ხელისუფლება პიარზე ზრუნვას იწყებს

ხელისუფლება პიარზე ზრუნვას იწყებს

for.ge-ს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობს სამსახურის ხელმძღვანელმა, ხათუნა ივანიშვილმა თანამდებობა დატოვა, ვინაიდან დედაქალაქის მერიაში ინაცვლებს. ქვეყნის მთავარი ფინანსისტის პრეს-სამსახურის უფროსი, ახლა ქალაქის მერის იმიჯზე იზრუნებს. ცოტა ხნის წინ, მერიაში მივლინებული  ნონა ყანდიაშვილი კი ივანიშვილის მოადგილედ განიხილება. for.ge შეეცადა ეს ინფორმაცია ხათუნა ივანიშვილთან გადემოწმა, თუმცა, მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობიდან მაგდა პოპიაშვილი გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დროს პოპიაშვილს თბილისის მერთან ურთიერთობა დაეძაბა. დავით ნარმანიამ მას სამსახურეობრივ გადაცდომებზე შენიშვნები რამდენიმეჯერ მისცა, მიზეზი კი, პოპიაშვილსა და თბილისის რაიონის გამგებლებს შორის არსებული დაპირისპირება გახდა. პოპიაშვილის წასვლის შემდეგ, თანამდებობის დატოვება მოუწია ლელა გაბეჩავას, რომელიც პოპიაშვილის კადრი იყო.

ამ კუთხით, საკადრო ცვლილება შეეხო ჯანსაცვის სამინისტროსაც. ყველასთვის მოულოდნელად დავით სერგეენკომ თანამდებობიდან გაანთავისუფლა საზოგადოებასთან ურთიერთობს სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ბოდოკია, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სახემ, ჟურნალისტმა ნინო შუბლაძე ჩაანაცვლა.

for.ge-ს ინფორმაციით, ვაკანტური ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. თავად ნანიკო ჩინჩილაკაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ის 5 დღიან შვებულებაში იმყოფება და ორშაბათიდან ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

მაშ ასე, როგორც ჩანს, ხელისუფლება პიარის კუთხით საკამოდ მნიშვნელოვან ცვლილებას იწყებს. ანალიტიკოსები ამ ხელისუფლებას ყველაზე დიდ შეცდომად სწორედ არასათანადო პიარს უთვლიან, რადგან ხელისუფლება მუშაობს, მაგრამ ეს სათანადოდ ვერ მიაქვთ საზოგადოებასთან და ვერ მიაქვთ იმიტომ, რომ სათანადოდ არ მუშაობს მათი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით დაწყებული ცვლილებები, ერთგვარად მიანიშნებს იმაზე, რომ  2016 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება სერიოზულ საკადრო ცვლილებებს გეგმავს.

დაიწყო თუ არა ხელისუფლებამ სტრატეგიული ცვლილება, ამაზე პასუხის გაცემა უჭირს „ჯეპრას“ კონსულტანტს კახა მაღრაძეს, რომლის განცხადებით, ამ კითხვაზე ყველაზე კარგი პასუხის გამცემი იქნება თავად მთავრობა და მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდი.

„არ ვარ საქმის კურსში, რას აკეთებს მთავრობა პიარის კუთხით. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გამართულად მუშაობს თუ არა, ამის შესაბამისი კლევა არ ჩატარებულა. საერთოდ, ამ საკითხის გაანალიზების შემთხვევაში ზოგად შეფასებებს ნაკლებად დავეყრდნობოდი. ეს საკადრო ცვლილებები შეიძლება ნიშნავდეს სტრატეგიულ ცვლილებებს, შეიძლება - არა. თუ მართლაც არის ცვლილება, წინასწარ არ ვივარაუდოთ ეს კარგია, თუ ცუდი. დრო გავიდეს და ამის მერე შევაფასოთ, ამ ცვლილებებმა რა გავლენა იქონია ზოგადად პროცესზე“, - აცხადებს კახა მაღრაძე.

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ ხელისუფლება პიარის კუთხით გამოთქმულ შენიშვნას არ იმჩნევდა, თუმცა, ხელისუფლების შიგნით ტრიალებდა აზრი, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა, ანუ პიარი მოსაგვარებელია და პიარი, რომ მოსაგვარებელია ეს ტრიალებდა როგორც პრობლემა.

„პიარი ვერაფერს ვერ გადაწყვეტს, თუ ხელისუფლებამ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ალიანსი არ შექმნეს, ანუ თუ არ ჩამოყალიბდა არა უფროს-უმცროსი, არამედ თანაგუნდელობის კლიმატი. რეიგანი ცნობილი იყო იმით, რომ მას ძალიან კარგი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჰქონდა. ეს მოგვარებული ჰქონდა არა იმით, რომ კარგად შერჩეული ფიგურა ჰყავდა, არამედ, ყოველ დილას, რეიგანი, ბეიკერი და მისი პრეს-მდივანი ერთად მიირთმევდენ ყავას. ყავის მირთმევის პროცესში ეს სამეული გეგმავდა იმ დღის გეგმებს და ეს იყო ყოველდღიური სამუშაო კომპონენტი მათი პოლიტიკური საქმიანობის კუთხით“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, პრეს-სამსახური ადმინისტრაციულ საქმიანობასთან ერთად, იმ პოლიტიკის თანაავტორი უნდა იყოს, რომელსაც ხელისუფება ატარებს.

„მას უფლება უნდა ჰქონდეს, რომ შეიტანოს კორექტივები იმ საინფორმაციო პოლიტიკაში, რომელიც შედეგს მოუტანს ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ჩვენთან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შემოიფარგლება იმით, რომ ჟურნალისტებს ეძახიან ბრიფინგის დროს, ეს არაფერს არ იძლევა. აუცილებელია, რომ შემუშავდეს საინფორმაციო პოლიტიკა და ამ პოლიტიკის შემუშავების თანავტორი უნდა იყოს საინფორმაციო პოლიტიკის ხელმძღვანელი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.