ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ბოლო მეოთხე თვეა, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდა აშკარაა. ტურისტული კომპანიებში კი მიაჩნიათ, რომ წლევანდელი წელი შარშანდელისგან არაფრით განსხვავდება. ორივე მხარეს ყველაზე მეტად ზაფხულის ბოლო თვის ეიმედება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ივლისის მონაცემები. ჩოგოვაძის ინფორმაციით, 2015 წლის ივლისში საქართველოს 737 696 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.5%-ით მეტია. იმ უცხოელი მოგზაურების ან ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, წინა წილის ივლისთან შედარებით 2.2%-ით არის გაზრდილი.
“2014 წლის მეორე ნახევარსა და მიმდინარე წლის დასაწყისში რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა მოვლენებმა ზეგავლენა იქონია მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის, ტურისტების რაოდენობაზე. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახორციელა ძალიან აქტიური საერთაშორისო აქტივობები, იმისთვის, რომ ეს ნეგატიური სტატისტიკა შეგვეცვალა. ჩვენ განვახორციელეთ მარკენტინგული კამპანია 9 ქვეყანაში, ასევე მარკეტინგული კამპანიები “სიენენსა” და “ევრონიუსზე”.
ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპრილიდან მოყოლებული უკვე მეოთხე თვეა ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ”, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, აპრილში ზრდა 0,4%-ს შეადგენდა, მაისში - 14,7%-ს, ივნისში - 9,3%-ს, ხოლო ივლისში - 9,5%-ს. რაც შეეხება შვიდი თვის მონაცემებს, ჩოგოვაძის თქმით, საერთაშორისო მოგზაურების ჯამური რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,9%-ით გაიზარდა.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო ბარათების გადახდის მხრივაც, რაც პოზიტიურად აისახება საერთაშორისო შემოსავლების კუთხით. უცხოური საგადახდო ბარათებით გადახდების მოცულობა აპრილში - 47%-ით, მაისში - 43%-ით, ივნისში კი 24%-ით გაიზარდა.
2015 წლის ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა. 7 თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა ლიტვა, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლატვია და ნიდერლანდები, სხვა ქვეყნებიდან ზრდის თვალსაზრისით აღსანიშნავია ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი.
ტურისტული კომპანიები კი მთავრობის წევრთა აღტკინებას მაინცდამაინც არ იზიარებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წელს არ გაზრდილა და დაახლოებით ისეთივე აქტივობა შეიმჩნევა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდში.
კომპანია “ქოლორ ტურ ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ უკრაინიდან ტურისტების რიცხვი შემცირებულია, თუმცა უკრაინელი ვიზიტორები არაბული ქვეყნებიდან ჩამოსულმა სტუმრებმა ჩაანაცვლეს. კომპანიის მენეჯერი თამარ ეგიტაშვილი ამბობს, რომ წინა წლის მაჩვენებლთან შედარებით, რაოდენობრივად დიდი განსხვავება არ არის.
კომპანია “ეგზო ტურში” კი არაბული ქვეყნებიდან ტურისტების მატებაზე საუბრობენ. კომპანიის წარმომადგენელი გურანდა შარაძე “კომერსანტთან” ამბობს, რომ არაბული ქვეყნებისთვის ვიზის აღების გამარტივების შემდეგ ვიზიტორების რიცხვი ამ ქვეყნებიდან გაიზარდა.
მათი ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი კლასიკური კულტურული ტურია, რომელიც ერთკვირიან მარშრუტს გულისხმობს. ტურში შედის როგორც თბილისის, ყაზბეგისა და კახეთის, ასევე დასავლეთი საქართველოს მიმართულებები.
ტურისტების რაოდენობის თითქმის უცვლელად შენარჩუნებაზე მითითებენ კომპანია “ჯორჯიან ჰოლიდეიშიც”.