრამ პერსპექტივა, შესაძლოა, უარესი იყოს. საქმე ისაა, რომ რუსეთთან გარკვეული ტიპის სანქციებთან მიერთებით (თუ გაგრძელებით) საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია. კრემლი იმუქრება, რომ საპასუხო ნაბიჯი არ დააყოვნებს.

შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით პირველი სიგნალი ჩრდილოეთიდან უკვე წამოვიდა. “როსპოტრებნადზორში” აცხადებენ, რომ ქართველი მეღვინეები სისტემატურად არღვევენ ტექნოლოგიებს, ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები კი, არასაკმარისად აკონტროლებენ გამოშვებულ პროდუქციას.

“ხარისხის ანალიზი და მოწოდებული პროდუქციის უსაფრთხოება ადასტურებს წარმოების ტექნოლოგიის დარღვევებსა და არასაკმარის კონტროლს გამოშვებულ პროდუქციაზე როგორც მწარმოებლის, ისე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელი ორგანოების მიერ”, - განაცხადეს რუსეთის სანიტარული უწყების პრესსამსახურში.

უწყების ცნობით, 2015 წელს რუსეთში საქართველოს 45 მწარმოებლის მიერ მთლიანობაში 6,7 მილიონი ლიტრი პროდუქცია შევიდა, საიდანაც პროდუქციის 10 პარტია გამოვლინდა (კონიაკი “ძველი კახეთი”, “კოლხიდა”, “საფერავი”), რომლებიც ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. მათივე ინფორმაციით, პროდუქციის ყველა პარტია, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.

“როსპოტრებნადზორის” პოზიცია, რომ “ქართველი მეღვინეები სისტემატურად არღვევენ ტექნოლოგიებს”, შემთხვევითი არ უნდა იყოს. ზუსტად ასე იწყებოდა 2006 წლის სავაჭრო ომი, რომელსაც რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის სრული აკრძალვა მოჰყვა.