ამერიკაში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის "რესპუბლიკელებიდან" მილიარდერი დონალდ ტრამპი, "დემოკრატებიდან" კი ჰილარი კლინტონი ლიდერობენ. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
სააგენტო "როიტერის" ონლაინ-გამოკითხვის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ტრამპისთვის ხმის მისაცემად მზად არის ამომრჩეველთა 25%, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე მისი კონკურენტის, ჯებ ბუშის მონაცემები. ბუშისთვის ხმის მიცემას გამოკითხულთა მხოლოდ 12% აპირებს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი ივნისის დასაწყისში ჩაერთო საარჩევნო მარათონში, თუმცა მაშინ ტრამპისთვის ხმის მიცემას მხოლოდ 2% გეგმავდა. ამერიკელი მეწარმე და მილიარდერი დონალდ ტრამპი რომ სერიოზულად იყო დაინტერესებული პოლიტიკით, ამას ჯერ კიდევ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოწმობდა, სადაც ტრამპი მონაწილეობას გეგმავდა, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ ბიზნესიდან წასვლისთვის მზად არ იყო.
ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კი დონალდ ტრამპის გარეშე არ ჩაივლის. ცოტა ხნის წინ იგი აცხადებდა, „ყველას ჰგონია, რომ ამას გართობის ან საკუთარი ბრენდის პოპულარიზაციისთვის ვაკეთებ, მაგრამ ეს გართობა არ არის. ამას სიამოვნებისათვის არ ვაკეთებ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს“. პარალელურად, ტრამპმა გამოცდილი ექსპერტები და პოლიტოლოგები დაიქირავა, არც ბარაკ ობამას ხშირი კრიტიკა დაივიწყა. ყველას ახსოვს, დონალდ ტრამპმა საკუთარი კამპანია ობამას მოქალაქეობის თემაზე რომ ააგო და თეთრ სახლს ბარაკ ობამას დაბადებისა და ამერიკის მოქალაქეობის დამამტკიცებელი საბუთის წარდგენა მოსთხოვა, რაც თეთრმა სახლმა შეასრულა.
ერთი პერიოდი, დონალდ ტრამპისა და სააკაშვილის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. სააკაშვილით „მოხიბლული“ ეს უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი 2012 წელს ბათუმსაც ეწვია და 47-სართულიანი ცათამბჯენის – „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციასაც დაესწრო. იმ პერიოდში სააკაშვილმა და ტრამპმა ერთმანეთის მიმართ საქები სიტყვები უხვად დააფრქვიეს. სააკაშვილმა მაგნატს „მსოფლიოს ყველაზე დიდი მშენებელი და ყველაზე დიდი დეველოპერი“ უწოდა, რომელმაც რეალურად ახალი ამერიკა ააშენა, ხოლო ტრამპმა სააკაშვილის მიერ შესრულებული „გასაოცარი“ სამუშაო და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები შეაქო.
როგორც ამბობენ, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი სოლიდური შანსი, ასევე, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, ფლორიდის ყოფილ გუბერნატორს, ჯებ ბუშს - ჯორჯ ბუშის ძმას ექნება.
თუმცა ყოფილ სახელმწიფო მდივანსა და ყოფილ პირველ ლედის, ჰილარი კლინტონსაც მეტად მყარი პოზიციები აქვს.
როგორი იქნება ამერიკა ობამას შემდეგ? შესაძლოა, ამ თემაზე დღეს ნაადრევია მსჯელობა, მაგრამ საინტერესოა, ვისი გამარჯვება უფრო მომგებიანი იქნება ქართველებისთვის, ე.წ. ქორების ფრთის ანუ „რესპუბლიკელების“ რადიკალური ფრთის, თუ შედარებით ზომიერი ფრთის?
მართალია, ობამა დემოკრატთა „ნომინაციით“ გავიდა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ მას ხშირად უწუნებენ იზოლაციონისტურ პოლიტიკას. ამას გარდა, ობამას მეტად საჩოთირო ფაქტსაც უხსენებენ, როცა შემთხვევით ჩართულ მიკროფონში ყველამ გაიგო მისი ნათქვამი რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მიმართ, „გადაეცით ვლადს (ვლადიმერ პუტინს), რომ ჩემი მეორედ არჩევისას უფრო მოქნილი ვიქნები თქვენს მიმართ“. სწორედ ობამას დროს წასწიეს თავიანთი პოზიციები რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე. ასე რომ, მისმა გადატვირთვის პოლიტიკამ ნაკლები შედეგი გამოიღო.
„დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ჰილარი კლინტონი, რომელიც 2008 წელს შიდა პარტიული არჩევნებისას ობამას წინააღმდეგ რთულ კამპანიაში მონაწილეობდა და დამარცხდა, მას ამჟამად წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ჰილარი კლინტონს პატივსაცემ კანდიდატად მოიხსენიებენ, რომლის შესახებაც, ისევე, როგორც ბილ კლინტონის ირგვლივაც მედიამ უკვე იმდენი რამ იცის, რომ ახალი სკანდალის გამოძებნის შანსიც კი აღარ არსებობს.
ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამერიკის საპრეზიდენტო მარათონში დონალდ ტრამპის საკითხს ცოტა სკეპტიკურად უყურებს, რადგან ფიქრობს, რომ ეს არის "რესპუბლიკელების" ერთგვარი მონახაზი, რათა წინა პლანზე გამოუშვან დონალდ ტრამპი, რომ მან მთელი ნეგატივი აკრიფოს და შემდგომში, სხვა რეალური კანდიდატი დაასახელონ. ექსპერტი თვლის, რომ დონალდ ტრამპი თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ გახდება „რესპუბლიკური პარტიის“ საბოლოო კანდიდატი, რომ საკმაოდ ოდიოზურად გამოიყურება, მისი გამარჯვება ვიზუალური არასტაბილურობის შთაბეჭდილებას შექმნის საერთაშორისო პოლიტიკაში და ამერიკელები ამას არ დაუშვებენ.
რაც შეეხება ჰილარი კლინტონს, გია ხუხაშვილს ახსენდება ამ ქალბატონის ემოციური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ეს არ იყო მაინცდამაინც კარგი დამოკიდებულება, რაც სააკაშვილის ექსცენტრულობიდან გამომდინარე, ლოგიკურიც იყო. წმინდა ემოციურ, ადამიანურ დონეზე სააკაშვილის მიმართ კლინტონის დამოკიდებულება კარგი არ ყოფილა, მაგრამ, თუკი საქართველოს პოლიტიკურ კონიუნქტურასთან მიმართებით ვაშინგტონში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ჰილარი კლინტონიც თავისუფლად გადალახავს სააკაშვილისადმი თავის პირად უარყოფით დამოკიდებულებას. ასე რომ, საბოლოოდ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან, სააკაშვილი შეიძლება ცუდი ბიჭია, მაგრამ, ამერიკელების აზრით, სააკაშვილი მაინც მათი ცუდი ბიჭია და, თუ შეერთებული შტატების სტრატეგიულმა ინტერესებმა აჩვენა, რომ სააკაშვილი მათ ისევ სჭირდებათ, მას მიუსადაგებენ ტერმინს „ის ჩვენი ძაღლიშვილია“.
„ვინც არ უნდა გახდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ყველაფერს განსაზღვრავს, თუ რა მიმართულებას აიღებს, საბოლოო ჯამში, გლობალური პოლიტიკა და დაპირისპირება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. ფრონტის ხაზზე უფრო მეტი სიმძაფრე შემოვა, თუ საქართველო გადაიქცევა ამ ორ ქვეყანას შორის ხურდა ფულად, ამას დრო გვიჩვენებს. კი ბატონო, შეიძლება, ე.წ. ქორების წარმომადგენელი - მაკკეინი უფრო ღიად უჭერდეს მხარს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეორე მხარე სააკაშვილს ამოაგდებს პოლიტიკური განვითარებიდან. შეერთებულ შტატებს საქართველოში აქვს თავისი ინტერესები და ეს ინტერესები უნდა გაატაროს, მიუხედავად იმისა, რომელი პარტია იქნება შტატების სათავეში“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგი ვახტან ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ზოგადად, საქართველოსთვის აჯობებს, ამერიკის ე.წ. ქორების ფრთა უფრო წინა პლანზე იყოს წამოწეული, ვიდრე ლიბერალური ფრთა, რადგან რუსეთთან არსებული პოლიტიკის კიდევ უფრო გამძაფრება უფრო მომგებიანი იქნება არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
