„მშობლიური "ბანგლადეში“, ბოდიში არაპოლიტკორექტულობისათვის”, - წერს კომპანია "ეკოტური ჯორჯია"-ს ეკოტურიზმის განვითარების ექსპერტი გიორგი რაჯებაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე და საკუთარ ფოტოებს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, როგორ იქცა თბილისი უგვანი შენობების სამშობლოდ, რომელიც ძალიან ემსგავსება ბანგლადეშს, ინდოეთის მოსაზღვრედ მდებარე მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უღარიბეს სახელმწიფოს.
გიორგი რაჯებაშვილის ფოტოების მიხედვით, თბილისი უსახური ნაგებობების "სასაფლაოდ" არის ქცეული, სადაც უსასრულო შენობების ფონზე რთულია, შეამჩნიო რაიმე სახის მწვანე ნარგავები. ყველაფერი ეს კი ცხადყოფს, რამდენად დამღუპველია ქალაქისთვის არასწორი დაგეგმარება.
ევროპული სტანდარტით, ყოველ ათ წუთში უნდა გხვდებოდეს მწვანე ტერიტორია, რაც არა მარტო ფილტვებისთვისაა აუცილებელი, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც, რადგან მჭიდრო შენობებით ჩახერგილი ქალაქი ნევროტულ დარღვევებს იწვევს ადამიანში.
ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ სამომავლოდ თბილისის ვერის უბნისთვის პრობლემური იქნება ჭოველიძის ქუჩის ბოლოში, ფერდზე 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჭოველიძის ქუჩა ერთადერთი გამჭოლი ქუჩა იყო ვერაზე, საიდანაც მთელი ამ უბნის აერაცია ხდებოდა. ამ დროს ამ ქუჩაზე პერპენდიკულარულად დგამენ მაღალსართულიან კორპუსს, რაც ნიშნავს, რომ ამ ერთი კორპუსის გამო ორი გრადუსით აიწევს ტემპერატურა ზაფხულში, ზამთარში კი ტემპერატურა დაიწევს. უფრო მეტიც, ვაკეში, ტაბიძის ქუჩაზე და ზემოთ არცერთი გამჭოლი ჰაერგამტარი ტერიტორია აღარ არის და ეს გზები ყველგან პერპენდიკულარული კორპუსებით არის გადაკეტილი. ასეთივე ვითარებაა სხვა უბნებშიც.
როგორც წესი, ქალაქგეგმარების კანონმდებლობა კრძალავს გამჭოლი ქუჩების ჩახერგვას, საიდანაც ჰაერის ნაკადები მიედინება.
კომპანია "ეკოტური ჯორჯია"-ს ეკოტურიზმის განვითარების ექსპერტი გიორგი რაჯებაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, მთლიანობაში, ჩვენი დედაქალაქი იზრდება, ვითარდება და ამას ვერავინ შეაჩერებს, მაგრამ ყველა ქალაქში არსებობს რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს ადამიანთა თანაცხოვრებისთვის აუცილებელ სივრცეს, მწვანე საფარს. ამ წესების თანახმად, ერთი კორპუსი რომ შენდება, იქიდან მოშორებით უნდა აშენდეს მეორე კორპუსი, რათა იქ მაცხოვრებელ ადამიანებს სუნთქვა შეეძლოთ. ეს სავალდებულო წესი ჩვენს დედაქალაქში დაკარგულია, ყიდულობენ მიწის ნაკვეთს, აშენებენ ნაგებობას და აღარ რჩება არანაირი მწვანე საფარი.
„ქალაქგეგმარება არ არსებობს, კორპუსების ქაოსია. არ ვარ წინააღმდეგი, რაღაც აშენდეს, მაგრამ ლოგიკა დაკარგულია. ახლაც ზევით ვარ ასული, მთაზე, საიდანაც ვუყურებ თბილისს. არა მგონია, საღად მოაზროვნეს მოსწონდეს, რომ აქ არ არის ჯანსაღი გარემო, მტვერი, სტრესი, მანქანების საცობებია, არ არის პარკი, რომ ბავშვს შეეძლოს გასვლა. ამ დროს რა გვხვდება თვალში? ყველაზე მაღალი შენობები. საბურთალოზე იმდენი მაღლივი კორპუსია, პატარა კორპუსებიც, ასევე, ულოგიკოდაა აშენებული. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ჩემთვის ყველაზე უსახური ადგილია, არც ადრე იყო ლამაზი, მაღალი კორპუსებითაა ჩახერგილი, არანაირი სივრცე არაა დარჩენილი ისევ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ახლა ზემო ვაკეს არიან მიმდგარნი. ეს არ არის მარტო დეველოპერების ქალაქი. ეს ქალაქი ყველა აქ მაცხოვრებელს ეკუთვნის. რატომღაც ერთსა და იმავე ადგილს ირჩევენ დეველოპერები და მერე ერთმანეთს წინ უშენებენ კორპუსებს. უფრო აქტიურად რომ ვაფიქსირებდეთ აზრს, ამდენ კორპუსს ვერ ააშენებდნენ. ორი წელი ვსწავლობდი ჰოლანდიაში, ცოტა ხანს ვიყავი ამერიკაში, მინახავს დიდი ქალაქები. თავიდან მათაც გაჩეხეს ტყეები, მდინარეებიც დააშრეს, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ეს ცუდი იყო. უცხოეთში მდინარის გარშემო ყოველთვის ტოვებენ გარკვეულ ზოლს, განიავება ხდება მდინარის საშუალებით. ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება, რადგან თბილისი არის ქვაბულში, მაგრამ საუკეთესო ვარიანტია, როცა მდინარე არ არის ბეტონში მოქცეული და აქვს ჭალასავით, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გაისეირნონ, დაისვენონ“, - აცხადებს გიორგი რეჯებაშვილი.
ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ გამწვანების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა თბილისში, რადგან გამწვანებულ ადგილებზე ყოველთვის იაფი ჯდება მშენებლობა, ხეები არ მოითხოვენ ფულს და სამშენებლო კომპანიებიც ყველა მწვანე ადგილს ან პოტენციურად გამწვანებად ადგილებს ითვისებენ.
„ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არის მსგავსი პრეცედენტი, მაგრამ ევროპაში ასეთი რამ არ ხდება. ჩვენში მშენებლობას და ქალაქგანვითარებას მხოლოდ ინვესტორის მოგების საშუალებად აღიქვამენ. ქალაქი საინვესტიციო ტერიტორია ჰგონიათ და არა - ქალაქი, რაც ახალი ხელისუფლების პირობებში უფრო დაჩქარებული ტემპითაც გრძელდება. გენგეგმის გარეშე უზარმაზარი შენობები ერთმანეთთან ძალზე ახლოს შენდება. „პანორამა თბილისიც“ სრულიად დაუგეგმავად არის გაკეთებული, ეს არის ახირება და მისმა ავტორმა თვითონვე თქვა, მე რომ არ ამეხირებინა, მაგას ვერ ავაშენებდითო. ამ დროს ჩვენი დედაქალაქის მთავარი ფასეულობაა ქალაქის ლანდშაფტი, თავისი განაშენიანებით და განაშენიანების გარეშე, თავისი ტოპოგრაფიით, ხევებით. ამ ფასეულობაში დამანგრევლად ერევა ეს პროექტი და ქალაქის შუაგულს ანგრევს. ეს ადგილი, სოლოლაკის ქედი, სადაც „პანორამის“ აშენებას აპირებენ, მდებარეობს თბილისის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს, მთაწმინდასა და ქალაქის ბირთვის შემომსაზღვრელ თაბორის მთას შორის. გარდა ამისა, რატომ უნდა დაასახლონ უამრავი ხალხი დედაქალაქში? როგორმე შექმნან პირობები იმისთვის, რომ დანარჩენ საქართველოში ხალხი დარჩეს და არ მოაწყდეს და არ დაიხრჩოს დედაქალაქში. დაცარიელდა სოფლები, გაუსაძლისი პირობებია, აქ კი შექმნეს სამათხოვრო სამუშაო ადგილები, სადაც უბედური ტაქსისტები ფულს ძლივს შოულობენ. გაიხედეთ სპორტის სასახლის უკან და ნახავთ, რა სიმახინჯეებია, ჩამოიარეთ ბარნოვის ქუჩაზე; საბურთალო, ვაკე კორპუსომანიამ მოიცვა, მხოლოდ კორპუსებს აშენებენ, თანაც დაშორების ნორმების დარღვევით“, - აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.
მანვე განმარტა, რომ ქალაქმშენებლობა თვითმმართველობის საქმეა და თვითმმართველობა რასაც უნდა, იმას იზამს, წესით, ცენტრალური ხელისუფლებაც არ ერევა თვითმმართველობის საქმეში. ეს ამძიმებს მდგომარეობას და ჩვენს დედაქალაქს ხელოვნური ჩარევისგან უცხოური ორგანიზაციები ვერ იცავენ. თბილისი რომ მთლიანად ძეგლი იყოს, მაშინ მას იუნესკო დაიცავდა, როგორც ეს ზოგიერთი უძველესი ქალაქის შემთხვევაში ხდება. თუმცა, შეიძლებოდა, იუნესკოში თბილისის გარკვეული ძეგლები შეეტანათ, მაგრამ ასეთ გამალებულ უკანონო მშენებლობას როცა უყურებენ, იუნესკოში ჩვენს ძეგლებს ვინ დაიცავს?!