„ვინ გავა ფინალში - „რესპუბლიკელი“ თუ „დემოკრატი“, ეს კიდევ საკითხავია. სტრატეგიული თვალსაზრისით, ამერიკის საგარეო პოლიტიკა დიდ და კარდინალურ ცვლილებას საგარეო ურთიერთობებში არ განიცდის; მით უმეტეს, _არ განიცდის ჩვენნაირ ქვეყნებთან მიმართებით. უფრო მოსალოდნელია ცვლილებები ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრადიციულად „რესპუბლიკელები“ უფრო კატეგორიულები არიან საგარეო პოლიტიკაში და უფრო ემხრობიან ძალის პოლიტიკას, ვიდრე „დემოკრატები“, საპრეზიდენტო მარათონში გამარჯვების შეთხვევაში, ვერც „რესპუბლიკელები“ გამოიჩენენ სიმკაცრეს რუსეთთან მიმართებით. ზუსტი პარალელი არაა, მაგრამ მახსენდება კარტერი-რეიგანის პერიოდი. მაშინ, როდესაც საბჭოთა ჯარები შევიდნენ ავღანეთში, ჯიმი კარტერმა ოლიმპიადაში მონაწილეობა არ მიიღო, ხოლო შემდეგ მოვიდა რეიგანი, რომელიც რადიკალური არ იყო, მაგრამ, კარტერისგან განსხვავებით, შეძლო ის, რომ მთელი დასავლეთის პოლიტიკური წრეები გააერთიანა. დღეს ევროპას გაცილებით უფრო უჭირს, ვიდრე მაშინ ავღანეთთან მიმართებით, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ყირიმი და უკრაინა ევროპის ნაწილია. ავღანეთი მაინც შორს იყო და საომარი მოქმედებები შორეულ ავღანეთში მიმდინარეობდა, დღეს კი საომარი მოქმედებები ევროპის შუაგულში მიმდინარეობს. ევროპა თვითონ არის მოტივირებული, რომ რაღაცნაირი კოალიცია ჩამოაყალიბოს. ამიტომ არა მგონია, „რესპუბლიკელების“ მოსვლა უფრო რადიკალური იყოს რუსეთთან მიმართებით, ვიდრე დღევანდელი „დემოკრატები“ არიან“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
დონალდ ტრამპისა და სააკაშვილის ურთიერთობის თაობაზე პოლიტოლოგი თვლის, რომ საქართველოში ტრამპის ჩამოსვლა და სააკაშვილთან ერთობლივი პროექტები არ არის მნიშვნელოვანი, რადგან თუ ამ ფაქტს ბიზნესის კუთხით შევხედავთ, ბიზნესში ჩვეულებრივი ამბავია პარტნიორების ცვლა. ამიტომ სააკაშვილის პერსონის გათეთრება, ასი ტრამპიც რომ იყოს ერთად, მათაც არ შეუძლიათ.
რაც შეეხება ბუშების დინასტიას, პოლიტოლოგს ახსენდება მამა ბუშის ნათქვამი, რომ ის საბჭოთა კავშირს ერთიანად განიხილავს, მაგრამ, როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ბუშმა აღიარა საქართველო.
„მაშინ გორბაჩოვთან ჰქონდა მას ურთიერთობა და ჩათვალა, რომ ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა და გააკეთა კიდეც, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური რეალობა შეიცვალა, იმავე წუთში მისი განცხადება, რომ ერთიან საბჭოთა კავშირს განიხილავს, ისტორიის კუთვნილებად დარჩა. ხანდახან ამ განცხადებას ჩვენ ვიყენებთ ხოლმე, როცა ანტიამერიკული განწყობები მოგვეძალება. სხვათა შორის, ტრამპს ვერ შეედრება, მაგრამ ბუშის დინასტიასაც ვეებერთელა ბიზნესი აქვს, ახლა თოხზე მომუშავე იქ არავინაა, მაგრამ რაღაც ეტაპებს გადიან. პირდაპირ ბიზნესიდან პოლიტიკაში გადახტომა არ ხდება. იმავე მამა ბუშმა მთელი სახელმწიფო სტრუქტურები გაიარა, რეიგანი კი წლების განმავლობაში გუბერნატორი იყო, შვილი ბუში ჯერ გუბერნატორი და მერე პრეზიდენტი გახდა. ასე რომ, ბიზნესის და ქვეყნის მართვა აბსოლუტურად განსხვავებულია და ამას პოლიტიკური გამოცდილება სჭირდება. არ არის მარტო რეზოლუციის დადება საკმარისი“.